გალერეა LC Queisser-ის ხუთი წლის იუბილესთან დაკავშირებით 20 მაისიდან გაიხსნა გამოფენა - „წინამძღვრიშვილის 49 / მაზნიაშვილის 10“. ფერწერული ნამუშევრებთან, ფოტოებთან და ინსტალაციებთან ერთად, გამოფენა მოიცავს არქიტექტურულ და ურბანულ კვლევებსაც - ნაშრომებს სახელოვნებო სივრცისა და სამეზობლოს მჭიდრო კავშირის შესახებ, რომელიც გალერეასა და ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა.
გამოფენა გვიჩვენებს კონკრეტული უბნის სოციალურ-კულტურულ განვითარებას და ამ სამეზობლოს ურთიერთობასა და გავლენას გალერეაზე. გამოფენის ფარგლებში არქიტექტურის ისტორიკოსმა მაია მანიამ მოამზადა ნაშრომი – ,,წინამძღვრიშვილის ქუჩის 49-ში მდებარე ყოფილი საშემოსავლო სახლისა და მისი მიმდებარე მიკროკვარტლის მხატვრულ–არქიტექტურული შეფასება“, ხოლო ნატალია ნებიერიძემ უბანი და სამეზობლო შეისწავლა.
კვლევებთან ერთად გამოფენაზე წარმოდგენილია 24 ავტორის ნამუშევარი, რომლებიც გალერეის საქმიანობაში მისი გახსნის დღიდან არიან ჩართული. ქართველ ხელოვანებთან ერთად გამოფენაში მონაწილეობენ უკრაინელი არტისტებიც, რომლებიც თავიანთი ნამუშევრებით უკრაინაში მიმდინარე ომის შემდგომ საკუთარ პერსპექტივას წარმოგვიდგენენ. გამოფენა 7 ივლისამდე გაგრძელდება.
ავტორი: ტატო ანთაძე
ფოტო: LC Queisser
დაწერე კომენტარი