დაწყებული ალექსანდრ მაკ-ქუინიდან, რომელმაც ჰერბერტ უელსის „ექიმი მოროს კუნძულის“ მიხედვით შექმნა კოლექცია It’s a Jungle Out There, დამთავრებული ალესანდრო მიკელეთი, რომელმაც გუჩის 2018 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციაში კიბორგები დონა ჰარაუეის „კიბორგის მანიფესტის“ გავლენით წარმოადგინა, გთავაზობთ იმ წიგნების ჩამონათვალს, რომლებმაც მოდის ინდუსტრიაზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინეს.
„ორლანდო“, ვირჯინია ვულფი
მე-20 საუკუნის ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა რომანმა, ვირჯინია ვულფის „ორლანდომ“, რომელიც დღესაც დიდი პოპულარულობით სარგებლობს, ხელოვნების არაერთ დარგზე იქონია უდიდესი გავლენა. რომანი დიდგვაროვანი ინგლისელი ჭაბუკის - ორლანდოს ისტორიას, მის ქალწულად გარდასახვასა და 300-წლოვანი მოგზაურობის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც თანამედროვე დიზაინერების და მათი შექმნილი კოლექციებისთვისაც მრავალჯერ გამხდარა შთაგონების წყარო - ანნ დემელმეისტერის 2007 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია, კრისტოფერ ბეილის მიერ ბარბერისთვის შექმნილი 2016 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია, Comme des Garçons-ის დამფუძნებლის, რეი კავაკუბოს შექმნილი 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია - სამივე მათგანი ელიზაბეთ I-ის მმართველობის პერიოდის, მე-16 საუკუნის ჩაცმულობის სტილითაა შთაგონებული, უფრო ზუსტად კი, „ორლანდოსთვის” დამახასიათებელი სტილით.
„ფრანკენშტეინი“, მერი შელი
მერი შელის მოთხრობილი ამბავი ადამიანის შესაძლებლობებზე, შიშსა და დაპირისპირებაზე, რომლის მთავარ გმირად ვიქტორ ფრანკენშტეინი გვევლინება, ყველაზე მნიშვნელოვანი, უდიდესი გავლენის მქონე ინგლისურენოვანი გოთიკური რომანია. „ფრანკენშტეინის“ ეს ზეგავლენა მოდის ინდუსტრიასაც გადასწვდა და ერთ-ერთ ყველაზე ხშირად გამოყენებულ ლიტერატურულ ქმნილებად ითვლება. 2013 წელს პრადასა და კრისტოფერ კეინის შექმნილ სამოსზე მრავლადაა 1931 წლის ფილმ „ფრანკეშტეინში“ ბორის კარლოფის მიერ შესრულებული ვიქტორ ფრანკეშტეინის გამოსახულება. კიდევ უფრო ადრე „ფრანკენშტეინის“ გავლენას ალექსანდრ მაკ-ქუინის 1999 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაშიც ვაწყდებით, უკანასკნელ წლებში კი ალესანდრო მიკელეს მიერ შექმნილი გუჩის 2018 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციაში, რომლის შესახებაც დიზაინერმა დაწერა: „ჩვენ, ყველანი ჩვენსავე ცხოვრების ფრანკენშტეინები ვართ“.
„კიბორგის მანიფესტი: მეცნიერება, ტექნოლოგია და სოციალისტური ფემინიზმი გვიან მეოცე საუკუნეში“, დონა ჰარაუეი
გარდა „ფრანკენშტეინისა“, ალესანდრო მიკელემ გუჩის 2018 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის შესაქმნელად დონა ჰარაუეის სტატია „კიბორგის მანიფესტიც“ გამოიყენა. ამერიკელი ფემინისტი ფილოსოფოსის - დონა ჰარაუეის სტატიაში კიბორგები ცოცხალი ორგანიზმებისა და მანქანების სინთეზს წარმოადგენენ, რაც ალესანდრო მიკელეს კოლექციისთვის შთაგონების მთავარი წყარო გახდა. დიზაინერმა კოლექცია სამედიცინო ოთახის მსგავს სივრცეში, საავადმყოფოსთვის დამახასიათებელი საწოლებისა და განათებების ფონზე წარადგინა. ალესანდრო მიკელეს კოლექციაზე გავლენა ფრანგი ფილოსოფოსის - მიშელ ფუკოს „ზედამხედველობა და დასჯამაც“ იქონია.
