არტისტი, რომელმაც ფოტოგრაფია და პოეზია გააერთიანა და მათ შორის სრულყოფილი წონასწორობა შეინარჩუნა - დუეინ მაიქლსია. ის ერთ-ერთია იმ ფოტოგრაფებიდან, რომლებსაც ყველაზე ღრმად აქვთ გააზრებული ფოტოგრაფიის ენა. 



დუეინ მაიქლსი 1932 წლის 18 თებერვალს პენსილვანიაში, მაკკეისპორტში დაიბადა. მისი ინტერესი ხელოვნებისადმი 14 წლის ასაკში დაიწყო, მაშინ როცა აკვარელის გაკვეთილს ესწრებოდა. 1953 წელს დენვერის უნივერსიტეტში ბაკალავრის ხარისხი მიიღო და 2 წლით ჯარში გაიწვიეს. ჯარის შემდეგ, 1956 წელს, გრაფიკული დიზაინის შესასწავლად  The Parsons School of Design-ში ჩააბარა. მისი გეგმა გრაფიკული დიზაინერობა იყო, მაგრამ სწავლა აღარ დაუსრულებია. 


1958 წელს რუსეთში დასასვენებლად წასულმა დუეინმა   ფოტოგრაფიისადმი ინტერესი გამოიჩინა. პირველ  გამოფენაზე სწორედ რუსეთში მოგზაურობის დროს გადაღებული ფოტოები გამოფინა.

 

დუეინის შემოქმედების განუყოფელი ნაწილია  მისი აზრები, ოცნებები, წინასწარმეტყველებები, შეხედულებები. მისთვის მისივე ნამუშევრები თვითგამოხატვის ფორმაა.

“მე  ექსპრესიონისტი ვარ და ამით ვგულისხმობ იმას, რომ მე არ ვარ ფოტოგრაფი, მწერალი ან მხატვარი, ან სტეპის მოცეკვავე, არამედ ადამიანი, რომელსაც სჭირდება საკუთარი თავის გამოხატვა”, - ამბობს დუეინ მაიქლსი. 
60-იან წლებში დუეინმა ფოტოგრაფიის იქამდე უცნობ მედიუმებში შეაბიჯა, ჩაატარა ექსპერიმენტები და რაც მთავარია, ფოტოგრაფია აქცია თვითგამოხატვის საშუალებად. 60-იანი წლების ბოლოს მან სერიებზე მუშაობა დაიწყო, სადაც ყველა ფოტოს თავისი  თანმიმდევრობა ჰქონდა. ამ სერიების ძირითადი მახასიათებელი მეტაფიზიკურობა იყო - მეხსიერება, სურვილები, სიკვდილი და სხვა. 



მისი ერთ-ერთი გამორჩეული ფოტოების სერიაა 1968 წელს შექმნილი The Spirit Leaves The Body, სადაც ვხედავთ, თუ როგორ ტოვებს სული ადამიანის სხეულს და მიდის. დუენის ყველაზე დიდი ინოვაციაც სწორედ ეს არის, მან შექმნა ფოტოგრაფიაში “Storytelling”. 


დუეინი ამ ექსპერიმენტზე არ შეჩერებულა და მოგვიანებით მან ფოტოებზე მისივე ხელით მოკლე მესიჯების, ლექსების, ამბების წერა დაიწყო. მას სურდა ადამიანებამდე მიეტანა ის ინფორმაცია, რასაც მხოლოდ ფოტოები ვერ გადმოსცემენ. მას სწამს, რომ ფოტოები ხშირად იტყუებიან და არ ჰყვებიან ნამდვილ ამბავს.




“მე შემიძლია გაჩვენოთ ჩემი მშობლების ფოტო, სადაც ისინი ერთმანეთის გვერდით იღიმიან. მათ არ მოსწონთ ერთმანეთი. 40 წელია ერთმანეთისთვის არ უკოცნიათ. ფოტოსურათები ყოველთვის იტყუებიან”, -  ამბობს დუეინ მაიქლსი.


მან ფოტოებისა და ტექსტის სრულყოფილი შერწყმით, ფოტოგრაფია კინომატოგრაფიას გაუტოლა. დუეინს სჯერა წარმოსახვის, სჯერა, რომ ის, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ, იმაზე მეტად უსასრულოა, ვიდრე რასაც ვხედავთ. მისი შემოქმედების გრძელი ისტორია, სწორედ ამ რწმენის გარშემო ტრიალებს, ის ყოველთვის ცდილობს დაგვანახოს ის, რასაც ჩვენი თვალები ვერ ხედავენ. 



არც პორტრეტების გადაღებისას დაუკარგავს თავისი ხელწერა - “ მე ახალი კონცეფცია მაქვს. მე მას ვეძახი პროზაულ პორტრეტს. პროზაული პორტრეტი არ გიჩვენებთ იმას, თუ როგორ გამოიყურება ადამიანი, ეს მისი სახის რეპროდუქცია არ არის. პროზაული ფოტოგრაფია ადამიანის ბუნებაზე მოგვითხრობს”,  - ამბობს ის.


მან  ბევრი წიგნი გამოსცა  მისი ფოტოსერიებისა და ბიოგრაფიის შესახებ. ბოლო წიგნი 2018 წელს გამოვიდა, რომელიც 1964 წელს გადაღებულ სერიას - Empty New York-ს მიეძღვნა.

“ჩვენი საუკეთესო ნაწილი  ის კი არ არის, რასაც ვხედავთ, არამედ  ის, რასაც ვგრძნობთ. ჩვენ ვართ ის, რასაც ვგრძნობთ და არა ის, რასაც ვხედავთ. ჩვენ არ ვართ ჩვენი თვალები, ჩვენ ჩვენი გონება ვართ. ადამიანებს სჯერათ მხოლოდ საკუთარი თვალების და ეს ძალიან მცდარია…” - ამბობს დუეინ მაიქლსი.