კინოში ფერი ერთ-ერთ ყველაზე გადამწყვეტ როლს ასრულებს. ხშირად რეჟისორები მთავარ სათქმელს ფერებით გადმოსცემენ, სადაც პერსონაჟის სულიერი მდგომარეობა, ან მეტამორფოზა ჩანს. ქვეცნობიერად ფერთა სიმბოლიზმი მაყურებელზე ზუსტად ისე მოქმედებს, როგორც რეჟისორებს ჩაფიქრებული და განზრახული აქვთ.
წითელი
წითელი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი, ძლევამოსილი ფერია, რომელსაც ხშირად რეჟისორები აგრესიის, ძალისა თუ ბრაზის გამოსახატავად იყენებენ.
ალმოდოვარი წითელი ფერის დიდოსტატია. რეჟისორი კინოში ფერებით კონკრეტულ ხასიათსა და ემოციას ქმნის. ფილმ All About My Mother-ის წითელი ბილბორდის წინ წითელ ქურთუკში ჩაცმული მანუელას კადრი განსაკუთრებით დასამახსოვრებელია. რეჟისორის შემოქმედებაში სულ მცირე დეტალებშიც ჩანს, რომ ვნების გამომხატველი წითელი ალმოდოვარის საყვარელი ფერია.
ფილმში Eyes Wide Shut წითელი დიდი დოზით გვხვდება, მაგალითად, ბილიარდის წითელი მაგიდა, სარიტუალო წითელი კოსტიუმები, ხალიჩა, კარები, ნაძვის ხის სანათები და სხვა. ფილმში წითელი ფერი საფრთხის გამომხატველია, სადაც პერსონაჟები ძალაუფლების ძლიერი სურვილის, დაძაბულობისა და გაურკველობის წინაშე აღმოჩნდებიან.
სპაიკ ჯონსის ფილმი Her ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, სადაც ვნება, მიზიდულობა და სიყვარულია გაერთიანებული. მთელი ფილმის განმავლობაში წითელი დეკორაციები: კომპიუტერში გამოსახული წითელი ეკრანი, კედლები, მთავარი გმირის, თეოდორის (ჰოაკინ ფენიქსი) ჩაცმულობა, მისი სულიერი მდგომარეობისა და იმ გრძნობების განმსაზღვრელია, რაც მაყურებელისთვის სავსებით ნათელია.
ნარინჯისფერი
მზის ამოსვლისა და ჩასვლის ფერია ნარინჯისფერი, რომელიც ახალი დღის, მეგობრობის, ახალგაზრდობის, სითბოსა და თანაზიარობის კონცეფციას აერთიანებს. ეგზოტიკურობისა და იდეალური ლანდშაფტების მქონე ფერის მიმართ განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევა რეჟისორი უეს ანდერსონი. ფილმი The Royal Tenenbaums შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად ნარინჯისფერია. მაყურებელს თვალში ყველგან ნარინჯისფერი დეტალები ხვდება: მარგოს ქურქი, კლერის კოსტიუმი, კედლები, აქსესუარები, სანთლის შუქი და სხვა.
ნარინჯისფერი გვხვდება 1997 წელს გადაღებულ ფილმში The Fifth Element - ლილუს საკულტო თმის ვარცხნილობა და მისი ფერი ყველასთვის დასამახსოვრებელი მნიშვნელოვანი ელემენტია.
ყვითელი
ყვითელი სიგიჟის, დაუნდობლობის, აკვიატების, უვნებლობისა და იდილიის გამომხატველი ფერია, რომელსაც უამრავი კონტექსტი აქვს. კვენტინ ტარანტინოს ფილმში Once Upon a Time in Hollywood უხვად ვხვდებით რეტრო სტილის ყვითელ კოსტიუმებს. “ფილმში ყვითელი დიდი დოზით გამოვიყენე. ჩემთვის ეს ფერი ნამდვილად წარმოადგენს კალიფორნიას, ეს არის ფერი, რომელსაც 60-იან წლებში ფართოდ იყენებდნენ,” - ამბობს არიანე ფილიპსი, ფილმის კოსტიუმების დიზაინერი.
ფილმში Hotel Chevalier განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი სცენა საწოლზე მჯდომარე, ყვითელ ხალათში გამოწყობილი და პლედ შემოხვეული ნატალი პორტმანის კადრია. პერსონაჟის ირგვლივ კი ყველაფერი ყვითელი ფერისაა.
მწვანე
მწვანე სიმშვიდის, ბუნების, მოდუნებისა და სიწყნარის გამომხატველია. ფილმში Amélie მთავარი გმირი, ამელი და ფილმის სხვა ქალი პერსონაჟები მუდმივად ატარებენ მწვანე ფერის ტანსაცმელს, ან მწვანე ფერის მქონე რაიმე ნივთს, რაც სიმშვიდესთან, ჰარმონიასა და სიყვარულთან ასოცირდება.
ფილმში Call Me By Your Name ბუნების პეიზაჟებს უხვად ვხვდებით. თვალსაჩინოა მთავარი გმირების - ოლივერისა (არმი ჰამერი) და ელიოს (ტიმოთი შალამე) მწვანე თუ ყვითელი ფერის საცურაო კოსტიუმები.