„მექანიკური ფორთოხალი“, ენტონი ბერჯესი
ენტონი ბერჯესის საკულტო დისტოპიურ რომანში - „მექანიკური ფორთოხალი“ - 15 წლის პროტაგონისტი, ალექსი, გაუპატიურების, მკვლელობისა და სხვა ძალადობრივი ქმედებების შესახებ საკუთარ ამბავს მოგვითხრობს. წიგნში დეტალურად აღწერილი სამოსისა და შემდგომში რომანის სტენლი კუბრიკისეულ ეკრანიზაციაში გაცოცხლებული ამავე სამოსის თავისებური ინტერპრეტაცია 2019 წელს ჯუნ ტაკაჰაშიმაც შემოგვთავაზა. დიზაინერის მიერ Undercover-ისთვის შექმნილ 2019 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციაში შეხვდებით თეატრალური ნიღბებით და ბოულერის ქუდებით შემოსილ მოდელებს. გარდა ამისა, სამოსსა და სხვადასხვა აქსესუარებზე სტენლი კუბრიკის „მექანიკურ ფორთოხალში“ ალექსის როლის შემსრულებლის - მალკოლმ მაკდაუელის გამოსახულებებსაც წააწყდებით.
„ნათება“, სტივენ კინგი
სტივენ კინგის „ნათება“ კიდევ ერთია იმ ნაწარმოებთაგან, რომლებიც მოდის ინდუსტრიაში საკმაოდ აქტიურად გამოიყენება. საშინელებათა ჟანრის რომანის სიუჟეტი სასტუმრო „ოვერლუქში“ ვითარდება, სადაც ჯეკ ტორანსი ახალ სამსახურს მიიღებს და ოჯახთან ერთად ახალი ცხოვრების დაწყების მიზნით მიდის, თუმცა მალევე ამ იმედს გაურკვევლობა, გაუცხოება და შიში ანაცვლებს. რომანში შექმნილი გარემო ალექსანდრ მაკ-ქუინმა იდეალურად მოარგო 1999 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის - The Overlook-ის ჩვენებას. ჩვენებაზე მოწყობილ დათოვლილ არყის ტყეში მოციგურავეებს და სტენლი კუბრიკის „ნათებიდან“ საკულტო სცენას - დერეფანში მდგარ ტყუპებსაც შეხვდებით.
Mumbo Jumbo, იშმაელ რიდი
Mumbo Jumbo, რომლის სიუჟეტიც 1920-იანი წლების ამერიკაში ვითარდება, მოგვითხრობს ეპიდემია Jes Grew-ზე, რომელიც ძალაუნებურად ცეკვას და ჯაზით სიამოვნების მიღებას იწვევს და რომლითაც ფერადკანიანები არიან დაავადებულნი. იშმაელ რიდის ეს სატირული ნაწარმოები გრეის უელს ბონერის 2019 წლის შემოდგომა-ზამთრის Mumbo Jumbo-დ წოდებული კოლექციის მთავარ შთაგონების წყაროდ იქცა. ჩვენება თავად წიგნის ავტორის მიერ ფორტეპიანოზე შესრულებული მუსიკის თანხლებით წარიმართა.
„ექიმი მოროს კუნძული“, ჰერბერტ უელსი
ალექსანდრ მაკ-ქუინმა 1997 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის - It’s a Jungle Out There შექმნისთვის ჰერბერტ უელსის „ექიმი მოროს კუნძული“ დაიხმარა. სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის რომანის სიუჟეტი მთავარი გმირის - ედვარდ პრენდიკის ისტორიას მიჰყვება - ის საზღვაო კატასტროფას გადაურჩა და კუნძულთან ხვდება, რომელიც ვივისექციით გატაცებულ ექიმ მოროს ეკუთვნის. ალექსანდრ მაკ-ქუინმა ჰერბერტ უელსის რომანი თავისებურად გარდაქმნა და It’s a Jungle Out There კოლექციის ჩვენებაზე მოდელები კატისებრი გრიმით, მოუწესრიგებელი თმით, ცხოველისპრინტიანი და ბეწვით დაფარული სამოსით წარადგინა.
„მხევლის წიგნი“, მარგარეტ ეტვუდი
1985 წელს დაწერილი დისტოპიური რომანის - „მხევლის წიგნის“ პოპულარულობამ, მის მიხედვით შექმნილი სატელევიზიო სერიალის წყალობით, უკანასკნელ წლებში მკვეთრად იმატა. რომანის მოქმედება მომავლის ამერიკაში ხდება - ამერიკის მთავრობას კვაზი-ქრისტიანთა ჯგუფი ამხობს, რომლებიც ღმერთისა და რელიგიის სახელით ისეთ გარემოს ქმნიან, სადაც ქალებს მუშაობა, სიყვარული, სურვილისამებრ ქმედება ეკრძალებათ და თავიანთ სხეულს თავად ვერ აკონტროლებენ. წიგნის გმირი ქალები წითელი მანტიით და თეთრი თავსაბურავით იმოსებიან, რის მიხედვითაც ნიუ-იორკში დაფუძნებულმა Vaquerra-მ Hulu-სთან თანამშრომლობით 2017 წელს „მხევლის წიგნის“ კოლექცია შექმნა.
დაწერე კომენტარი