The Great: An Almost Entirely Untrue Story ისტორიული კომედიური დრამაა, რომელიც რუსეთში ეკატერინე მეორის გამეფების ისტორიით არის შთაგონებული. სერიალში ეკატერინეს როლს ელ ფენინგი ასრულებს, ხოლო მისი მეუღლის, პეტრე მესამისას ნიკოლას ჰოლტი. სერიალში რეალური ისტორიული მოვლენები ხშირად გაზვიადებულად ან კომიკურად არის წარმოჩენილი, ისევე როგორც ჰოლტის და ფენინგის პერსონაჟების ურთიერთობა. სწორედ ამიტომ კოსტიუმების დიზაინიც ისეა შექმნილი, რომ ერთი მხრივ, მეთვრამეტე საუკუნის რუსი არისტოკრატების რეალური ჩაცმულობით არის შთაგონებული, მაგრამ ამასთანავე მისი ერთგვარი შარჟი და გაზვიადებაა. ეს განსაკუთრებით ცხადია ჰოლტის ტანსაცმლის დიზაინის მაგალითზე, სადაც პეტრე მესამეს “მაჩოს” გარეგნობა აქვს.




სერიალში ერთ-ერთი მთავარი თემატიკა ეკატერინეს შემოღებული საგანმანათლებლო რეფორმებია, თუმცა, დასავლური კლასიკური ლიბერალიზმის იდეები სამეფო დიქტატურის პირობებში უკუღმართად ან სასტიკი ექსპანსიონისტური ომის ფონზე ინერგებოდა. ამ ერთგვარი ირონიის საილუსტრაციოდ, ლონგმა მესამე სეზონის მესამე სერიაში ფენინგის პერსონაჟისთვის ძალიან საინტერესო ჩაცმულობა შექმნა, რომელზეც ტრადიციული რელიგიური ან მითოლოგიური თემატიკის ნაცვლად, კომიკური სცენებია ასახული, მაგალითად, პარაშუტით მფრინავი ძაღლი, დათვის თავდასხმა მოსიყვარულე წყვილზე და ა.შ.



სერიალში ეკატერინეს ჩაცმულობა, ხშირად მისი პეტრესთან ურთიერთობით არის შთაგონებული. მესამე სეზონში ორი პერსონაჟის ურთიერთობა ყოველ მომდევნო სერიაში იცვლება და მოვლენათა ქაოსურ განვითარებასთან ერთად, ეკატერინეს ჩაცმულობა უფრო “უხეში” ხდება.



ფენინგის ჩაცმულობა ყველაზე კომიკურად “რუსული” მესამე სეზონის მეექვსე სერიაშია, როცა პეტრეს და ეკატერინეს ურთიერთობა კულმინაციას აღწევს. “მინდოდა, რომ ეკატერინეს პეტრესთან სიახლოვე მეჩვენებინა”, - ამბობს ლონგი.



კოსტიუმის დიზაინს ისტორიულ დრამებში ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს და The Great, ცხადია გამონაკლისი არ არის. ლონგის შექმნილი კოსტიუმების დიზაინი კი იმით არის უნიკალური, რომ მას ორმაგი დატვირთვა აქვს: ერთი მხრივ, წარმოაჩინოს ის სავალალო მდგომარეობა, რომელშიც რუსეთის იმპერია იმყოფებოდა, უაზრო სიმდიდრის უადგილობა იმპერიაში გამეფებულ სიღარიბესთან შედარებით, და მეორე მხრივ კი, პერსონაჟების ჩაცმულობა ძალიან კარგად ასახავს მათივე  ბუნებას. 

ავტორი: ტატო ანთაძე

ფოტო: Hulu