ზაფხული ზოგისთვის ქვიშასა და ზღვას, ზოგისთვის ლაშქრობასა თუ უცხო ქალაქების ფეხით შემოვლას, დანარჩენებისთვის კი უბრალოდ პასუხისმგებლობებისგან მცირეხნიან შესვენებას უკავშირდება - ნებისმიერ შემთხვევაში წელიწადის ეს დრო შესაძლებლობებით, ახალი გამოცდილებებითა და დაუვიწყარი მოგონებებითაა სავსე. 

გთავაზობთ  14 ფილმს, რომლებიც საუკეთესო საზაფხულო არდადეგების დაგეგმვაში დაგეხმარებათ.

1. Roman Holiday (1953)


რომი - აწმყოსა და დიდებული წარსულის შეხვედრის ადგილი, რომელიც სტუმრებს ყველა სურვილის ასრულებას ჰპირდება: უცნობებთან ერთად ცეკვა, პირველი სიგარეტი, სკუტერით გასეირნება და ახალი ვარცხნილობა. აქ ნებისმიერ ადამიანს, მოწესრიგებულ, მორჩილ პრინცესასაც კი შეუძლია, სულ ცოტა ხნით მაინც დაივიწყოს დამღლელი ვალდებულებები და თავგადასავლებში უდარდელად გადაეშვას.

2. Eat, Pray, Love (2010)


ზაფხული იდეალური დროა საკუთარი თავის ხელახლა აღმოსაჩენად. ახალი ქვეყნები, რელიგია, კულტურა, საინტერესო უცნობები, დაუვიწყარი გამოცდილებები - რომიდან ბალიმდე მოგზაურობისას ბედნიერებისა და ახალი შეგრძნებებისთვის ჭამა, ლოცვა და სიყვარული ჯულია რობერტსის პერსონაჟისთვის სრულიად საკმარისია.

3. Mamma Mia! (2008)


ზაფხული, სიყვარული, საიდუმლოებები, ბერძნული კუნძული და ლეგენდარული ჯგუფის, ABBA-ს დაუვიწყარი სიმღერები - მერილ სტრიპისა და ამანდა სეიფრიდის შესანიშნავი დუეტი მაყურებელს ნებისმიერ ამინდში ამაღლებულ საზაფხულო განწყობასა და სიმღერის დაუოკებელ სურვილს ჰპირდება. 

4. The Endless Summer (1966)


ავსტრალია, ახალი ზელანდია, ტაიტი, ჰავაი, სენეგალი, განა, ნიგერია და სამხრეთ აფრიკა - დოკუმენტური ფილმი უსასრულო ზაფხულსა და სილურჯეში დაუვიწყარ მოგზაურობას გვპირდება, რომლის დროსაც გასული საუკუნის 60-იან წლებში აღმოჩენილი მაყურებელი ორ სერფერთან ერთად ტალღის გამოჩენას სულმოუთქმელად დაელოდება.

5. Call Me By Your Name (2017)


სამხრეთ იტალიის მომაჯადოებელი სიძველე, მზე, ქალაქში ხეტიალი, ცურვა, ბევრი წიგნი და, რა თქმა უნდა, სიყვარული - “შენი სახელი დამიძახე” სწორედ ყველასათვის საოცნებო ზაფხულის სინონიმია. ფილმის მკვეთრ ფერებსა და შთამბეჭდავ კადრებს საოცარი სიმშვიდის შეგრძნება და საზაფხულო განწყობა მოაქვს.

6. The Parent Trap (1998)


რას შეიძლება ჩვეულებრივი ზაფხული გიმზადებდეს? ბანაკს, გართობას, ახალ მეგობრებს, თმის შეჭრასა და გახურებული ნემსით ყურის გახვრეტასაც კი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - ტყუპისცალის პოვნას. ლინდსი ლოჰანის მიერ განსახიერებული ტყუპები გულგრილს ვერც ერთი ასაკისა თუ გემოვნების მაყურებელს დატოვებს.

