“ისტორიების სახლი” პორტუგალიელი არქიტექტორის – ედუარდუ სოტუ დე მორას და მისი არქიტექტურული სტუდიის 2009 წელს აშენებული პროექტია კაშკაიშში, პორტუგალიაში.
სოტუ დე მორა 67 წლის პორტუგალიელი არქიტექტორია, რომელმაც 2011 წელს მიიღო პრიცკერის პრემია. მისი შემოქმედება ხასიათდება მარტივი ფორმებით მიღწეული მკაცრი, ხშირად დრამატული არქიტექტურით. ედუარდუ დე მორა ასევე ცნობილია ცნობილ პორტუგალიელ არქიტექტორთან – ალვარო სიზასთან თანამშრომლობით.
მიუხედავად თანამედროვე დიზაინისა, საგამოფენო შენობა კარგად ასახავს რეგიონის ისტორიულ არქიტექტურას. სახლი მიძღვნილია სურეალისტი მხატვრის, პაულა რეგუსთვის, რომელმაც თვითონ აირჩია ედუარდუ დე მორა პროექტის ავტორად. მიზეზი, სავარაუდოდ, არქიტექტორის უჩვეულო სტილი იყო – კომბინაცია ნეომოდერნისტული რეგიონალიზმისა და მინიმალიზმისა.
მუზეუმის თიხისფერი ბეტონის ფასადი და კონუსური ფორმები მწვანე შემოგარენში მკაფიოდ გვხვდება თვალში. ლანდშაფტი ისე არის ათვისებული, რომ საპროექტო ტერიტორიაზე არსებული ხეები არა მხოლოდ ხელშეუხებლად შეინარჩუნეს, არამედ არქიტექტურის ფუნდამენტურ ელემენტებად აქციეს. ქუჩიდან შენობა ფორმის და ფერის გამო მკვეთრად ჩანს, რთულია გარედან ვივარაუდოთ, რა დაგვხვდება მის ინტერიერში.
შენობაში შესვლისას აღმოჩნდებით ფოიეში, რომელიც საგამოფენო სივრცეების ცენტრში მდებარეობს და შესაბამისად, ყველა დარბაზს უკავშირდება, მაგრამ ისეა დაგეგმარებული, რომ პირდაპირ მუდმივი ექსპოზიციისკენ გიბიძგებს – ანუ არქიტექტურა გაძლევს მიმართულებას, როგორ დაათვალიერო მუზეუმი. მუდმივი ექსპოზიციების სივრცის გარშემო კი დროებითი გამოფენის დარბაზები საათის ისრის მიმართულებითაა გადანაწილებული. შენობის ყველაზე დასამახსოვრებელი გეომეტრიის – ორი კოშკის ქვემოთ მოწყობილია მუზეუმის მაღაზია და კაფე, მათ წინ არსებული პატარა ეზო რაღაცით ჰგავს მექსიკელი არქიტექტორის, ლუის ბარაგანის სტილს, რომლის ხედვასაც სოტუ დე მორა ადიდებდა.
“ისტორიების სახლს” გახსნის დღიდან უამრავი ადამიანი სტუმრობს, მათ შორის ბევრი ისეთიც, ვინც მუზეუმის ექსპონატებსა და პაოლა რეგუს შემოქმედებაზე მეტად პორტუგალიელი არქიტექტორის დაპროექტებულმა შენობამ მიიზიდა.
დაწერე კომენტარი