საუკუნეების განმავლობაში შავკანიანი მხატვრები პროტესტის ნიშნად ანტირასისტულ ნამუშევრებს ქმნიდნენ.

გთავაზობთ ნახატებს, სადაც ხელოვნება რასიზმს, გენდერულ უთანასწორობასა და, ზოგადად, მჩაგვრელ სისტემას უპირისპირდება

ჟან მიშელ ბასკია


შავკანიანი არტისტის, ჟან-მიშელ ბასკიას ნამუშევრები დღესაც საკმაოდ აქტუალურია. მის ნამუშევრებში რასიზმთან დაპირისპირება მუდმივად აისახებოდა. 


“ეს შესაძლოა მე ვყოფილიყავი,” - თქვა ბასკიამ 25 წლის შავკანიან არტისტზე, მაიკლ სტიუარტზე, რომელიც პოლიციელებმა მას შემდეგ დააკავეს, რაც არტისტმა მიწისქვეშა გადასასვლელის კედლები მოხატა. დაკავებისას სასტიკად სცემეს, რის შედეგადაც, ტვინის ძლიერი დაზიანების გამო,  კომაში მყოფი არტისტი 13 დღეში გარდაიცვალა. ნიუ-იორკის პოლიციელები კი დანაშაულის მიუხედავად მაინც გაამართლეს. ბასკიას ნახატი -  Defacement: The Untold Story ასახავს ამერიკის შეერთებულ შტატებში შავკანიან საზოგადოებასა და პოლიციელებს შორის არსებულ ურთიერთობას. ასევე, ნახატში მკაფიოდ ჩანს პოლიციელთა უხეშობის სცენა და მათი ძალის დისბალანსი.

Banksy 


ბრიტანელი ქუჩის არტისტი, Banksy კამპანიას Black Lives Matter-ს შეუერთდა და ჯორჯ ფლოიდის გახმაურებული მკვლელობის შთაგონებით, ანტირასისტული ნამუშევარი შექმნა. ბრიტანელმა არტისტმა შავკანიანთა მხარდასაჭერად ნამუშევარი თავის სოციალურ გვერდზეც გააზიარა.

ნინა ჩენელ აბნეი


ბოლო სამი წლის განმავლობაში ნინა ჩენელ აბნეი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მნიშვნელოვანი აფროამერიკელი არტისტია, რომელიც სოციალურ საკითხებზე ნამუშევრებს ქმნის. ჩართულია კამპანიაში Black Lives Matter და მისი მეოთხე პერსონალური გამოფენაც - Always A Winner სწორედ პოლიციელებსა და შავკანიან საზოგადოებას შორის არსებულ ურთიერთობას უკავშირდება. 

კრის ოფილი 


კრის ოფილს არაერთხელ გაუოცებია საზოგადოება თავისი შემოქმედებით, თუმცა მსოფლიო მის ნახატზე The Holy Virgin Mary განსაკუთრებით აღშფოთდა, რადგან ნახატში შავკანიანი ღვთისმშობლის მკერდის ერთ-ერთი მხარე სპილოს ფეკალიებითაა მოკაზმული. პროვოკაციულ ნაშრომს რელიგიური და სოციო-პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა. ნახატი კრისის ბავშვობის შეკითხვას პასუხობდა, რომელიც რასიზმსა და ქალწულობას ეხებოდა, სადაც ქალბატონები მხოლოდ მაშინ იყვნენ სასურველნი და მისაღებნი, თუ ისინი  ქალწულები იქნებოდნენ.


დღემდე ოფილის მთავარი ინტერესი შავკანიანთა ცხოვრებისა  და გამოწვევების ასახვაა, სადაც რასისტული ძალადობის მაგალითებია მოყვანილი. რაც შეეხება მის სხვა ნახატს, No Woman No Cry, კრისმა აჩვენა დორინ ლოურენსის მტირალა პროფილი, რომლის ვაჟიც, სტეფენ ლოურენსი 1993 წელს ლონდონში  რასისტულმა ბანდამ მოკლა. 