7. Dirty Dancing (1987)


გასული საუკუნის 80-იანი წლების კლასიკად აღიარებულ ფილმს - “ბინძური ცეკვები” იდეალური საზაფხულო რომანტიკისთვის აუცილებელი ყველა დეტალი აქვს: საზაფხულო არდადეგები, თინეიჯერების ცხოვრება, აკრძალული სიყვარული და მოძრაობები, რომლებიც ნებისმიერ მაყურებელს ააცეკვებს. 

8.The Darjeeling Limited (2007)


ზაფხული უამრავი ადამიანისთვის დიდი ხნის უნახავ ოჯახის წევრებთან ან ნათესავებთან შეხვედრას უკავშირდება, რაც ხშირად არცთუ ისე სასიამოვნო პროცესია. წლების განმავლობაში ურთიერთობებში გაჩენილ ღრმულებს მატარებელი, მკვეთრი ფერებით სავსე ინდოეთი და დაუვიწყარი თავგადასავალი თუ ამოავსებს.

9. Moonrise Kingdom (2012)


ცხოვრების განმავლობაში ვერც ერთი ზაფხული იქნება იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ის, რომელსაც მზესთან ერთად პირველი სიყვარული მოაქვს. უკაცრიელ სანაპიროზე კარავში ცხოვრება, ცურვა, ცეკვა და საყვარელი წიგნის კითხვა - ეს  ყველაფერი აუცილებლად საყვარელ ადამიანთან ერთად უნდა აკეთო მაშინაც კი, როცა მთელი ზრდასრული სამყარო თქვენი სიყვარულის წინააღმდეგია.

10.Summertime (1955)



ლეგენდარული კეტრინ ჰეპბერნის მარტოხელა პერსონაჟის ვენეციური თავგადასავალი მოგზაურობით, მარტოობის სევდით, სიყვარულითა და 50-იანების დაუვიწყარი სტილითაა სავსე. დეივიდ ლინის ეს შესანიშნავი ფილმი 65 წელია კინომანების ზაფხულის განუყოფელი ნაწილია.

11. Vicky Christina Barcelona (2008)



დასამახსოვრებელი ზაფხულისთვის მკაცრად გაწერილი გეგმები სულაც არაა საჭირო. საუკეთესო გზა ხშირად სპონტანურობაა, მით უმეტეს მაშინ, თუ ის ბარსელონას, გამოფენებს, გიტარას, ესპანურ მოტივებსა და პენელოპა კრუზს გულისხმობს.

12. Forgetting Sarah Marshall (2008)


ხანდახან საყვარელი ადამიანის შესახებ მოგონებებისგან გასაქცევად ჰავაი, მზე და ლურჯი ოკეანე საკმარისი სულაც არაა, მაგრამ წარუმატებელი საზაფხულო მოგზაურობა ხშირად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გაკვეთილია, რომლის ათვისებაც სასტუმროს მომხიბვლელი კონსიერჟის დახმარებით უფრო სახალისო და მარტივია.

13. Thelma and Louise (1991)


რიდლი სკოტის ფემინისტური თრილერი ჩვეულებრივი ზაფხულის ისტორიებისგან განსხვავდება: სწრაფი მანქანა უსასრულო გზაზე, ცეკვა, გაქცევა, პოლიცია, იარაღი, მკვლელობა - ფილმი მოდუნების საშუალებას ერთი წამითაც არ მოგცემთ.

14. A Summer’s Tale (1996)

იდეალური ფრანგული ზაფხულისთვის მზე, ზღვა და ცხელი ქვიშა უხვადაა საჭირო, რომანი კი - ზომიერად, რათა ფილმის მთავარი გმირის - გასპარდის მსგავსად რთული არჩევანის წინაშე არ აღმოჩნდეთ: სამი ერთმანეთისგან განსხვავებული, მაგრამ ერთნაირად სასურველი გოგო და გრძნობები, რომლებიც ტემპერატურის მატებასთან ერთად უფრო და უფრო რთულდება.