თანამედროვე ევროპული კინემატოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და პროვოკაციული ფიგურა, ლარს ფონ ტრიერი მისი წინააღმდეგობრივი, ექსპერიმენტული და გამორჩეული ხედვით არის ცნობილი. დანიელი კინორეჟისორის შემოქმედება მოულოდნელობებით და არაერთგვაროვნებით ხასიათდება, რომლის მთავარი განხილვის საგანიც ეგზისტენციალური, სოციალური და პოლიტიკური საკითხებია. მისი ერთ-ერთი პირველი კინოინოვაცია 1995 წელს თომას ვინტერბერგთან ერთად შექმნილ Dogme 95 Manifesto-ს უკავშირდება, რამაც კრიტიკოსებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
ძმები ლუმიერების პირველი მოძრავი სურათის შექმნის შემდეგ, კინოინდუსტრია მეორე მნიშვნელოვან მოვლენას, Le cinéma vers son deuxième siècle-ს აღნიშნავდა. ღონისძიებას უამრავი რეჟისორი, კრიტიკოსი და ელიტარული წრის წარმომადგენელი ესწრებოდა. სწორედ ამ დროს ტრიერმა და ვინტერბერგმა გადაწყვიტეს წარედგინათ Dogme 95 Manifesto, რომელიც მათ კინოს გადასარჩენად შექმნეს. წესები, რომლებიც ფილმის შექმნას მხოლოდ ტრადიციულ ღირებულებებზე, ამბავზე, მთავარ თემასა და მსახიობებზე დაყრდნობით გულისხმობდა, გამორიცხავდა ტექნოლოგიებისა და სპეცეფექტების ჩარევას. სავარაუდოა, რომ ეს მანიფესტი რეჟისორთა მხატვრული განვითარების იდეის წინ წამოწევასა და სტუდიების შესაძლებლობების უგულებელყოფას ემსახურებოდა. ექსპერიმენტული წესები ისეთ ნიუანსებსაც მოიცავდა, როგორებიცაა ფილმის მხოლოდ რეალურ ადგილას გადაღება, ნებისმიერი მოწყობილი სცენა აკრძალული იყო. ამასთან, ხმა, რომელიც კადრებს გაჰყვებოდა, ბუნებრივი უნდა ყოფილიყო და არა ხელოვნურად შექმნილი. ფილმი აუცილებლად ფერად, ხოლო გადაღების ფორმატი 35 mm-ის პარამეტრებს გულისხმობდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ტიტრებში რეჟისორის მითითება აკრძალული იყო.
1996 წლის ტრიერის Golden Heart-ის ტრილოგიის პირველი ფილმი - Breaking the Waves კლასიკური გაგებით Dogme 95-ის წესებს არ მიჰყვება, თუმცა იგი პირველი ფილმია, რომელიც რეჟისორმა მოძრაობის დაარსების შემდეგ გადაიღო. ფილმში ზუსტად იგრძნობა ის სტილი და ეთოსი, რაც მანიფესტისთვისაა დამახასიათებელი. 7 ნაწილად გაყოფილი ფილმის თითოეული თავი პანორამის ფორმატში გადაღებული კადრებითა და 1970-იანი როკმუსიკის ინტერლუდიით იწყება. უმოძრაო კამერით გადაღებული ფილმის ძირითადი სცენები სტუდიაში იყო დადგმული, რაც Dogme 95-ის წესებს არღვევდა, თუმცა ფილმმა 1996 წლის კანის კინოფესტივალზე გრან-პრი დაიმსახურა.
ლარს ფონ ტრიერის პირველი Dogme 95 Manifesto-ს წესებით გადაღებულ ფილმად 1998 წლის The Idiots-ს მიიჩნევენ. ფილმი ტრიერის Golden Heart ტრილოგიის მეორე ნამუშევარია, რომელიც ანტიბურჟუაზიულ ახალგაზრდა ადამიანების ჯგუფის ცხოვრებას ასახავს, მთავარი ფოკუსი კი მათი ხელოვნურად გამოწვეული უჩვეულო ქცევებია. ჯგუფი საჯარო ადგილებში განუვითარებლობის სინდრომის რეპრეზენტაციას მიმართავს და აკვირდება საზოგადოების რეაქციას. იქიდან გამომდინარე, რომ Dogme 95 მუსიკის წარმოებასა და მის რედაქტირებას კრძალავდა, ჰარმონიკას ჟღერადობა სხვადასხვა კადრის დროს, სხვადასხვა მომენტში იწერებოდა.
Dancer in the Dark ბიორკისა და ტრიერის შესანიშნავი კინოსურათია, რომელმაც აკადემიის ნომინაცია და კანის კინოფესტივალის ორი ჯილდო დაიმსახურა. ფილმი მთლიანად ხელის კამერით არის გადაღებული, რაც მის Dogme 95-ის ესთეტიკას ქმნის. თუმცა ფილმს დიდი კრიტიკა მოჰყვა და იგი 2000 წლის ერთ-ერთ ყველაზე საშინელ, მანიპულაციურ ფილმად მიიჩნიეს. Dancer in the Dark არ არის არც “გემოვნებიანი” და არც “გასართობი” ფილმი, ის უფრო თამამსა და გაბედულ ჟესტს გამოხატავს, რომელიც კინემატოგრაფიის ბრწყინვალე, ექსპერიმენტული ნიმუშია. ფილმი Golden Heart ტრილოგიის მესამე ნაწილია, რომელიც ყოველთვის Dogme 95-ის ესთეტიკასთან და გადაღების კულტურასთან ასოცირდება.
Dogme 95 Manifesto-ს დასასრული 2002 წელს ვინტერბერგის განცხადებას უკავშირდება, რომელმაც აღნიშნა, რომ მათ წამოწყებას ახალი ტალღის ხასიათი ჰქონდა და მის მუდმივობას არ გულისხმობდა. თუმცა მანიფესტის დასასრული არც იმას გულისხმობდა, რომ რეჟისორები ახალი გამოწვევების წინაშე არ იდგნენ. პირიქით, ტრიერისა და ვიტერბერგის აზრით, მსგავსი ექსპერიმენტული მოძრაობები საუკეთესო საშუალებაა განვითარებისთვის და სწორედ ეს პროცესი არის მუდმივი.
Dogme 95-მა არა მხოლოდ ტრიერისა და ვინტერბერგის, არამედ სხვა ცნობილი რეჟისორების სტილსა და გადაღების მანერაზეც იქონია გავლენა. მანისფესტის მიხედვით სულ 31 ფილმი შეიქმნა, რაც იმის მანიშნებელია, რომ კინოინდუსტრიამ და სახელოვნებო სივრცემ ენერგიათა მნიშვნელოვანი ცვლილება და ექსპერიმენტული ტრანსფორმაცია განიცადა.
დაწერე კომენტარი