15 ივნისს საერთო სამუშაო სივრცე - "ტერმინალი" თითქმის სამთვიანი პაუზის შემდეგ მუშაობის ჩვეულ რიტმს უბრუნდება და მისი წევრებისთვის კვლავ 24-საათიანი რეჟიმით აღებს კარს. კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო, ისევე როგორც ყველა დახურულმა სივრცემ, "ტერმინალმაც" მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობის რეკომენდაციების საფუძველზე შეიმუშავა წესები, რომელთა დაცვაც აქ მოსული ყველა ადამიანისთვის აუცილებელი იქნება.
როგორც "ტერმინალის" მენეჯერმა ანი ბარჯაძემ გვითხრა, პირველი აუცილებელი პირობა საერთო სამუშაო სივრცეში პირბადით შემოსვლაა, რის შემდეგაც შესასვლელში თითოეული ადამიანის ტემპერატურა დისტანციური თერმომეტრით გაკონტროლდება. პირბადის გარეშე მოძრაობა წევრებს ტერასებსა და გახსნილ სივრცეებში შეეძლებათ.
გარდა ამ წესებისა, თანამშრომლებისა და წევრების უსაფრთხოებისთვის "ტერმინალის" მენეჯმენტი სამუშაო სივრცეებში, ლაუნჯებსა თუ კვების ადგილებში რეკომენდაციების საფუძველზე მიღებული ჰიგიენის ნორმების დაცვას სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებით მუდმივად უზრუნველყოფს.
ანი ბარჯაძის განცხადებით, ,,ტერმინალის” წევრებს ნებისმიერ ფილიალში რეგულაციების დაცვით, ყველა პირობა დახვდებათ კომფორტული და პროდუქტიული მუშაობისთვის.
დაწერე კომენტარი