რუიჩი საკამოტო იაპონელი მუსიკოსია, რომლის შემოქმედებამაც უამრავ განსხვავებულ ჟანრსა თუ არტისტზე მოახდინა გავლენა. იგი 1970-იანი წლებიდან მუშაობს და მისი მუსიკალური ინტერესები ძალიან დიდ სპექტრს მოიცავს, მათ შორის, ელექტრონულ მუსიკას, პოპს, ფოლკლორს, კლასიკურ მუსიკას, ამბიენტს... რამდენადაც საკამოტოს დისკოგრაფია ძალიან მდიდარია, ამ სტატიაში მის ყველაზე მნიშვნელოვან ჩანაწერებზე მოგიყვებით.
მუსიკოსის პირველი სოლო ალბომი Thousand Knives 1978 წელს გამოვიდა და იმ პერიოდის მუსიკალური სცენისთვის ძალიან წარმატებული და ინოვაციური აღმოჩნდა. ამის მთავარი მიზეზი მისი ჟანრული მრავალფეროვნება იყო - ჩანაწერში იაპონური ტრადიციული მუსიკა თანამედროვე ტექნოლოგიებით დამუშავებულ ბგერებს ერწყმოდა. ალბომის ამბიციურობაზე მისი გამორჩეული დასაწყისიც მეტყველებს, სადაც საკამოტომ მაო ძედუნის პოემის ტექნიკურად დამუშავებული ვერსია გამოიყენა. მნიშვნელოვანია ბოლო მელოდიაც - The End of Asia, რომელსაც სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციას აძლევენ ხოლმე. ერთი ვერსიით, ეს მელოდია ატომური ბომბის დამანგრეველ შედეგებზეა, მეორით კი - აზიის, როგორც ეგზოტიკური ორიენტალისტური სივრცის რღვევაზე. მთლიანობაში, ალბომი, თავისი კიჩური მშვენიერებით, საკამოტოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნამუშევარია.
1978 წელს საკამოტომ ჰარუომი ჰოსონოსა და იუკიჰირო ტაკაჰაშისთან ერთად ბენდი - Yellow Magic Orchestra შექმნა, რომელიც მრავალი ელექტრონული მოწყობილობის გამოყენებაში პიონერი იყო და მიიჩნევა, რომ ჟანრის განვითარებაში უდიდესი როლი შეასრულა. მთავარი ოცნება, რომელიც YMO-ს წევრებს ჰქონდათ, პოპულარული მუსიკის შექმნა და მისი საზღვარგარეთ გატანა იყო, რაც შეძლეს კიდეც და მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე გამოდიოდნენ. მათი მუსიკა ძალიან ეკლექტური იყო, რადგან გარდა ელექტრონული ხმებისა, ისინი იაპონური მუსიკის, სოულის, აფრიკული მელოდიებისა და სხვა ჟანრების მუსიკალურ ელემენტებსაც იყენებდნენ. მათი დისკოგრაფიიდან განსაკუთრებით საინტერესოა ალბომები - Yellow Magic Orchestra და Solid State Survivor.
მიუხედავად YMO-ს დიდი წარმატებისა, რუიჩი საკამოტო დამოუკიდებლად მუშაობას მაინც განაგრძობდა. 1980 წელს მისი მეორე სოლო ალბომი - B-2 Unit გამოვიდა. ჩანაწერი Yellow Magic Orchestra-ს სტილისგან განსხვავებით, ტრადიციული სიმღერების სტრუქტურებზე მეტად, კონკრეტულ ხმებსა და ტონებზე ამახვილებდა ყურადღებას. ხშირად ამბობენ, რომ B-2 Unit ძალიან უსწრებდა დროს, რადგან მან უამრავ მუსიკოსზე, მათ შორის Aphex Twin-ზეც მოახდინა გავლენა. ალბომიდან განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ ერთი მელოდია, ე.წ. ელექტრონული ოდისეა - Riot in Lagos, რომელიც იმ პერიოდში მსოფლიო ჰიტს წარმოადგენდა და დღესაც ხშირად მოიხსენიება ერთ-ერთ საუკეთესო საცეკვაო მუსიკად.
