“ჩემთვის ბუნება და ტექნოლოგია მთავარი საყრდენი, იმედი და მომავალია”, - ამბობს ბიორკი.
ისლანდიელი მომღერალი, კომპოზიტორი და მსახიობი ბიორკ გუდმუნდსდოტირი სახელგანთქმულია თავისი უნიკალური შემოქმედებით, ელექტრონული მუსიკისა და ორგანული ბგერების შერწყმის ოსტატობით.
მუსიკოსის გარშემო ბავშვობიდანვე არსებობდა მხოლოდ ბუნება - მთები, ტყეები და ოკეანე, ის, რაც რეალური და ნამდვილი იყო. ჰიპების სკოლაში დადიოდა, სადაც ირგვლივ ყველაფერი ხისგან იყო დამზადებული. ინტერესი ტექნოლოგიების მიმართ სტომატოლოგის კაბინეტში მოხვედრისას გაუჩნდა, როდესაც ტექნოლოგიური ინსტრუმენტები ნახა - “ვაუ, გასაოცარია, სწორედ ეს არის მომავალი!”, - იხსენებს ბიორკი.
1977 წელს 11 წლის ბიორკმა პირველი სოლოალბომი გამოსცა, სადაც სხვადასხვა სიმღერის ქავერები შედიოდა. თინეიჯერობისას ის არაერთ ბენდში მღეროდა. 18 წლის ასაკში, პანკ-როკ ჯგუფის, Kukl-ის დაშლის შემდეგ, ბენდის ძირითადმა შემადგენლობამ ჩამოაყალიბა ახალი ჯგუფი - Sugarcubes, რომლის წამყვანი ვოკალისტი ბიორკი გახლდათ. ჯგუფმა გაერთიანებულ სამეფოში პირველი სადებიუტო ალბომი - Life’s Too Good (1986) გამოუშვა. 1992 წლის მიწურულს ჯგუფი დაიშალა, ბიორკმა კი თავისი სოლოკარიერა დამოუკიდებლად გააგრძელა.
1993 წელს, ლონდონში დაბრუნების შემდეგ, მისი პირველი საერთაშორისო სადებიუტო სოლოალბომი გამოვიდა, სადაც მრავალგვარ მუსიკას მოისმენდით - ელექტროპოპს და ჯაზს. ალბომში ჰიტები Big Time Sensuality და Venus as a Boy შედიოდა. მისი შემდეგი ალბომი - Post (1995) სიმღერით Army of Me იწყებოდა, სადაც სტომატოლოგად დიდი გორილა გვევლინება. ალბომში იოდელების ხრინწიან ხმებსა და რიტმული მუსიკის სინთეზს ვხვდებით.
1997 წელს მუსიკოსმა ექსპერიმენტული ნამუშევარი - Homogenic წარადგინა, კიმონოს სამოსში გამოწყობილ არტისტსს ფონად ფილიგრანული ყვავილები ამშვენებდა. სიმღერის, Hunter-ის კლიპში, არტისტის სახე სხვადასხვა ცხოველად გარდაისახება. ალბომზე მარკ ბელთან ერთად ითანამშრომლა. ისინი ლარს ფონ ტრიერის ფილმის, Dancer in the Dark-ის (2000) მუსიკაზეც ერთობლივად მუშაობდნენ. კანის საერთაშორისო კინოსფესტივალზე ფილმმა ოქროს პალმის რტო დაიმსახურა, ხოლო ბიორკი ქალის საუკეთესო როლზე იყო წარდგენილი.
2001 წელს მშვიდი და ჰიპნოზური ალბომი - Vespertine გამოუშვა, სადაც ბიორკს მშვენიერ სამყაროში მოგზაურობისას უჩვეულო მიწისქვეშეთში გადავყავართ. მისი მეხუთე ალბომი - Medúlla (2004) ვოკალისტთა და ბითბოქსთა სინთეზით გამოირჩევა, სადაც ისლანდიური და ინგლისური გუნდებისა და ესკიმოსთა ტრადიციული ხმები გვესმის. აფრიკულ რიტმებს კი არტისტის მეშვიდე ეკლექტიკურ ალბომში - Volta (2007) მოისმენდით.
Biophilia (2011) მუსიკოსის ყველაზე გამორჩეული ალბომია, რადგან ის შეიქმნა როგორც აიფონისა და აიპადის აპლიკაცია, რომელიც Apple App Store-დან იყო ხელმისაწვდომი. აპლიკაციაში ბიორკის ვიდეო და სიმღერები ტექსტებთან ერთადაა თავმოყრილი, სადაც ვირუსებსა და ქსოვილებს, მთვარესა და მიქცევ-მოქცევებს ვხვდებით. მუსიკოსი ალბომით ბუნებას, მუსიკასა და ტექნოლოგიას ერთმანეთთან აკავშირებს.
ალბომში - Utopia (2017) ბიორკის ვირტუალური რეალობაა ასახული, მის კლიპებში ყველა ცოცხალ ორგანიზმს: ჰიბრიდებს, ლანდშაფტებს, მცენარეებსა თუ ცხოველებს შეხვდებით. ჩიტებისა და ფლეიტის ხმას საოცარი ჟღერადობა აქვს, თუმცა ალბომის ბოლო სიმღერაში - Future Forever ინსტრუმენტების ხმა აღარ გვესმის, ხოლო მელოდია უმოძრაო და სტატიკური ხდება.
2019 წელს ნიუ-იორკის კულტურის ცენტრ The Shed-ში ბიორკის მეათე საკონცერტო ტური - Cornucopia გაიმართა, სადაც დაუვიწყარ მულტიმედიურ სანახაობებთან ერთად, მაყურებელი ბიორკის გასაოცარი ექსტრავაგანტული და დამახასიათებელი კოსტიუმებით ტკბებოდა.
“მე ბიოლოგიურსა და ურბანულს შორის ბალანსის დაჭერა მსურს”, - ამბობს ბიორკი.
დაწერე კომენტარი