ქართული მინერალური წყალი „ბორჯომი” ახალი საკომუნიკაციო კამპანიით „ბორჯომის” აღმოჩენის ლეგენდას, ქართულ კულტურას და წყლის უნიკალურ, გამაჯანსაღებელ თვისებებს მთელ მსოფლიოს აცნობს. „მაცოცხლებელი წყალი, ჩვენი ლეგენდა” კამპანიის მთავარი გზავნილია.
საკომუნიკაციო კამპანიის ფარგლებში, „ბორჯომის“ და კრეატიული სააგენტო „ლივინგსტონის“ თანამშრომლობით გადაღებული ვიდეორგოლი გვიამბობს ლეგენდას მონადირეზე, რომელმაც „ბორჯომის“ წყალი აღმოაჩინა. მან იხილა, როგორ განკურნა ბორჯომის წყალმა დაჭრილი ირემი და ეს ამბავი თაობებს გაუზიარა. სწორედ ამ ლეგენდას ქართველი მსახიობი, თინა დალაქიშვილი მსოფლიო კინოს ვარსკვლავს, ვინსენტ პერესს უამბობს. შვეიცარიაში დაბადებული ფრანგი მსახიობი ბრენდის ახალ საკომუნიკაციო კამპანიას „ბორჯომის“, როგორც საქართველოს სავიზიტო ბარათის და სიამაყის მთელი მსოფლიოსთვის გასაცნობად შემოუერთდა.
“ბორჯომი ჩვენთვის ძალიან სიმბოლური ბრენდია, რადგან წლების წინ, „ლივინგსტონმა“ პირველი ჯილდო სწორედ ბორჯომის ბრიფით მოვიგეთ. გარდა ამისა, ის ერთადერთი ქართული ბრენდია, რომელიც საუკუნეებია ქვეყნის სავიზიტო ბარათის სტატუსს ინარჩუნებს. სწორედ ამიტომ, კამპანიაშიც ვცადეთ, რომ ბორჯომი, როგორც ეროვნული სიამაყე ყველაზე ავთენტური, ქართული გზით გვეჩვენებინა”, - აღნიშნავს სარეკლამო სააგენტო “ლივინგსტონის” თანადამფუძნებელი და შემოქმედებითი ხელმძღვანელი ლევან ლეფსვერიძე”.
საკომუნიკაციო კამპანიის პრეზენტაციაზე ვინსენტ პერესმა განაცხადა, რომ საქართველოში მას თავისი ახალი ფილმის ჩვენება სურს და გამოთქვა იმედი, რომ მომავალში ჩვენს ქვეყანაში გადაღებებში კიდევ მიიღებს მონაწილეობას: „იმედია, რაღაც ეტაპზე ფილმსაც გადავიღებთ… აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ეს.”
„საქართველოში ჩამოსვლაზე დიდი ხნის განმავლობაში ვოცნებობდი. ქართველ ხალხს ძლიერი ავთენტურობა აქვს, ძალიან თბილები, მიმღებლები და გულუხვები არიან. საქართველოში ჩამოსვლა განაპირობა მინერალური წყალი „ბორჯომის" ახალმა სარეკლამო კამპანიამ, რომლის ერთ-ერთი მონაწილე მეც ვარ.“
საქართველოში მუშაობის გამოცდილებაზე საუბრისას, ვინსენტ პერესმა აღნიშნა, რომ სარეკლამო კამპანიაში პირველად მიიღო მონაწილეობა:
„ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ჩავერთე სარეკლამო რგოლის გადაღებაში, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოცდილებაა. მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავია, თუ როგორ შეუძლია მინერალურ წყალს, ბუნების საჩუქარს, მიჰყვეს ქვეყნის ისტორიას და მის განუყოფელ ნაწილად იქცეს.”
ბრენდის ახალი საკომუნიკაციო კამპანია „ბორჯომის“ გლობალურმა ბრენდ დირექტორმა ვახტანგ ანთაძემ წარადგინა.
ახალ კამპანიის განხილვისას ბორჯომის გლობალურმა ბრენდ დირექტორმა ვახტანგ ანთაძემ აღნიშნა, რომ ევროპა და ცენტრალური აზია “კვლავ რჩება ბორჯომის მთავარ სტრატეგიულ ბაზრებად”:
„ბრენდს სჭირდებოდა ახალი საკომუნიკაციო კამპანია, რომელიც გააძლიერებს მის პოზიციებს და ამავდროულად, ახალ ბაზრებზე შესვლის შესაძლებლობას მოგვცემს. ქართველებს გვიყვარს და გვეამაყება იმაზე საუბარი რაც ქართულ იდენტობას გამოხატავს. „ბორჯომს“, როგორც მაცოცხლებელ წყალს და თავად ლეგენდას, ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო მასშტაბით წარდგენისას, ასეთი გადამწყვეტი როლი ხშირად აქვს. შესაბამისად, მჯერა, რომ ვინსენტ პერესთან და სხვა ცნობილ ადამიანებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ „ბორჯომისთვის“, არამედ - მთელი საქართველოსთვის. ამ ფორმით ჩვენ ქართულ კულტურას მთელ მსოფლიოს ვაცნობთ.“
„ბორჯომის“ ბრენდ მენეჯერის ქეთევან ცნობილაძის თქმით, „ბორჯომი“ ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია და ეს კამპანია ამის ჩვენებასაც ისახავს მიზნად:
„მნიშვნელოვანია, რომ ახალი საკომუნიკაციო კამპანიის ვიდეორგოლში ასახულია სამი ეპოქა, მითური, რომელიც ბორჯომის წყლის აღმოჩენის ლეგენდას გვიამბობს, 1890-იანი წლები, როდესაც „ბორჯომის“ საწარმოო წესით ჩამოსხმა დაიწყო და თანამედროვე ეპოქა. სამივე პერიოდი „ბორჯომის“ მაცოცხლებელ ძალასა და პირველი ქართული მინერალური წყლის მრავალწლიან ისტორიაზე გვიყვება, რომელიც დღეს უკვე ეროვნული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია.“
ღონისძიების ბოლოს, ახალი ვიდეორგოლის ჩვენებაც გაიმართა. საკომუნიკაციო რგოლში „წინწყაროს” გათანამედროვებული ვერსიის ფონზე, ქართული ნაციონალური ბალეტის, „სუხიშვილების” მოცეკვავეები ეროვნული ქორეოგრაფიული საგანძურის რამდენიმე ცეკვას ასრულებენ, რომელიც სპეციალურად „ბორჯომის“ სარეკლამო რგოლისთვის „სამაიას,“ მონადირეებისა და სხვა ცეკვების შთაგონებით შეიქმნა. მუსიკის ეს ვერსია სპეციალურად ამ კამპანიისთვის სტუდია Postred-მა დაწერა, კოსტიუმის დიზაინზე კი იკა ბობოხიძე მუშაობდა.
გადაღებები ბორჯომის ხეობის გარდა, სვანეთში, ყაზბეგში, კახეთში, მცხეთასა და თბილისში მიმდინარეობდა. ქართული მინერალური წყლის ისტორიული მნიშვნელობის და ჩვენი ქვეყნის მემკვიდრეობის უკეთ გასაცნობად, სარეკლამო რგოლი საქართველოს გარდა, ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში გავა. სპეციალურად ახალი საკომუნიკაციო კამპანიისთვის შეიქმნა ვებგვერდი — borjomi.com
გაეცანით „ბორჯომის“ მრავალწლიანი ისტორიის სხვადასხვა ეპოქას და ყველას გაუზიარეთ უნიკალური წყლის მაცოცხლებელი ძალა.
დაწერე კომენტარი