8 ივნისიდან 10 ივნისამდე Visa-ს მხარდაჭერით თბილისში მესამე ZEG Storytelling Festival გაიმართება, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენელი სპიკერები ამბის თხრობის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ. 

თანამედროვე მსოფლიოში არსებული ტენდენციაა ინფორმაციის ძირითადად სოციალური და მასობრივი მედიის საშუალებით გავრცელება. ამ მხრივ სხვადასხვა “ისტორიები” მუდმივ კონკურენციაში არიან, რათა ჩვენი ყურადღება მიიპყრონ და იმის მიხედვით, თუ როგორაა გარკვეული იდეა, მოსაზრება ან ნარატივი გადმოცემული, დიდწილად განაპირობებს იმას, რამდენად მისწვდება ის სასურველ აუდიტორიას. 

ZEG ფესტივალის ერთ-ერთი მიზანი სწორედ იმის ჩვენებაა, თუ როგორ არჩევენ სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლები ისტორიებს, რომლებიც მაქსიმალურად ფართო აუდიტორიამდე მიაღწევს და, მეორე მხრივ, როგორ უნდა გავარჩიოთ ჩვენ, ფართო საზოგადოებამ რა ინფორმაციაა რელევანტური, მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ 21-ე საუკუნეში მნიშვნელოვნად გაზრდილია დეზინფორმაციის ინტენსიურობა, ზოგან კი გარკვეული ისტორიები თუ ამბები პოლიტიკური მოტივებითაა ცენზურა გავლილი. 

ZEG Storytelling festival, რომელიც 2019 წლიდან იმართება, მუდმივად იწვევს ისეთ სპიკერებს, რომლებსაც პოლიტიკური აქტივიზმის გამოცდილება აქვთ და თავიანთი პროფესიული კარიერის მანძილზე მასშტაბური დეზინფორმაციის პირობებშიც კი ცდილობდნენ ხმა მიეწვდინათ საზოგადოებისთვის. მაგალითად, წელს ფესტივალზე ვიხილავთ ისეთ სპიკერებს, როგორებიც არიან მარია რესა, ჟურნალისტი, რომელიც ფილიპინების მთავრობის კანონდარღვევებს წლებია აშუქებს და რომელიც ამისთვის არაერთხელ იყო დაჭერილი და ოლივია არტური, რომლის დოკუმენტური ფოტოგრაფიაც აჩვენებს, თუ რა გავლენა აქვს გლობალურ პოლიტიკურ მოვლენებს ჩვენს ყოველდღიურობაზე და როგორ შეუძლია თუნდაც რამდენიმე ფოტოს შეცვალოს ჩვენი პერსპექტივა მსოფლიოში და შთააგონოს ადამიანებს სოციალური პროგრესი. 2019 წელსაც ფესტივალის სცენა დიდწილად ჟურნალისტებს დაეთმოთ, რომლებიც დეზინფორმაციას მუდმივად ებრძვიან და რომლებმაც ისაუბრეს სოციალური მედიის პლატფორმების პრობლემებზე, ასევე მათ პასუხისმგებლობაზე. 

2022 წელს ფესტივალის სცენა დიდწილად უკრაინელ სპიკერებს და რუს დისიდენტ აქტივისტებს დაეთმოთ, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ერთ-ერთი ასეთი სპიკერი ოლეკსანდრა მატვიჩუკი იყო, რომლის სიტყვებიც ქართული აუდიტორიისთვისაც საყურადღებოა: “თავისუფლებისა და ადამიანის უფლებებისთვის 20-წლიანი ბრძოლის გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ ჩვეულებრივ ადამიანებს იმაზე ბევრად მეტი გავლენის მოხდენა შეუძლიათ, ვიდრე ჰგონიათ… ადამიანების მასობრივ მობილიზაციას ისტორიის კურსის შეცვლა შეუძლია”. 

ფესტივალი მხოლოდ პოლიტიკური სპიკერებით არ შემოიფარგლება და სცენა დაეთმობათ ადამიანებს, რომლებმაც შემოქმედებით ინდუსტრიებში წარმატებას ამბის თხრობის  უნიკალური ფორმების მიგნებით  მიაღწიეს. წლევანდელი სპიკერები - აარონ რასმუნსენი და ჯო საბია პლატფორმას უთმობენ მათ, ვისი გამოცდილებაც ჩვენთვის ხშირად უცნობია. საბიას Vogue-თან თანამშრომლობით შექმნილი ვიდეოსერია 73 Questions არტისტებს და სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს მოგვითხრონ თავიანთი შემოქმედებითი პროცესის და პირად ცხოვრებაში მიღებული გაკვეთილების შესახებ ისე, რომ მათი გამოცდილება ფართო პუბლიკისთვის საინტერესო იყოს. რასმუნსენის ონლაინ პლატფორმა Masterclass კი მეცნიერებს, რეჟისორებს, ასტრონავტებს თუ სხვა დარგების ექსპერტებს საშუალებას აძლევს გაგვიზიარონ თავიანთი საქმიანობის ისეთი დეტალები, რომლებსაც სახელმძღვანელოებში ან წიგნებში ვერ ამოიკითხავთ. 

ინფორმაცია არასდროს არაა სტერილური და ყოველთვის გარკვეული კონტექსტით მოგვეწოდება. მნიშვნელოვანია, რომ მათ, ვისაც საკუთარი ხმის მიწვდენა პუბლიკისთვის სურთ, განსაზღვრონ კონტექსტი და ჩარჩო, რომელშიც ეს ინფორმაცია რელევანტური იქნება, ამიტომაც ZEG Storytelling festival ერთნაირად საინტერესო უნდა იყოს ადამიანებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ, რომ თავიანთი პროფესიული გამოცდილება სხვებსაც გაუზიარონ, და მათთვისაც, ვისაც სურვილი აქვთ, რომ ამ გამოცდილების შესახებ სანდო ინფორმაცია დარგის  წამყვანი სპეციალისტებისგან მოისმინონ. 

გადახდების მსოფლიო ლიდერი ბრენდი Visa მუდმივად მხარს უჭერს კულტურულ მოვლენებს, ამიტომაც Visa წელს Zeg Storytelling festival-ის პარტნიორია, რომლის ინიციატივა - გამოცდილებების და ინფორმაციის გაზიარებით შექმნას ახალი დისკურსები - შთააგონებს ფართო აუდიტორიას და დაეხმარება როგორც პროფესიულ, ისევე შემოქმედებით საქმიანობაში.

“Visa-ს ZEG-თან პარტნიორობა ჩვენი არჩეული გზის - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მხარდაჭერის - ლოგიკური გაგრძელებაა; ZEG-თან პარტნიორობით ჩვენ გვჯერა, რომ Visa კიდევ ერთ ძალიან საინტერესო ინიციატივას დაუჭერს მხარს, ხელს შეუწყობს - სთორითელინგის სხვადასხვა სახეობის და კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენას საქართველოში. ამით ჩვენ დამატებით ღირებულებას შევქმნით მათთვის, ვისთვისაც ამბის თხრობა, ადამიანებთან დაკავშირების და სათქმელის გაზიარების განსაკუთრებული შესაძლებლობაა”.  

უფრო მეტს ZEG Storytelling festival-ზე მოწვეული სპიკერების უნიკალური ისტორიების, ისევე როგორც მათი საინტერესო გამოცდილების შესახებ, Hammock Magazine Visa-სთან და თიბისი კონცეპტთან ერთად, წელს უშუალოდ ღონისძიებიდან მოგიყვებათ.  

ავტორი: ტატო ანთაძე 

ფოტო: Zeg Festival