საკამოტოს კარიერაში ძალიან დიდი ადგილი ფილმებისთვის შექმნილ საუნდტრეკებს უჭირავს. მათგან უმეტესად სამს გამოარჩევენ ხოლმე. პირველი 1983 წელს Merry Christmas Mr Lawrence-ისთვის შექმნილი მუსიკაა. ფილმში დევიდ ბოუისთან ერთად საკამოტოც თამაშობდა და როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, მას და ბოუის ახლო ურთიერთობა არ ჰქონიათ, თუმცა ლეგენდარულ მუსიკოსს იგი დიდ პატივს სცემდა და ამიტომ დღემდე ნანობს, რომ მასთან მუშაობის შესაძლებლობა არ მიეცა. მეორე, რაც ასევე უნდა გამოვყოთ, ბერნარდო ბერტოლუჩის The Last Emperor-ის საუნდტრეკია (1987), რომლისთვისაც საკამოტომ აკადემიის ჯილდოც დაიმსახურა. სწორედ აქედან იწყება მუსიკოსის ხანგრძლივი თანამშრომლობა ბერტოლუჩისთან, რომელიც მისი ერთ-ერთი საყვარელი რეჟისორია. კიდევ ერთი, ვისთან მუშაობაც მას ძალიან უყვარს, ალეხანდრო გონზალეს ინარიტუა და სწორედ ეს სიყვარული გახდა მიზეზი იმისა, რომ საკამოტომ, მძიმე ფიზიკური მდგომარეობის მიუხედავად, The Revenant-ისთვის მუსიკის შექმნაში მონაწილეობა მაინც მიიღო.
დავუბრუნდეთ მუსიკოსის სოლო დისკოგრაფიას. ამ კუთხით კიდევ ერთი გამორჩეული ალბომია Beauty (1989), რომელიც ეთნიკური მუსიკის დიდებულებას ბრწყინვალედ აჩვენებს. აქ საკამოტო ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ მიმდინარეობებს იყენებს, მათ შორის, ბოსა ნოვას, ოკინავას ფოლკლორს, პანკს, ტექნოს, პოპსა და მრავალ სხვას.
მუსიკოსის ვრცელი კარიერის ძალიან დიდი ნაწილი ერთობლივ ჩანაწერებს ეთმობა. ერთ-ერთ ინტერვიუში მან თქვა: “იმ ადამიანებთან ერთად მიყვარს მუშაობა, რომელთაც რაღაც ისეთი აქვთ, რაც მე არ გამაჩნია - უნარი, იდეა… მე ყოველთვის რაღაც გასაოცარს ვეძებ, რადგან ყველა ადამიანის მსგავსად, შთაგონება და ბიძგი მჭირდება”. ალვა ნოტოც სწორედ ასეთი ბიძგის მიმცემი აღმოჩნდა მისთვის, რისი შედეგიც მათი პირველი ერთობლივი ნამუშევარი Vrioon-ია, რომელიც გასაოცარი სკრუპულოზურობითაა შედგენილი. საკამოტოს მიერ შესრულებულ ფორტეპიანოს სევდიან მელოდიასთან ერთად, ალვა ნოტოს მიკროელექტრონული ელემენტებიც გვესმის, რაც მათ ნამუშევარს დახვეწილ შთამბეჭდავობას ანიჭებს. სასიხარულოა, რომ მუსიკოსებმა Vrioon-ის შემდეგაც გააგრძელეს მუშაობა და ერთად ჩაწერეს ალბომები - Insen, utp_, Summvs და სხვები.
რუიჩი საკამოტოს ყველაზე პირადული ნამუშევარი 2017 წელს გამოსული async-ია. საინტერესოა ის ისტორიაც, რომელიც ალბომის შექმნას დაედო საფუძვლად. ერთი მხრივ, ეს იყო 2011 წლის ცუნამი, რომელმაც იაპონიაში დიდი ნგრევა გამოიწვია, მეორე მხრივ კი - სიმსივნის დიაგნოზი, რომელიც საკამოტოს რამდენიმე წლით ადრე დაუსვეს. საბოლოოდ, იგი გამოჯანმრთელდა და ალბომიც იმ თემებს მიუძღვნა, რომლებიც ყველაზე მეტად აინტერესებდა - მოკვდაობას, სიკვდილსა და ბუნების ყოვლისმომცველ ძალას. ალბომის თითოეულ მელოდიას თავისი ცენტრალური იდეა აქვს, რომელიც კონკრეტულ განწყობას გადმოსცემს. ერთ-ერთი მათგანის სახელია Solari, რაც ანდრეი ტარკოვსკის ფილმს გვახსენებს და მართლაც, საკამოტო ამ ალბომს სწორედ ტარკოვსკის უძღვნის. განსაკუთრებით საინტერესო კომპოზიციაა Full Moon, რომელშიც პოლ ბოულესი ტექსტს კითხულობს - Because we don’t know when we will die, we get to think of life as an inexhaustible well. How many more times will you watch the full moon rise? Perhaps 20. And yet it all seems limitless. რამდენიმე წამის შემდეგ იმავე სიტყვებს სხვადასხვა ენებზეც ვისმენთ, რასაც ფონად საკამოტოს ამბიენტური მელოდია გასდევს.მთლიანობაში, რუიჩი საკამოტოს კარიერა 40 დეკადაზე მეტს ითვლის და დღესაც, როცა იგი 68 წლისაა, მუშაობას ახალი ინტერესებითა და მიზნებით აგრძელებს, რადგან როგორც თვითონ ამბობს, იდეალური ალბომის შექმნა შეუძლებელია.
დაწერე კომენტარი