ექსტრავაგანტური მეკობრე, გოთიკური სტილის მაკრატელხელება მორცხვი ბიჭი, ყველაზე ცუდი რეჟისორი კინემატოგრაფიის ისტორიაში, ალისას ერთგული მხლებელი საოცრებათა ქვეყნიდან, შოკოლადის ქარხნის მფლობელი თუ ჰარი პოტერის პრეისტორიის სახელოვანი ბოროტმოქმედი - რთულია ისეთი პერსონაჟის მოძებნა, რომლის დასამახსოვრებელ მიმიკებს, ჩაცმულობას, გარეგნობას, ხასიათსა და საუბრის მანერას გარდასახვის დიდოსტატი ჯონი დეპი ვერ მოირგებს. მისი ნიჭი ერთმანეთისგან განსხვავებული და სახასიათო გმირების შექმნაა, რომელთა დავიწყება, ფილმის ერთხელ ნახვის შემდეგ, წარმოუდგენელია.


ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი და მუსიკოსი ჯონი დეპი 1963 წლის 9 ივნისს კენტუკის შტატში დაიბადა. მრავალფეროვნებას ბავშვობიდანვე შეეჩვია; დეპის ოჯახი საცხოვრებელს გამუდმებით იცვლიდა. სიახლეებსა და თავგადასავლებს შეჩვეულს სტაბილური ცხოვრებისადმი სიყვარული არც მოზარდობისას გამოუვლენია; 16 წლის ასაკში სკოლა მიატოვა, რათა ცხოვრება მუსიკისთვის მიეძღვნა. 1980-1984 წლებში უკრავდა ბენდში “Kids”.  მუსიკალურ კარიერაში ფეხის მყარად მოსაკიდებლად ბენდთან ერთად მალე გეზი ლოს-ანჯელესისკენ აიღო, სადაც მომავალ ცოლს - ლორი ენ ელისონს შეხვდა. სწორედ ელისონმა შეახვედრა ნიკოლას ქეიჯს, რომლის წყალობითაც ახალგაზრდა ჯონი დეპმა ბედი კინოში სცადა და 1984 წელს პირველი როლი მიიღო ფილმში “კოშმარი ელმ სტრიტზე”. 


ჯონი დეპის კარიერაში გარდამტეხი მომენტი 1987 წელი აღმოჩნდა, როდესაც მაყურებელმა ტელესერიალში 21 Jump Street პირველად იხილა მისი პერსონაჟი ტომ ჰენსონი - პოლიციელი, რომელიც დანაშაულის გამოსაძიებლად თავს უბრალო თინეიჯერად ასაღებს. 1990 წელს დეპმა ტელესერიალი მიატოვა და ტიმ ბარტონის ფილმში მაკრატელხელება ედვარდის როლის შესრულებით საზოგადოების ყურადღება კიდევ ერთხელ მიიპყრო. მაკრატელხელება ედვარდმა მაყურებელს თავი არა მხოლოდ უჩვეულო და მომნუსხველი გარეგნობით, არამედ მსახიობის შესანიშნავი შესრულებითაც დაამახსოვრა. ჯონი დეპის მორცხვი, მშვიდი და თოვლის ფიფქივით სუფთა პერსონაჟი მსახიობის კარიერაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და მნიშვნელოვან როლად ითვლება, რომელმაც მას ოქროს გლობუსის ნომინაცია მოუტანა. ასე შედგა ახალგაზრდა ტიმ ბარტონისა და ჯონი დეპის ტანდემი, რომელიც მათი სამომავლო წარმატებული ურთიერთობის მხოლოდ დასაწყისი იყო. 


რეჟისორ ტიმ ბარტონს ჯონი დეპის ბიოგრაფიაში  განსაკუთრებული ადგილი ეკუთვნის, რადგან მსახიობმა ეკრანებზე სწორედ მისი წყალობით გააცოცხლა სამსახიობო კარიერაში თავისი რამდენიმე ყველაზე წარმატებული და დასამახსოვრებელი პერსონაჟი. ტიმ ბარტონის საფირმო გოთიკური, ექსტრავაგანტური და უცნაურად ჯადოსნური ფილმებიდან დეპისთვის მომდევნო კინემატოგრაფიის ყველაზე ცუდი რეჟისორის - ედ ვუდის პერსონაჟი აღმოჩნდა. 1994 წლის ფილმში დეპი ოსტატურად აცოცხლებს კეთილ ედ ვუდს, რომელიც წარუმატებელ სარეჟისორო კარიერას გულუბრყვილო თავდაუზოგაობით ებრძვის. ედ ვუდის როლმა დეპს ოქროს გლობუსის კიდევ ერთი ნომინაცია მოუტანა.


