1970-იანებში ამერიკელი ფოტოგრაფი რამდენიმე წლის მანძილზე სან-ფრანცისკოს საჯარო აუზებზე მოცურავეებს უღებდა ფოტოებს, რომლებიც სულტანის სხვადასხვა ფოტოკოლექციებში და გამოფენებზე იჩენდნენ თავს, თუმცა 2023 წელს აღნიშნული ფოტოები ერთ კრებულად გამოიცა.
სულტანის ინტერესი საცურაო აუზებისადმი ნაწილობრივ ბავშვობის ტრავმული მოვლენით იყო შთაგონებული: “როცა 12 წლის ვიყავი, კინაღამ ოკეანეში დავიხრჩვე… წყალი ბუნების ისეთი ნაწილია, რომელსაც ჩვენ, ადამიანები ვერ ვაკონტროლებთ და მასში შებიჯება დამთრგუნველიც კია”, - განაცხადა სულტანმა სან-ფრანცისკოს ხელოვნების ინსტიტუტში გამართულ ლექციაზე 1980 წელს.
Swimmers-ის სერიაზე მუშაობისას სულტანი თავდაპირველად მხოლოდ შავ-თეთრი ფოტოების გადაღებას გეგმავდა, თუმცა 1978 წელს ფოტოგრაფმა ფერადი ფირით მუშაობა დაიწყო, რადგან მეგობარმა ადგილობრივ სტუდიაში ფირების უფასოდ გამჟღავნება შესთავაზა.
კელი სულტანი, ლარის მეუღლე, იხსენებს, რომ ფოტოგრაფისთვის Swimmers-ის გადაღება თავიდან საკმაოდ სტრესული იყო, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ბავშვობაში მიღებული ტრავმის გამო სულტანს წყალში დისკომფორტი ექმნებოდა, მეორე მხრივ კი, ასეთი ტიპის ფოტოები მანამდე არ გადაუღია. “ის უეცრად არასახასიათო მასკულინურ ამპლუაში, რომანტიკული, ფერადი და ლამაზი კადრების ძიებაში აღმოჩნდა, რაც დისკომფორტს უქმნიდა”.
კელი სულტანი მეუღლის აღნიშნულ ფოტოსერიას შემთხვევით, მისი ფოტოარქივის რეორგანიზაციისას, თაროზე შემოდებულ ყუთში გადააწყდა. “ეს პატარა მაგიური ყუთი აისბერგის მწვერვალი იყო”, - აღნიშნავს კელი.
Swimmers ლარი სულტანის ფოტოგრაფიისადმი ფილოსოფიური მიდგომის და ყოველდღიური თემების ახლებურად წარმოჩენისკენ სწრაფვის ნათელი ილუსტრაციაა. “ერთ-ერთი სირთულე, რომელსაც ფოტოგრაფები აწყდებიან, იმაში მდგომარეობს, რომ ნებისმიერ რამეზე ძალიან დიდი რეპრეზენტაციული ისტორია არსებობს, ამიტომ ახალი დისკურსის სივრცის პოვნა საკმაოდ რთულია”, - აღნიშნა სულტანმა ერთ-ერთ ინტერვიუში. “თუ კვლევის საგანზე ბევრი ვიცი, თუ ნარატივი კარგად არის ჩამოყალიბებული, სამუშაო პროცესი შემოქმედებითი თვალსაზრისით, არც ისე საინტერესოა”.
Swimmers ფოტოსერია Mack-მა წიგნის სახით 2023 წლის აპრილში გამოაქვეყნა.
ავტორი: ტატო ანთაძე
ფოტოები: Larry Sultan/Mack
დაწერე კომენტარი