არსებობს ფილმები და არსებობს სცენები, რომლებიც ესთეტიკური თვალსაზრისით სამუდამოდ რჩებიან ჩვენს მეხსიერებაში. Hammock გთავაზობთ შვიდ ფილმს, რომელთა დაუვიწყარი სცენები სასტუმროების კედლებშია გადაღებული.


ნათება, 1980


როდესაც ჯეკ ტორენსი სასტუმროს ბარში ბურბონს მიირთმევს, ცოლი მას შვილზე ძალადობაში დაადანაშაულებს. სასოწარკვეთილი და გაშმაგებული პერსონაჟი ბარმენთან საუბრისას პირდაპირ მაყურებელს უყურებს თვალებში, რაც სცენას ბევრად უფრო დაძაბულს და მიმზიდველს ხდის. ეს მომენტები ჯეკ ნიკოლსონის საუკეთესო პერფორმანსებს შორის ერთ-ერთია.

ბინძური ცეკვები, 1987


დიახ, დაუჯერებლად თვალისმომჭრელი და ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ცეკვის სცენა ფილმიდან “ბინძური ცეკვები”, სწორედ სასტუმროშია გადაღებული. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ სასტუმრო დღემდე ძალიან აქტუალურია და აქ ყოველ შაბათ-კვირას ტარდება ჯგუფური ცეკვის კლასები, რასაც ისე მოიხსენიებენ, როგორც “Dirty Dancing weekends”.

ლამაზმანი, 1990


რიჩარდ გირისა და ჯულია რობერტსის დაუვიწყარი დუეტი. ამ შემთხვევაშიც ამბავი ძირითადად სასტუმროში ვითარდება. საინტერესოა, რომ “ლამაზმანი” ერთადერთი ფილმი არ არის, სადაც მდიდრული Beverly Wilshire Hotel-ის ცქერით დატკბებით. ამავე სასტუმროშია გადაღებული ეპიზოდები ფილმებისთვის: “სულელი”, “მაიმუნების პლანეტიდან გაქცევა” და “სექსი დიდ ქალაქში”.

თარგმანში დაკარგულები, 2001


ფილმებში სასტუმროს ბარში უმეტესად მარტო მყოფ, მოწყენილ პერსონაჟებს შეხვდებით. მათ შორის ერთ-ერთია შარლოტა, რომელიც ვარსკვლავ ბობ ჰარისს სწორედ ტოკიოში, სასტუმროს ბარში გაიცნობს (“თარგმანში დაკარგულები”, რეჟისორი სოფია კოპოლა). შარლოტა ტოკიოში თავის შეყვარებულთან ერთად მიდის, თუმცა დროის გატარება უცხო მეტროპოლისში ძირითადად მარტოს უწევს, ამიტომაც კომფორტს სასტუმრო ოთახის მახლობლად ეძებს. სასტუმროს ბარში ბობთან ერთად დალევით მათი “მეგობრობა” იწყება. მათ გამწვავებული მარტოობის შეგრძნება აერთიანებთ.

სასტუმრო “შევალიე”, 2007


უეს ანდერსონის ეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი მხოლოდ 13 წუთის განმავლობაში გრძელდება, თუმცა მთელი 13 წუთი ამაღელვებელი მომენტებითაა სავსე. როცა კაცი გაიგებს, რომ მისი ყოფილი შეყვარებული პარიზში ჩადის, ის სასწრაფოდ ალაგებს სასტუმრო ოთახს, სადაც თვეზე მეტ ხანს ცხოვრობდა და რთავს სიმღერას “Where Do You Go To (My Lovely)”. ქალის დაბრუნებისთანავე მათი ურთიერთობა აღდგება. ყოველივე ეს მაყურებლისთვის უამრავ პასუხგაუცემელ კითხვას აჩენს. თავიდან ფეხებამდე მარკ ჯეიკობსის ტანისამოსში გამოწყობილი პერსონაჟების ყურება მთლიანად ყვითელ ფონზე, ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ რამდენად საინტერესო და მომხიბვლელი შეიძლება იყოს უეს ანდერსონის რეჟისორობით გადაღებული ასე მოკლემეტრაჟიანი ფილმიც კი.


შუაღამე პარიზში, 2011


ფილმის  სიუჟეტი პარიზში ვითარდება. აქ რომანტიკოსი მწერალი შეყვარებულთან ერთად ჩამოდის და წყვილი 5-ვარსკვლავიან სასტუმროში ჩერდება. მართალია, ფილმის ძირითადი, ამაღელვებელი სცენები პარიზის ქუჩებსა და ბარებშია გადაღებული, თუმცა წყვილის სასტუმრო ოთახი ის მნიშვნელოვანი დეტალია, რომელიც ხაზს უსვამს პარიზისთვის დამახასიათებელ მდიდრულ, ესთეტიკურად დახვეწილ სტილს.

სასტუმრო “გრანდ ბუტაპეშტი”, 2014

ეს იმ შემთხვევათაგანია, როცა სწორედ ადგილზეა  (სასტუმრო) ფილმის მთავარი აქცენტი და სათაურიც კი ადგილიდან  გამომდინარე ენიჭება. მართალია, “გრანდ ბუდაპეშტი” გამოგონილი სასტუმროა, რომელზეც აშკარად იგრძნობა ევროპის სხვა სასტუმროების გავლენა, თუმცა ეს არის კინემატოგრაფიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი სცენები სასტუმროდან. რასაკვირველია, უეს ანდერსონი ამ შედეგს მისთვის დამახასიათებელი გადაღების სტილისა და განსაკუთრებული ფერების საშუალებით აღწევს.