მოგეხსენებათ, 25 მაისს მინეაპოლისში ფერადკანიანი მამაკაცი ჯორჯ ფლოიდი პოლიციელის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა. სწორედ ამ მოვლენის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების ქუჩები მომიტინგეებით გაივსო. მასშტაბური საპროტესტო აქციების მონაწილეები რასიზმის, ძალადობისა და უსამართლობის წინააღმდეგ გამოდიან. 

თავდაპირველად აქციები მშვიდად, ორივე მხრიდან შეუიარაღებლად მიმდინარეობდა, თუმცა თანდათანობით სიტუაცია შეიცვალა. დაძაბულობის მატებასთან ერთად, დაიწყო მაღაზიების მასობრივი ძარცვა, განადგურება და ზოგიერთ შემთხვევაში ხანძრის გაჩენაც კი. გასული კვირის ბოლოს, სოჰოს (ნიუ-იორკი) დასახლებაში გაძარცვეს Chanel-ის, Rolex-ის, Louis Vuitton-ისა და Gucci-ს მოდის სახლები. და ეს ყველაფერი არ არის…

ცხელ თემასთან დაკავშირებით ყველა ცნობილი ადამიანი თუ ბრენდი არ საუბრობს. თუმცა მათ შორის არიან ადამიანები, რომლებმაც დუმილის დარღვევა გადაწყვიტეს.


ორშაბათს ლოს-ანჯელესში აქციის მონაწილეები ბრენდ GOLF-ის მაღაზიაში შევიდნენ და მაღაზიის გარეთა კედლებზე სპრეის საშუალებით წარწერები დატოვეს. ამასთან დაკავშირებით ბრენდის შემქმნელმა საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, წარწერით “keep your eyes wide and educate yourself” (“ფართოდ გაახილე თვალები და შეიმეცნე”) და შემდეგ კომენტარებში დაამატა, რომ მაღაზია ნორმალურ მდგომარეობაშია, თუმცა რომც არ იყოს, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან შუშების ხელახლა ჩასმა და კედლების გადაღებვა ნაკლები პრობლემაა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა არის საზრუნავი. 


მართალია, NIKE-ს (რომელიც ცნობილია სლოგანით JUST DO IT, ანუ უბრალოდ გააკეთე ეს) სიეტლის, ჩიკაგოსა და ნიუ-იორკის ბრენდის ფილიალების დარბევასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა სოციალურ გვერდზე გაავრცელა ვიდეო, წარწერით “Let’s all be oart of the change” (“გავერთიანდეთ ყველანი ცვლილებისთვის”). ვიდეო კი შემდეგი მესიჯით იწყებოდა: “For once, don’t do it. Don’t pretend there’s not a problem in America.” (“ამ ერთხელ ნუ გააკეთებ ამას. ნუ დააჯერებ თავს, რომ ამერიკაში პრობლემა არ არის”).

NIKE-ის ამ პოსტს, adidas-იც კი გამოეხმაურა. ბრენდმა მისი N1 კონკურენტის, NIKE-ის რეკლამა გააზიარა და დაურთო წარწერა: “Together is how we move forward. Together is how me make change.” (“ერთად მივიწევთ წინ. ერთად ვახდენთ ცვლილებებს”) სწორედ ამ სპორტულმა ბრენდებმა, რომლებიც ბაზარზე მუდამ ერთმანეთს “ებრძვიან”, იმის მაგალითი მისცეს ადამიანებს, რომ მნიშვნელობა არ აქვს არც კანის ფერს, არც რელიგიას, არც განსხვავებულ შეხედულებებს, არც განსხვავებულ პოლიტიკას და არც სხვა რამეს. მთავარი მხოლოდ ერთიანობაა, სწორედ ასე ხდება დიდი ცვლილებები.


განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრენდ Off-White-ის შემქმნელი და Louis Vuitton-ის მამაკაცის ხაზის კრეატიული დირექტორი ვირჯილ აბლოც ალაპარაკდა. პირველად, როცა გაძარცვული მაღაზიების ფოტოები გავრცელდა, აბლომ განაცხადა, რომ ეს ამაზრზენია და ეს ის არ არის, რაც უნდა გვინდოდეს. ამას უარყოფითი კომენტარები მოჰყვა. მოგვიანებით კი მან ინსტაგრამზე მოიბოდიშა იმის გამო, რომ ეს განცხადება იყო გაურკვეველი და რომ რეალურად მისი საზრუნავი სხვა არაფერია, თუ არა ბრძოლა პოლიციის მიერ ძალადობის, რასიზმისა და უსამართლობის წინააღმდეგ. “როგორც ამბობენ, შენობები უბრალოდ აგურებია და მატერიალური ნივთების ჩანაცვლება შესაძლებელია, ადამიანების კი - არა. შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია. ამ მომენტში სხვა არაფერია საყურადღებო”, - წერს აბლო.


დიზაინერმა ტვიტერზეც დაწერა, რომ ის, როგორც რიგითი ფერადკანიანი, ყოველთვის განიცდიდა და ბრაზობდა, როცა რომელიმე მათგანი სისტემური რასიზმის მსხვერპლი ხდებოდა. მან განაცხადა, რომ რასიზმი უნდა აღმოიფხვრას, რადგან რასიზმი კლავს. აბლომ ჯორჯ ფლოიდის და სხვა ნებისმიერი ფერადკანიანი, უდანაშაულო ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა და ყველას პროტესტისკენ მოუწოდა. 

რიანა თავისი თეთრეულის ხაზის, Savage x Fenty სახელით, ასევე დიზაინერი სტელა მაკკარტნი და თავის მოვლისა და დეკორატიული კოსმეტიკის ბრენდი Glossier კი სოლიდარობას მატერიალური დახმარებით (ეროვნულ Black Lives Matter ფონდებში თანხის ჩარიცხვით)  გამოხატავენ.