თბილისის სამრეწველო ნაწილში, კერძოდ კი ნავთლუღში, ყოფილ 26 კომისრის რაიონში, ძველი საბჭოთა საწარმოს რენოვაციის შედეგად ახალი კერამიკული კომბინატი გაიხსნა. 2022 წელს კომპანია Material Editors-ის გუნდის არქიტექტორებმა - მარიამ გვაზავამ და ანა გრიგოლიამ კომბინატის რეაბილიტაციის პროექტი შეიმუშავეს. ძლიერ დაზიანებული შენობის გამო, საჭირო გახდა მისი სრულად გაწმენდა, განახლება და გამაგრება. სარეაბილიტაციო სამუშაოებისას ჩატარდა კოშკის დემონტაჟიც, რომელიც იდენტური ნაგებობით ჩანაცვლდა. აღსანიშნავია, რომ ფასადის ყველა ისტორიული არქიტექტურული ელემენტი - ფანჯრები, კარის ღიობები და მოჩარჩოება ბოლომდე შენარჩუნებულია.
შენობის პირველ სართულზე იგეგმება საგამოფენო სივრცეებისა და საკონფერენციო ოთახების მოწყობა, მეორე სართულზე კი წიგნების მაღაზია, რესტორანი და დახურული ოფისები განთავსდება. მესამე სართული დაეთმობა საერთო სამუშაო სივრცეს, ე.წ. co-working area-ს. მეოთხე, დაშენებულ სართულზე კი იქნება სამზარეულო, ჰოსტელი, ტერასა და ადმინისტრაციული ოფისები. ამასთანავე, კომბინატს დაემატა კიდევ ერთი შესასვლელი მოსკოვის გამზირიდან და უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით, დამონტაჟდა ცისფერი სახანძრო კიბეც.
არქიტექტურული ცვლილებები შენობის ინტერიერსაც შეეხო. მაგალითად, პირველ და მესამე სართულს, ისევე როგორც კოშკს და დანარჩენ შენობას, ახალი თეთრი კიბე აკავშირებს, რომელიც საინტერესო ვიზუალურ ეფექტს ქმნის. სამუშაო სივრცეებში, დერეფნებსა და დამხმარე სათავსოებში კი თეთრი შელესვის და აგურის კონტრასტია შექმნილი. სადაც შესაძლებელი იყო, შენარჩუნდა შენობაში არსებული შპალერები, მოზაიკები და ფილები.
შენობა, სადაც ახლა კომბინატია, 1946 წლამდე “თბილმშენს” ეკუთვნოდა, რომელიც ხის მასალებს აწარმოებდა, ხოლო 1949 წლიდან მან კერამიკული კომბინატის ფუნქცია შეითავსა. შენობა დიდი ხნის მანძილზე მიტოვებული იყო და 2018 წელს ტერიტორია ხანძრის შედეგად თითქმის მთლიანად განადგურდა.
მიუხედავად იმისა, რომ კომბინატის შენობას ძეგლის სტატუსი არ აქვს, მას ნამდვილად გააჩნია ისტორიული ღირებულება და საბჭოთა პერიოდის ქართული არქიტექტურის საინტერესო ნიმუშია.
ავტორი: ტატო ანთაძე
დაწერე კომენტარი