Beverly Hills Hotel ლოს-ანჯელესის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასტუმროა, რომელიც უნიკალური დეკორით გამოირჩევა და მისი იერსახე ხშირად სხვადასხვა არტისტთან და ბრენდთან თანამშრომლობით იცვლება. 



ამჯერად ლოს-ანჯელესის ლეგენდარულმა სასტუმრომ საცურაო აუზის სივრცე Dior-თან თანამშრომლობით გარდაქმნა, ახალი ესთეტიკა კი Dior-ის აღმასრულებული დირექტორის და დიზაინერის, მარია გრაცია ქიურის უახლესი კაპსულის კოლექციით არის შთაგონებული. 



Beverly Hills-ის გადაკეთებული საცურაო სივრცე ხმელთაშუა ზღვის ქვიშის სანაპიროებითაა შთაგონებული, სასტუმროში Dior-ის pop-up მაღაზია ქვიშისგან დამზადებული ცხოველების ძეგლებით და ინტერიერის დეკორაციებით არის გაფორმებული, დანარჩენი სივრცე კი თითქმის მთლიანად ღია ვარდისფრად და ბორდოსფერი ზოლებით არის შეფერილი. 



ფრანგული მოდის სახლის და Beverly Hills Hotel-ის თანამშრომლობის ფარგლებში აუზს სერფინგის კაბინებიც დაემატა, სადაც დამსვენებლებს Dior-ის შექმნილი “სერფინგ ბორდების” შეძენა შეუძლიათ. ამასთანავე, თანამშრომლობის ფარგლებში სასტუმროში Dior სტუმრებს ყოველდღიურ Spa მომსახურებას სთავაზობს, უქმე დღეებში კი დამსვენებლები Dior-ის ნაყინის დაგემოვნებასაც შეძლებენ. 



Dior-ის “takeover” Beverly Hills Hotel-ში 26 მაისს დაიწყო და 4 სექტემბრამდე გაგრძელდება. 

 

ავტორი: ტატო ანთაძე

ფოტო: Dior