3 ივნისს დედაენის პარკში ექსტრემალური სპორტის ფესტივალი კიდევ ერთხელ გაიმართა. Extreme Fest Tbilisi-ის მთავარი მესიჯია "სპორტი გვაერთიანებს". ფესტივალის ორგანიზატორები არსენ მამიტოვი და შმაგი სამხარაძე არიან. არსენი ოსია, წარმოშობით ცხინვალიდან. მისი მიზანია საქართველოში განავითაროს ექსტრემალური სპორტის სახეობები და ქართველ ახალგაზრდებს მისცეს შესაძლებლობა საკუთარი ქვეყანა სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმებზე ღირსეულად წარადგინონ.
ფესტივალს ყველა ასაკის თუ ინტერესების მქონე მაყურებელი ჰყავს. ამჯერად სტუმრებს შორის ახალგორიდან დევნილი ბავშვებიც იყვნენ. მოგეხსენებათ, 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რუსეთის ფედერაციამ მოახდინა ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია. ქართველი და ოსი ახალგაზრდები, რომლებიც Extreme Fest Tbilisi-ის ირგვლივ გაერთიანდნენ, მიზნად ისახავენ საკუთარი საქმიანობით ხელი შეუწყონ შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს.
"მე არსენ მამიტოვი ვარ, წარმოშობით ცხინვალის რეგიონიდან. ექსტრემალური სპორტის ამ სახეობების განვითარება იმიტომ გადავწყვიტე, რომ საქართველოში ძალიან დიდ შესაძლებლობებს ვხედავ. ამიტომ, მჯერა, რომ რამდენიმე წელიწადში შევძლებთ ისეთი რაიდერები გავზარდოთ, რომლებიც საერთაშორისო დონის ჩემპიონატებზეც მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის - ოლიმპიადებზეც კი. მე მჯერა ამის და ყველაფერს გავაკეთებ, რომ მიზანს მივაღწიო. მე ასევე მჯერა, რომ ჩვენი სლოგანი - „სპორტი აერთიანებს“ ჭეშმარიტებაა და სპორტის ამ სახეობებით ბევრი კარგი რამის გაკეთება და მიღწევაა შესაძლებელი".
"სპორტი არის ის კულტურა, რომელიც აერთიანებს ყველას - სხვადასხვა ეთნოსის, მრწამსისა თუ შესაძლებლობების ადამიანებს. ეს არ არის ის სივრცე, სადაც შეიძლება ადამიანები რაიმე ნიშნით დაყო, გარდა სპორტული უნარ-ჩვევებისა, - მარიამ სანოგო, ტელეწამყვანი
შარშან, შემოდგომაზე დედაენის პარკში ექსტრემალური სპორტის ფესტივალი საქართველოსა და კავკასიის მასშტაბით პირველად ჩატარდა და მას შემდეგ, ყოველ ახალ ღონისძიებაზე, სულ უფრო მეტ ექსტრემალური სპორტის მოყვარულს აერთიანებს.
დაწერე კომენტარი