Kiosk ქართველი და უცხოელი არტისტების, თამრიკო კორძაიას, ლენა კლეპენჰოიერი, რუსუდან მეიფარიანის და სოფი კრაიერის ახალი მუსიკალური პროექტია, რომელიც 9 ივნისს Haraki-ში გაიხსნა.
მუსიკოსების თქმით, პროგრამა სცენოგრაფიულ სივრცეში გააზრებული კლასიკური, ექსპერიმენტული და ელექტრონული მუსიკის იმპროვიზაციების სცენური ვერსიის განათებასთან და სხვა მხატვრულ ობიექტებთან სინთეზია. პროექტის ფარგლებში გამართულ კონცერტებზე Kiosk-ში გაერთიანებული მუსიკოსები ახალგაზრდა ქართველ კომპოზიტორებთან და ელექტრონული სცენის არტისტებთან, ანუშკა ჩხეიძესთან და Kordz-ისთან ითანამშრომლებენ, რომლებიც მსმენელებს ახალ კომპოზიციებს გააცნობენ. ღონისძიების ფარგლებში შესრულდება გერმანიაში მოღვაწე ქართველი კომპოზიტორის, პიანისტის და მომღერლის, რუსუდან მეიფარიანის კომპოზიციებიც.
Kioski-ის პროგრამა სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის და ეპოქის ერთგვარი კოლაჟია: ახალი კომპოზიციების გარდა, კონცერტზე ასევე შესრულდება ბეთჰოვენის, მაურიციო კაგელის, ჩარლზ აივისის, ჯონ დოულანდის და ლუიჯი ნონოს ნაწარმოებები. პოსტსაბჭოთა კიოსკში, ანუ ეგრეთწოდებულ “ბუტკაში” ყველაფრის პოვნა შეიძლება, დაწყებული გაყინული საჭმლით, ხილ-ბოსტნეულით, ჩინური აქსესუარებით და იშვიათი ანტიკვარებით დამთავრებული. მუსიკოსების შემუშავებული პროგრამა, ამ მხრივ რაღაცით სწორედ ამ პოსტსაბჭოთა “ბუტკას” წააგავს და პროექტისთვის სახელი Kiosk სწორედ ამიტომ შეირჩა.
მუსიკალური პროექტის ფარგლებში Kordz, კლეპენჰოიერი და რუსუდან მეიფარიანი “მუსიკალურ რულეტს” შეასრულებენ, ანუ არტისტების პერფორმანსი მთლიანად იმპროვიზირებული იქნება. მუსიკალურ ნომრებს შორის 1-2-წუთიანი “საუნდ კოლაჟები” გაჟღერდება, რომლებიც ერთგვარი მაკავშირებლის ფუნქციას ასრულებს სხვადასხვა ნომრებს შორის. ამ მუსიკალური ინტერლუდებისთვის გამოყენებული იქნება მუსიკალური ყუთები, მექანიკური ჩიტები, სიგარეტის კონტეინერები, ყოველდღიური ნივთები და ექსპერიმენტული ინსტრუმენტები.
პროექტში მონაწილე მუსიკოსებს კლასიკური, ისევე როგორც ექსპერიმენტული და ელექტრონული მუსიკისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ, თავიანთ შემოქმედებაში ისინი ჟანრებს და სხვადასხვა მუსიკალურ სტილს შორის საზღვრებს ხშირად შლიან.
რუსუდან მეიფარიანი ქართველი კომპოზიტორი, პიანისტი და მომღერალია, რომელიც თბილისის კონსერვატორიაში, მოგვიანებით კი კარლსრუეს და ოსლოს მუსიკალურ აკადემიებში სწავლობდა. მეიფარიანი აქტიურად აქვეყნებს სოლო ალბომებს და მრავალ საერთაშორისო პროექტში მონაწილეობს. მისი დაწერილი კომპოზიციები კი არაერთხელ შესრულებულა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, ასევე საქართველოში, სომხეთში და ავსტრალიაში. ქართველი მუსიკოსი Daphioni Trio-ს დამფუძნებელიცაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მართავს კონცერტებს. აღსანიშნავია, რომ მეიფარიანი აკადემიურ საქმიანობასაც ეწევა და ამჟამად Musikhochschule Stuttgart-ში ლექტორია.
ციურიხელი სოპრანო ლენა კლეპენჰოიერი შვეიცარიაში მოღვაწეობს და ის ასრულებს როგორც კლასიკურ, ისევე თანამედროვე და ექსპერიმენტულ მუსიკალურ კომპოზიციებს. მის რეპერტუარში შედის მოცარტის Great Mass in C Minor, Orff-ის Carmina Burana, ბახის და ჰაიდნის სხვადასხვა კომპოზიციები.
კლეპენჰოიერი მღერის არაერთ ცნობილ ევროპულ ანსამბლთან და ორკესტრთან ერთად, როგორებიცაა Asko Schonberg, Holst-Sinfonietta, Bern Chamber Orchestra, Ensemble Mondiran, Ensemble Metropolis da aramxolod. Kioski-ის ფარგლებში კი კლეპენჰოიერი კომპოზიციებს თამრიკო კორძაიასთან ერთად შეასრულებს.
თამრიკო კორძაია ქართველი პიანისტია, რომელმაც საქართველოში სახელი გაითქვა როგორც მოცარტის და ჰაიდნის შემსრულებელმა. კარიერის შვეიცარიაში გაგრძელების შემდეგ, კორძაიას რეპერტუარს მრავალი ახალი მუსიკა და ჟანრი დაემატა. 2008 წლიდან კორძაია კლეპენჰოიერთან ერთად, Modrian Ensemble-ის წევრია, მუსიკალურმა კოლექტივმა კი 2012 წელს Wrkjahr-ის პრიზი, ხოლო 2018 წელს კი პრესტიჟული Swiss Music Prize მიიღო. კორძაია ხშირად თანამშრომლობს ქართველ მუსიკოსებთან, მაგალითად, ნატალია ბერიძესთან და ნიკაკოისთან. ქართველი არტისტი ჯაზითაც ინტერესდება და კარიერის მანძილზე მას არაერთხელ მიუღია მონაწილეობა სხვადასხვა ჯაზკონცერტებში ვერა კაპელერთან და პიტერ კონრადინ ზუმთორთან ერთად.
ავტორი: ტატო ანთაძე
დაწერე კომენტარი