Ark nova იაპონელი არქიტექტორის, 2019 წლის პრიცკერის პრემიის მფლობელის – არატა ისოძაკის და ბრიტანელი არტისტისა და სკულპტორის – ანიშ კაპურის საერთო პროექტია. ეს არის გასაბერი საკონცერტო დარბაზი, რომელზე მუშაობაც მათ 2013 წელს დაასრულეს, აღმოსავლეთ იაპონიაში მომხდარი კატასტროფული მიწისძვრიდან 2 წლის შემდეგ.
პროექტი წყნარ ოკეანეში, ტოჰოკუს რეგიონთან, 2011 წელს მომხდარ კატასტროფაში დაღუპულ და დაზარალებულ ადამიანებს ეძღვნება. მიწისძვრამ, რომელიც მსოფლიოს ხუთ ყველაზე ძლიერ მიწისძვრას შორისაა, უდიდესი ზიანი მიაყენა იაპონიას.
პროექტის მიზანი იყო მუსიკის და ხელოვნების საშუალებით დახმარებოდა და წაეხალისებინა აღმოსავლეთ იაპონიის რეგიონი აღმდგენითი სამუშაოებისას. მათი აზრით, მუსიკა იყო გზა, რითაც უნდა დაებრუნებინათ იმედი დაზარალებული რეგიონებისთვის.
გასაბერმა საკონცერტო დარბაზმა იმოგზაურა იაპონიის იმ ადგილებში, რომლებსაც ყველაზე მეტად შეეხო კატასტროფა. მოძრავმა კონსტრუქციამ უმასპინძლა მსოფლიო დონის კონცერტებს, ვორქშოპებს, ასევე უმასპინძლა ლუცერნის ფესტივალს, რომელიც პირველად გაიმართა იაპონიაში.
Ark Nova მსოფლოში პირველი გასაბერი საკონცერტო დარბაზია. რამდენიმე კომპონენტიანი დიზაინი ითვალისწინებს დარბაზს, რომელიც იტევს 500-იდან 700 ადამიანს. კონსტრუქციის გასაბერი გარსი არის ელასტიკური მატერიის, რომელიც სწრაფად იბერება და იფუშება, ასევე მარტივია მისი ტრანსპორტირება. დარბაზის ინტერიერში არის ნათელი იასამნისფერი კედლების, ხელნაკეთი კედარის ხის სკამების და თბილი განათების ნაზავი. ორბიტის მსგავსი სკულპტურა ჰარმონიულად ერწყმის გარემოს თავისი მსუბუქი შესახედაობის გამო. თავისუფლად მცურავი აკუსტიკური ბუშტი უზრუნველყოფს ოპტიმალურ ხმას საკონცერტო დარბაზისთვის. მისი ფორმა და იდეა ანიშ კაპურის შემოქმედების – Leviathan-ის მიხედვითაა შექმნილი.
ავტორების სურვილი იყო, პროექტი გამხდარიყო აღდგენის სიმბოლო, ამიტომაც დაარქვეს Ark nova – ახალი კიდობანი. რა თქმა უნდა, იგი ვერ შეიფარებდა ცხოველებს და ადამიანებს კატასტროფის დროს, მაგრამ შეეძლო ემოგზაურა მუსიკასთან ერთად, კულტურით და ხელოვნებით აღდგენის იმედით.
დაწერე კომენტარი