სომაია კრიჩლოუ 


სომაიას საკულტო ნაშრომები აღწერენ გაბედულ  პერსონაჟ ქალებს, რომლებიც ამხობენ რასობრივ დისკრიმინაციას. სომაიამ შეცვალა ისტორიული დამოკიდებულება, სადაც შავკანიანი ქალები პასიურები და უმოქმედონი აღარ არიან, არამედ სკამზე მსხდომნი, ნახევრად შიშველნი თავდაჯერებულად და მტკიცედ იყურებიან.

კერი ჯეიმს მარშალი 


საუკუნეების განმავლობაში შავკანიანები ხელოვნებაში ისე გვევლინებოდნენ, როგორც მონები. მხატვარ  კერი მარშალს სურდა და ცდილობდა  შეეცვალა რასისტული იდეები.  


“რაც უფრო ღია ფერის კანი გაქვს, მით უფრო მისაღები ხარ. რაც უფრო მუქი ფერის კანი გაქვს,  მარგინალიზებული ხდები. მე მსურს, სიშავე სილამაზის კონტექსტში ვაჩვენო. ეს კი სრულიად შესაძლებელია”.


“თეთრკანიანები პრივილეგირებულნი არიან, ეს მოსაზრება რასობრივ იერარქიას აძლიერებს, რაც ეთიკურად დიდ პრობლემაც წარმოადგენს,” - ამბობს კერი მარშალი.

ემა ამოსი


ემას  შემოქმედებითი  აქტივიზმი ზუსტად ასახავდა იმ რეალობას, რაც მის წინაშე იყო. მის  ნახატებსა თუ პრინტებში აშშ-ში არსებულ რასიზმსა და გენდერულ უთანასწორობას შეხვდებით, სადაც მკაფიოდ  ჩანს ხელოვანის  დამოკიდებულება და პოზიცია სისტემის მიმართ.  ნამუშევრებში ქალების სექსუალურად შევიწროვებაა ასახული, სადაც აფროამერიკელების ცხოვრება ჩვენს საზოგადოებაში გაუფასურებულია. 


“როგორც შავკანიან არტისტს, არჩევანის საშუალება მაქვს, გავიაზრო და გადავწყვიტო, თუ რა ფერის უნდა იყვნენ ჩემი ფიგურები. მე თითქმის არასდროს ვხატავ თეთრკანიანებს. ვხატავ  ყავისფერს ან შავს, მაგრამ იშვიათად თეთრს”, - თქვა ემა ამოსმა.

ტორნტონ დიალი 


საღებავებისა და სხვადასხვა მასალების გამოყენებით დიალმა შექმნა ისეთი არტნამუშევრები, სადაც თავისი დამოკიდებულება ომთან, რასიზმთან, სიღარიბესა და სექსუალურ ურთიერთობებთან მკაფიოდ გამოხატა. 

დიალი თავის შემოქმედებაში ვეფხვის სიმბოლოს შავკანიანთა მამაკაცურობის აღსანიშნავად იყენებდა. 

ფაიტ რაინგოლდი



ფაიტის ნამუშევრებიდან განსაკუთრებით ცნობილია მისი 20 ნახატის სერია - American People (1963-7), რომელიც ასახავს აშშ-ის ისტორიის მშფოთვარე პერიოდს, სადაც ნახატები შავკანიანების მიმართ ქვეყანაში არსებულ სისასტიკეს ეხმიანებიან. გაცვეთილად ჟღერდა, როდესაც ნახატებსა თუ რამე ნამუშევარს რასიზმის სოლიდარობისათვის ქმნიდნენ, თუმცა ფაიტის ნახატებიც დომინანტური სტრუქტურის მიმართ პროტესტის გამომხატველია.

კენტურა დევისი

მიუხედავად იმისა, რომ დევისი მხოლოდ შავკანიან ქალებს არ ხატავს, მისი მთავარი ფოკუსი მაინც აფროამერიკელი ქალები და ფემინიზმია. ქალების მზერა რეფლექსურობას, მოკრძალებულობას, სიხარულსა და დაქანცულობას გამოხატავს, ამ გზით კი პორტრეტები თანასწორობისა და რასიზმის თემას ასახავენ. დევისი თავის შემოქმედებაში მთავარ კითხვას სვამს: “რას ნიშნავს ადამიანად  ყოფნა, განურჩევლად ფერისა თუ სქესისა?”.