რეჟისორისა და მსახიობის თანამშრომლობის ერთ-ერთი გამორჩეული ნაყოფი 2005 წლის ფილმი “ჩარლი და შოკოლადის ქარხანაა”, რომელშიც ჯონი დეპი უცნაური, ქაოსური და ცოტათი სევდიანი ვილი ვონკას როლს ჩვეული პასუხისმგებლობითა და უშრეტი ენერგიით ეჭიდება. ვილი ვონკას პერსონაჟი ნებისმიერი ასაკის მაყურებლისთვის საყვარელი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ამავე წელს ჯონი დეპმა ყველა დროის ერთ-ერთ გამორჩეულ ანიმაციაში - “პატარძლის გვამი”  მთავარი გმირი - ვიქტორი გაახმოვანა.


2010 წელს, როდესაც ტიმ ბარტონი ყველასათვის საყვარელი ისტორიის, “ალისა საოცრებათა ქვეყანაში” თავისებურ, კიდევ უფრო მისტიკურსა და ბნელ ვერსიას იღებდა, ბევრი არ უფიქრია და ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო როლი გამოცდილ პარტნიორსა და მეგობარს მიანდო. ასე დაიბადა შეშლილი მექუდის პერსონაჟი, რომლის ცეცხლისფერი თმის, მკვეთრი მაკიაჟისა და უზარმაზარი ქუდის გარეშე საოცრებათა ქვეყნის წარმოდგენა შეუძლებელია.


ჯონი დეპის შემოქმედებაზე საუბარი მისი კარიერის პირველი დეკადის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლის აღნიშვნის გარეშე შეუძლებელია. 1993 წლის ფილმი “რა აწუხებს გილბერტ გრეიფს” მხოლოდ ლეონარდო დიკაპრიოს ფენომენალური შესრულებით როდია გამორჩეული; ფილმში მოთხრობილ ამბავს უთქმელი სევდისა და რეალურობის ელფერი მთავარი გმირის - გილბერტის გარეშე ნამდვილად ვერ ექნებოდა. დეპი პატარა ქალაქში დედასთან და ძმასთან ერთად გამომწყვდეული, მშრომელი, ჩუმი და სევდიანი მთავარი გმირის სახეს ძალიან კარგად გვიხატავს. 


ჯონი დეპის სხვა გამორჩეულ როლებს შორისაა, აგრეთვე,  ლეგენდარული პიტერ პენის შემქმნელის - ჯეიმზ მეთიუ ბარის როლი ფილმში “ნევერლენდის ძიებაში”. ამ საოცრად ემოციურმა შესრულებამ მსახიობს დამსახურებული ოქროს გლობუსისა და ოსკარის ნომინაციები მოუტანა.


თუმცა როლი, რომლის წყალობითაც ჯონი დეპის სახელი თითქმის ყველამ იცის, ვისაც კი ოდესმე ტელევიზორი ჩაურთავს - ექსცენტრიკული მეკობრე ჯეკ ბეღურაა. მართლაც, “კარიბის ზღვის მეკობრეები” ალბათ ერთ ჩვეულებრივ სათავგადასავლო ფილმად დარჩებოდა, მთავარი გმირის როლის შემოთავაზებას გარდასახვის ოსტატი რომ არ დათანხმებულიყო. შავად ჩახატული თვალები, უჩვეულო თმა, მეკობრის საყვარელი ქუდი და უცნაური კომპასი, საუბრისა და სიარულის გამორჩეული, დასამახსოვრებელი მანერა და საოცარი იუმორი - თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჯეკ ბეღურა კინემატოგრაფიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სახასიათო და გამორჩეული გმირია, რომლის თავგადასავლებს მაყურებელი კიდევ მრავალი წელი ვერ დაივიწყებს. როლმა მსახიობს ორი ოქროს გლობუსისა და ერთი ოსკარის ნომინაცია მოუტანა.

ჯონი დეპი იმ გამონაკლის მსახიობთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთაც ერთნაირი ოსტატობით შეუძლიათ რეალური ადამიანებისა თუ ფანტასტიკური და არაამქვეყნიური გმირების, სევდიანი თუ ქაოსური და არაპროგნოზირებადი სახეების შექმნა. ყველა ასაკისა და გემოვნების ადამიანისთვის უსაყვარლესი პერსონაჟების წყალობით, მაყურებელი მის ყოველ მომდევნო ფილმს მოუთმენლად ელის, რადგან დარწმუნებულია, რომ კიდევ ერთი საოცარი გარდასახვისა და დაუვიწყარი გმირის დაბადების მოწმე გახდება.