ბრაზილიელი არქიტექტორი ოსკარ ნიმეიერი, რომლის სახელსაც მრავალი გამორჩეული და საინტერესო დიზაინის ნაგებობა უკავშირდება, მოდერნისტული არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. თეთრი ფერის, გრაციოზული მრუდე ფორმები მოდერნისტი არქიტექტორის ხელწერის მთავარი კომპონენტებია, რითაც ნეიმარმა ბრაზილიის არაერთი სამოქალაქო შენობაც კი შექმნა. მისმა განსხვავებულმა ესთეტიკამ და ტალღოვანი ფორმების სიყვარულმა პირველად მაშინ მიიპყრო საერთაშორისო ყურადღება, როცა ხელოვანმა ბრაზილიაში მდებარე სან-ფრანცისკოს ბაზილიკა დაასრულა, ეს ყურადღება კი არც მაშინ დასრულებულა, როცა 2012 წელს ოსკარ ნიმეიერი 104 წლის ასაკში გარდაიცვალა.
რიო-დე-ჟანეიროში დაბადებულმა არქიტექტორმა, რომელიც განსაკუთრებული სიყვარულით ეკიდებოდა სამშობლოში განხორციელებულ პროექტებს, მოახერხა, რომ მისი სახელი ბრაზილიური მოდერნისტული არქიტექტურის სინონიმი გამხდარიყო. თავდაპირველად ნიმეიერი რიო-დე-ჟანეიროს ხელოვნების სკოლაში არქიტექტურას სწავლობდა, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ის მალევე შეუერთდა მოდერნისტული მოძრაობის გამორჩეული წევრის, ლუსიო კოსტას გუნდს, რომელთან ერთადაც 1937-43 წლებში ქვეყნის განათლებისა და ჯანდაცვის სამინიტროების შენობებზე მუშობდა, რომლებიც დღესდღეობით უამრავი ადამიანისთვის ბრაზილიური მოდერნისტული არქიტექტურის თვალსაჩინო შედევრებს წარმოადგენს. ამ შენობებზე დაკვირვებისასაც ნათელი ხდება, რომ ნიმეიერი ლე კორბუზიეს გავლენას განიცდიდა, რომელსაც ერთხელ ნიმეიერისთვის ასეთი რამ უთქვამს: ოსკარ, რასაც შენ აკეთებ, ბაროკოა, მაგრამ ძალიან კარგად შესრულებული".
ცხადია, რომ სინამდვილეში ნიმეიერის არქიტექტურა ბაროკოს სტილს ნამდვილად არ მიეკუთვნება და ფორმები, რომლებსაც ნიმეიერი თავის შემოქმედებაში იყენებდა, ძალიან მარტივ ახსნასაც ექვემდებარებოდა. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ხელოვანი ამბობს, არასდროს ყოფილა დაინტერესებული ადამიანების მიერ შექმნილი სწორი ხაზებით, მის ყურადღებას ყოველთვის უფრო უსწორმასწორო, ტალღოვანი ფორმები იპყრობდა, რომელიც არქიტექტორს ბრაზილიის მთებზე, მდინარეებზე, ოკეანის ტალღების ზედაპირზე და რაც მთავარია, საყვარელი ქალის სხეულზე უნახავს. მისი მემუარული წიგნიც სწორედ ამ ფორმების აღმნიშვნელ სათაურს ატარებს - Curves Of Time, რომელშიც მოდერნისტული არქიტექტურული შედევრების უკან მდგარი კაცის ისტორიაა მოთხრობილი.
ამ შედევრებს შორის კი ერთ-ერთი პირველი ბრაზილიაში მდებარე ურბანული პროექტი პამპულიის თანამედროვე ანსამბლია. 1941 წელს იმ დროს ჯერ კიდევ ბელო ჰორიზონტეს მერის, ჟუსელინო კუბიჩეკის თხოვნით შესრულებული პროექტი, რომელიც ეკლესიას, გოლფის კლუბს, იახტ-კლუბს, კაზინოს, რესტორანს და ტბას მოიცავს, დღეს იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შესული.
როცა ჟუსელინო კუბიჩეკი ქვეყნის პრეზიდენტი გახდა, მან ნიმეიერს კიდევ ერთხელ მიმართა თხოვნით, თუმცა ამჯერად იმისათვის, რომ ბრაზილიის დედაქალაქის იერსახე მისი სტილის შესაბამისად შეეცვალა. ნიმეიერი სიამოვნებით დათანხმდა შეთავაზებას და ბრაზილიის სამთავრობო შენობების დაპროექტება დაიწყო. ასეთ შენობებს შორისაა პრეზიდენტის სასახლე და იუსტიციის სამინისტროც.
1961 წელს ნიმეიერი დაუბრუნდა კერძო პრაქტიკას და სხვადასხვა დროს დიდი ხნით ცხოვრობდა საფრანგეთსა და ისრაელში. 1966 წელს მან ნიცასთან ახლოს ძალიან საინტერესო ურბანული სივრცე შექმნა, მასვე ეკუთვნის საფრანგეთის კომუნისტური პარტიის შენობის დიზაინიც. გარდა საფრანგეთისა, მას უმუშავია ესპანეთშიც, სადაც ნიმეიერმა 2007 წელს კულტურის ცენტრი დააპროექტა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ნიუ-იორკში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შენობა შექმნა.
არქიტექტორი, რომელმაც ახალი ესთეტიკური ხედვა შემოიტანა გასული საუკუნის მოდერნისტულ არქიტექტურაში, განსაკუთრებით კი ბრაზილიურ არქიტექტურაში, უამრავი მნიშვნელოვანი ჯილდოს მფლობელია, მათ შორისაა 2004 წელს მიღებული იაპონიის ხელოვნების ასოციაციის ჯილდო - Praemium Imperiale.
დაწერე კომენტარი