ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას  მესამე მაღალი მოდის ჩვენება პარიზში დღეს, 5 ივლისს, საფრანგეთის დროით 12 საათზე გაიმართა. ადგილი უცვლელია - ბალენსიაგას Couture სალონი პარიზის შუაგულში. დიზაინერის ხელწერისათვის სილუეტისა თუ ზოგადად ჩვენებისათვის დამახასიათებელმა დეტალებმა ამჯერადაც მძლავრად იჩინა თავი. 



Ჩვენებას ფონად ლეგენდარული მარია კალასის სიმღერა - E Strano! / Ah Fors’ E Lui გასდევდა, ატმოსფერო კი მინიმალისტური და დრამატული იყო. კოლექციაში ბრენდის მიერ წარმოდგენილ ლუქებში შავი ფერი ყველაზე მეტად ჭარბობდა. თანამედროვე ბალენსიაგასათვის სავიზიტოდ ქცეულ კლასიკურ სამოსთან ერთად, დიზაინერმა ჩვენების ბოლო რამდენიმე ლუქი ფერად და, რაღა თქმა უნდა, შავი ფერის კაბებს დაუთმო.



მაშინ, როცა დემნა გვასალიას ჩვენებებზე იშვიათია ცნობილი ტოპ მოდელების ხილვა, დღევანდელი კოლექციის წარდგენა პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე გამონაკლისი აღმოჩნდა და პოდიუმის ისეთი ცნობილი ვარსკვლავები ვიხილეთ, როგორებიც არიან: მარიაკარლა ბოსკონო, ემბერ ვალეტა, ნატაშა პოლი, ლიუ ვენი, ევა ჰერციგოვა და სხვა. ასევე გასული სეზონის 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის პარიზის მაღალი მოდის კვირეულის მსგავსად პოდიუმზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა კრისტობალ ბალენსიაგას მუზა, დანიელ სლავიკი. საბოლოო ლუქისა და ჩვენების დახურვის პასუხისმგებლობა კი გასაკვირი სულაც არ არის, რომ ეპატაჟურმა ლუქმა იტვირთა -  ვერცხლისფერი რკინის კაბა-აბჯრით მოდელი დამსწრე საზოგადოების წინაშე წარდგა. 



ავტორი: დეა კოლოტაური