მიუხედავად იმისა, რომ მაისის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა - კანის საერთაშორისო კინოფესტივალი წელს ვერ ჩატარდა, ფესტივალის პრეზიდენტმა  პიერ ლესკურმა და ფესტივალის და ლუმიერების ინსტიტუტის დირექტორმა  ტიერი ფრემომ საკონკურსო ფილმების ოფიციალური სელექცია გამოაქვეყნეს.


ტიერი ფრემოს ოფიციალური განცხადების თანახმად, კანის კინოფესტივალის საკონკურსო ფილმებს შორის მოსახვედრად 2067 ფილმი იბრძოდა, რაც ფესტივალის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. მათგან მხოლოდ 56 ფილმი შეირჩა, რომელთა შორის 15 სადებიუტო, 16 კი  რეჟისორი ქალების გადაღებულია.  ორივე კატეგორიაში ფილმების რაოდენობა  წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად მომატებულია - ოფიციალურ სელექციაში მოხვედრილი სადებიუტო ფილმების რიცხვი გასულ წელს 10 გახლდათ, რეჟისორი ქალების  გადაღებული  კი - 14.


რადგანაც წელს ფესტივალი ტრადიციული ფორმით ვერ ჩატარდა, ორგანიზატორებმა ყველა ფილმი ერთ სიაში დააჯგუფეს და არ გადაანაწილეს საკონკურსო პროგრამების მიხედვით - Competition, Un Certain Regard, Out of Competition, Midnight Screenings, Special Screenings.


გარდა იმისა, რომ შერჩეული 56 ფილმი კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ სელექციაში დასახელდა, მათი რეჟისორები მიწვეული იქნებიან და ფილმებს წარადგენენ შემოდგომის სეზონის საერთაშორისო კინოფესტივალებზე ლოკარნოში, ტელურიდში, ტურინში, ტორონტოში, დოვილში, სან-სებასტიანში, პუსანში, მორელიაში, ნიუ-იორკში, რომში, რიო-დე-ჟანეიროში, ტოკიოში, მუმბაიში, მარ-დელ-პლატასა და სანდენსზე. . 


კანის და სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალების შეთანხმების თანახმად, კანის კინოფესტივალის ოფიციალურ სელექციაში მოხვედრილი ფილმები ჯილდოებისთვის  სან-სებასტიანის კინოფესტივალზე იბრძოლებენ. . შესაძლოა კანის კინოფესტივალმა ამგვარი  შეთანხმება ვენეციის კინოფესტივალთანაც დადოს, თუმცა ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით არ მოიპოვება.


კანის კინოფესტივალის ოფიციალურ სელექციაში დასახელებულთა შორისაა უეს ანდერსონის The French Dispatch, ფრანსუა ოზონის Summer of 85, ფრენსის ლის Ammonite, ნაომი კავასეს True Mothers, ვიგო მორტენსენის Falling, პიტ დოკტერის ანიმაცია Soul და სხვ. მათ რიცხვში შედის სტუდია გიბლის კომპიუტერული გრაფიკით შექმნილი პირველი ანიმაციაც - Aya and the Witch.


 კანის კინოფესტივალის ოფიციალურ სელექციაში ასევე დასახელდა ქართველი რეჟისორის - დეა კულუმბეგაშვილის ფილმი „დასაწყისი“. რეჟისორის ფილმი კანის კინოფესტივალზე უკვე მესამედ მოხვდა, თუმცა, „დასაწყისი“  კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე წარდგენილი მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია.


ტიერი ფრემოს ოფიციალური განაცხადი  იხილეთ ბმულზე.