ამ სტატიაში გირჩევთ 5 საუკეთესო არტ-ჰაუს ფილმს, რომლებიც ივნისში გამოვიდა და არასტანდარტული სიუჟეტებით და საინტერესო ვიზუალებით გამოირჩევა: მათ შორისაა ისეთი მაღალბიუჯეტური პროექტები, როგორიცაა ვეს ანდერსონის ახალი სამეცნიერო ფანტასტიკა და რეალური ისტორიებით შთაგონებული დამოუკიდებელი ფილმები.
Asteroid City
Asteroid City ვეს ანდერსონის უახლესი ფილმია, რომელიც ასტრონომიის მოყვარულების თავგადასავალზე მოგვითხრობს, რომლებიც მოულოდნელად უცხოპლანეტური ცივილიზაციის წინაშე აღმოჩნდებიან. აღსანიშნავია, რომ Asteroid City ამ დროისთვის რეჟისორის ყველაზე “მეტა” და ერთ-ერთი უნიკალური ფილმია როგორც შინაარსობრივად, ისე ვიზუალურად. ფილმი მთლიანად სპეციალურად აშენებულ სეტზეა გადაღებული და მომენტებში სპექტაკლს წააგავს.
Amanda
Amanda ახალგაზრდა, მდიდარ ოჯახში დაბადებულ გოგოზე მოგვითხრობს, რომელიც არ მუშაობს და მისი ერთადერთი მეგობარი სახლის დამლაგებელია, რომელიც სინამდვილეში მას უთვალთვალებს და ამანდას მშობლებთან არის შეკრული. ახალგაზრდა გოგოს ცხოვრება შეიცვლება მას შემდეგ, რაც ის რებეკას დაუმეგობრდება, რომელსაც იმდენად მძიმე დეპრესია აქვს, რომ ოთახიდანაც კი ვერ გამოდის. მძიმე თემატიკის მიუხედავად, იტალიური ფილმი კლასიკური 2000-იანების ინდი კომედიასავით ვითარდება და ერთგვარი პოლიტიკური სატირაცაა.
Reality
Reality ტინა სატერის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომელიც რეალურ ამბავს ეფუძნება და NSA-ის ყოფილი აგენტის შესახებ მოგვითხრობს, რომელმაც ორგანიზაციის ის საიდუმლო დოკუმენტაცია გამოააშკარავა, რომელიც აშშ-ის არჩევნებში რუსეთის პოტენციურ გავლენაზე მიანიშნებდა.
Chevalier
Chevalier მუსიკალური ბიოგრაფიული ფილმია, რომელიც შევალიე დე სენტ-ჯორჯის, თავისუფალი შავკანიანი კომპოზიტორის შესახებ მოგვითხრობს. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი მეტწილად რეალურ ისტორიას ეყრდნობა, Chevalier-ში ბევრ ფიქციურ სიუჟეტსაც ვხვდებით, როგორიცაა მოცარტთან გამართული ვიოლინოების დუელი.
War Pony
War Pony რაილი კეუს და ჯია გამელის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომლის პრემიერაც 2022 წლის კანის კინოფესტივალზე გაიმართა და Camera d’Or მოიპოვა. ეს coming of age ფილმი ლაკოტას ნაკრძალზე მცხოვრები ბავშვების და მათი კომუნალური ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.
ავტორი: ტატო ანთაძე
დაწერე კომენტარი