ლურჯი
დევიდ ლინჩის შემოქმედებაში ხშირად ვხვდებით ლურჯ ფერს. განსაკუთრებით ცნობილია მისი ფილმები - Blue Velvet, Lady Blue Shanghai თუ Twin Peaks: Fire Walk with Me. ემპათიასა და ლურჯი ფერის მეტაფორას ლინჩი, ფაქტობრივად, ყველა ფილმში იყენებს. მელანქოლიური ფერი ფილმში Mulholland Drive სიმართლეს ასახავს, სადაც ნეონის ლურჯ ნათურებს, კლუბ Silencio-ს ლურჯ შესასვლელს, ლურჯი ფერის კვამლს, ლურჯ ყუთსა თუ ლურჯთმიან ლამაზმანს ვხვდებით.
კშიშტოფ კისლოვსკის ტრილოგიიდან “სამი ფერი: ლურჯი”, ერთ-ერთი გამორჩეული ლურჯი ფერის ფილმია, რომელშიც ყველა მნიშვნელოვანი დეტალი ლურჯია, რაც მთავარი გმირის, ჯულის (ჯულიეტ ბინოში) შინაგან სამყაროსა და მის გრძნობებზე მიგვითითებს.
ფილმში Blue Is the Warmest Colour ორი ახალგაზრდა გოგონას - ადელისა (ადელ ეკსარკოპულოსი) და ემას (ლეა სედუ) სიყვარულის ისტორია სწორედ მაშინ იწყება, როდესაც ადელი ლურჯთმიან გოგონას, ლურჯი ფერის ჟაკეტსა და მაისურზე ლურჯი ფერის ნახატით, ლურჯი ფერის ჯინსში გამოწყობილს დაინახავს.
სოფია კოპოლას ფილმს, Lost In Translation მელანქოლიური ლურჯი ელფერი დაჰკრავს, სადაც ტოკიოში მყოფი მარტოსული პერსონაჟების მდგომარეობა ფერებითაა ასახული. კინოში ნაკლებად ჩანს ლურჯი დეკორაციები, თუმცა მთლიანი ფილმი თითქოს ერთ მოჟამულ და სევდიან ლურჯ ფერშია გამოსახული. ფილმის უნიკალური მომენტი კარაოკეს ბარში ეულად მყოფი ორი მთავარი გმირის სცენაა, სადაც მაყურებელს უჩნდება კითხვა: და შემდგომ რა იქნება?
ფილმში Moonlight ლურჯი ფერი ახალგაზრდა ქირონისა (ეშტონ სანდერსი) და ხუანის (მაჰერშალა ალი) ურთიერთობის აღმნიშვნელია. ასევე, ერთ დროს ხუანის ზედმეტსახელი იყო Blue. ლურჯი ელფერი, ლურჯი ოკეანე და პერსონაჟების ლურჯი ფერის სამოსი კინოში მთლიანად მელანქოლიურ განწყობას ქმნიან.
იასამნისფერი
ხშირად იასამნისფერს ფანტასტიკურ ფილმებში იყენებენ. ექსტრავაგანტური, იდუმალი და რომანტიკული ფერი უმეტესად იმ ფილმებშია ასახული, რომლებიც მომავალში არსებული ტექნოლოგიების განვითარებას გვაჩვენებს. ფილმში Blade Runner 2049 ხშირად ვხვდებით ნეონის მანათობელ იასამნისფერსა და უზარმაზარ ჰოლოგრამებს.
ჰოლივუდის უამრავი ფილმი სახელგანთქმული ადამიანების ცხოვრებაზეა, სადაც ისინი შეპყრობილნი არიან დიდებით, ცნობადობით, ძალაუფლებითა და ინდუსტრიით. მისტიკური ფერი ხშირად ზებუნებრიობისა და სიკვდილის გამომხატველია. ფილმი The Neon Demon იმ სისასტიკეს აღწერს, რაც შოუბიზნესს მოაქვს და რამხელა მსხვერპლს იღებენ ადამიანები მწვერვალების დასაპყრობად.
ვარდისფერი
ტრადიციულად, ვარდისფერი გამოხატავს უმანკოებას, სითამამეს, სილაღეს, ემპათიასა და სილამაზეს. ორ პერსონაჟს შორის არსებული ბავშვური რომანი ფილმ The Grand Budapest Hotel-შია აღწერილი. ფილმის დასამახსოვრებელი კადრი ვარდისფერ ყუთებში გახვეული აგატას (სირშა რონანი) და ზეროს (ტონი რევოლორი) კადრია, სადაც ისინი ერთმანეთს უყურებენ.
სოფია კოპოლა მაყურებელს თავის ფილმებში ღია ვარდისფერს ხშირად უზიარებს. რეჟისორი ფერს კინოში Marie Antoinette ესთეტიკურად და ლამაზად იყენებს. ფილმში კრისტენ დანსტის ვარდისფერი კაბები, აქსესუარები, ფეხსაცმელები თუ ვარდისფერი ნამცხვრები თვალისმომჭრელი და გასაოცარია. ასევე, ღია ვარდისფერს ვხვდებით ფილმებში - The Beguiled-სა და Somewhere-ში.
ყველა დროის გამორჩეული და სახელგანთქმული ქერა ქალი, მსახიობი და მოდის მიმდევარი, მერილინ მონრო ექსტრავაგანტურობით ყოველთვის გამოირჩეოდა. ფილმის, Gentlemen Prefer Blondes-ის დაუვიწყარი კადრი ვარდისფერ კაბაში გამოწყობილი მსახიობის სიმღერის სცენაა. თვალისმომჭრელი მომენტი და შესრულება საზოგადოებაში დღესაც დიდ აღტაცებასა და აღფრთოვანებას იწვევს.
დაწერე კომენტარი