4 ივლისს საფრანგეთის დედაქალაქში მოდის კვირეულის ციებ-ცხელება კიდევ ერთხელ დაიწყო. ქვეყნის მასშტაბით არსებული საპროტესტო მდგომარეობის გამო, იყო ეჭვები, რომ უსაფრთხოების მიზნით მოდის სახლები ჩვენებებს გააუქმებდნენ - რის გამოც 2023 წლის შემოდგომა-ზამთრის მაღალი მოდის, ე.წ. Haute Couture კვირეული ვერ ჩატარდებოდა. თუმცა, უკვე მეორე დღეა პარიზი მაღალი მოდის კვირეულის მასპინძელია და სხვადასხვა ადგილას, უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვით, მსოფლიო დონის არაერთ ვარსკვლავს მასპინძლობს.



კვირეული დღის ფავორიტმა, დანიელ როსბერის Schiaparelli-ს ჩვენებამ გახსნა. წარმოდგენილი დიზაინი მოდის კრიტიკოსებს მხოლოდ ერთ რამეს თუ აფიქრებინებს - დანიელ როსბერის კალამს მოდის ღმერთები მართავენ. გასული სეზონის, გაზაფხულის 2023 წლის მაღალი მოდის კვირეულზე წარმოდგენილი, კოლექცია დიზაინერისა და მოდის სახლისათვის საკმაოდ ხმაურიანი და ეპატაჟური აღმოჩნდა. Არასტანდარტული, ცხოველების პრინტებისა და ხელოვნურად შექმნილი მათი ფიტულების გამოყენების გამო, ამერიკელ დიზაინერს კრიტიკის ქარცეცხლის გამოვლა მოუწია. მაგრამ აღნიშნული კოლექცია სრულიად განსხვავდებოდა წინამორბედისაგან. “მსურდა, ეს კოლექცია უფრო თავისუფალი, სპონტანური და მხატვრული ყოფილიყო”, - აღნიშნა როსბერიმ ჩვენების დაწყებამდე. ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა კი ნამდვილად შეძლო. თითქოს დანიელ როსბერის Schiaparelli-მ თავი დააღწია ბრენდის ახალ ნიშას - ჭარბ ოქროსფერსა და ადამიანის სხეულის ნაწილების დიზაინში გამოყენებას. ფრანგულმა მოდის სახლმა, მას შემდეგ რაც თანამედროვე რეალობაში პოპულარობა კიდევ ერთხელ მოიპოვა, თავი დააღწია რუტინას და დანიელ როსბერის ჭკვიანური ნაბიჯებით ისტორიაში კიდევ ერთი ამაღელვებელი ჩვენება ჩაიწერა. 



მაღალი მოდის კვირეულის კიდევ ერთი გამორჩეული ჩვენება ფრანგულ მოდის სახლს, Dior-ს, ეკუთვნოდა. ბრენდის იტალიელმა კრეატიულმა დირექტორმა, მარია გრაცია ქიურიუმ ანტიკური რომისა და საბერძნეთის ინსპირაციით შექმნილი 65 ლუქი წარმოადგინა. ძველი სამყაროს ცივილიზაციებისათვის დამახასიათებელი ტანისამოსის სილუეტები და მინიმალიზმი ჩვენების ლოკაციასა და თანამდევ 

გაჟღერებულ ჰანგებთან ერთად სრულ ჰარმონიას ქმნიდა. ამასთან ერთად, კრიტიკოსების აზრით, მარია გრაცია ქიურის კარგად ესმის, რომ დიორის კლასიციზმი მულტიკულტურული ცნებაა, ამიტომ იგი ქმნის კოლექციებს, რომლებიც არა მხოლოდ საფრანგეთისა და დასავლეთის ქვეყნების მაღალი მოდის მოყვარულ ქალბატონებს დააინტერესებთ, არამედ ქალებს მთელი მსოფლიოდან, განურჩევლად ეროვნებისა და ადათ-წესებისა. 



კვირეულის პირველი დღის ჩვენებათა განრიგიდან ყველაზე დიდი მოლოდინით მოდის სამყარო Thom Browne-ის  მაღალი მოდის კვირეულის სადებიუტო ჩვენებას ელოდა. ამერიკელმა დიზაინერმა პარიზის მაღალი მოდის კვირეულზეც შემოაბიჯა და სრულიად განსხვავებული ატმოსფერო შემოიტანა. Thom Browne-ისათვის დამახასიათებელი ელეგანტურობა პარიზისათვის ერთი შეხედვით უცხოა, თუმცა ჩვენების ლოკაციამ და შემდგომ მისმა გახსნამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ბრენდის მოწვეულმა სტუმრებმა, არც მეტი, არც ნაკლები, პარიზის გარნიეს ოპერის სცენა დაიკავეს, ფარდის აწევისა და ჩვენების დაწყების წამიდან მათ თვალწინ ოპერის თეატრის გასაოცარი სურათი გადაიშალა. კრიტიკოსების აზრით, ამ ჟესტით შესაძლოა დიზაინერი საკუთარ ფრანგული მოდის ავანსცენაზე ასვლასაც აღნიშნავს და ჩვენების იდეა სწორედ ავტობიოგრაფიული იყო. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ვარაუდია და შესაძლოა, ამ ყველაფრის მიღმა რაიმე ფარული იდეა სულაც არ იმალება. Ჩვენებისა და კოლექციის გამორჩეულობაზე ასევე მეტყველებს მისი თეატრალური ხასიათიც და, კრიტიკოსების თქმით, თომ ბრაუნმა ფრანგული ოპერის სცენაზე ძალიან ამერიკული ამბავი წარმოადგინა - დეპრესიასა და უკან დახევაზე. ბრენდის დებიუტი ფრანგულ მაღალ მოდაში იმაზე დრამატულად და საინტერესოდ შედგა, ვიდრე შესაძლებელი იყო. კვირეულის პირველი დღის ნამდვილ ვარსკვლავად სწორედ Thom Browne იქცა. 



5 ივლისს პარიზის მაღალი მოდის კვირეული ფრანგული მოდის სახლის,  Chanel-ის ჩვენებით გაიხსნა. ვირჯინი ვიარდმა, ბრენდის კრეატიულმა დირექტორმა, ჩვენების ლოკაციად მდინარე სენას სანაპიროზე Port de la Conférence შეარჩია. კოლექციის შექმნის მთავარი ინსპირაცია ლეგენდარული მოდის სახლის მთავარი დიზაინერისათვის ფრანგი ქალის მარტივი და დახვეწილი სტილი აღმოჩნდა. ამიტომ პარიზის შუაგულში წარმოდგენილი კოლექცია წმინდა ფრანგული სულის მატარებელი იყო, ბრენდისათვის დამახასიათებელი სილუეტებითა და ტვიდით შექმნილი სამოსით. 


ავტორი: დეა კოლოტაური

ფოტო: Vogue Runway