9 ივლისს იტალიის სამხრეთ  აღმოსავლეთ რეგიონის ისტორიულმა ნაწილმა, პულიამ, Dolce & Gabbana - ს  ჩვენებას უმასპინძლა. იტალიურმა ბრენდმა  Alta Moda კოლექციის წარსადგენად მშობლიური ქვეყნის ისტორიულ კალეიდოსკოპს კიდევ ერთხელ მიაშურა და ამჯერად 500-მდე სტუმარი, მათ შორის - კიმ კარდაშიანი, კრის ჯენერი, ქრისტიან ბეილი, ვენუს ვილიამსი და ერლინგ ჰალანდი - უძველესი ზეთისხილის ხეების სამფლობელოში დაპატიჟა.

Alta Moda - Dolce & Gabbana-ს ახალი კოლექციის პრეზენტაცია პულიაში

შოუ პულიას პატარა სოფელ ალბერობელოში მოეწყო, იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაში შესული, მე-14 საუკუნით დათარიღებული კონუსის ფორმის, უნიკალური, ქვით ნაგები ტრულოების ვიწრო ქუჩებში. დომენიკო დოლჩესა და სტეფანო გაბანას ხელწერისათვის დამახასიათებელი ოქროსფერი და ვერცხლისფერი დეტალები, კრისტალები და სიკაშკაშე თითქმის არსად ჩანდა, მკვეთრი ფერთა გრადაციები ჩვენებაზე უფრო მარტივმა, დახვეწილმა და მინიმალურმა დეტალებმა შეცვალა, სადაც შავი ფერი ყველაზე მეტად ჭარბობდა.

საუკუნების განმავლობაში ასობით ტრულოს კედლებში დატეული ადათ-წესები, ხელნაკეთობები თუ საქმიანობა დიზაინერებისათვის ინსპირაციის მთავარი წყარო გახდა და კოლექციის თითქმის თითოეულ სამოსში მძლავრად იჩინა თავი. კოლექციის პირველი ლუქის მთავარი დეტალი სწორედ უზარმაზარი ტრულოს კონუსისებური ფორმის დაწნული ჩალის ქუდი იყო. ასევე ვიხილეთ აქსესუარების სახით გამოყენებული უამრავი ყვავილებითა და პურით სავსე დაწნული ჩალის კალათები და როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, დაწნული კორსეტებიც კი. 

Alta Moda - ახალი კოლექცია იტალიის უძველესი და ისტორიული რეგიონის ტრადიციებისა და ადგილობრივი ხელსაქმის დღესასწაული იყო. სოფლის ყველა კუთხეში ჩვენებისათვის შეკრებილი ადგილობრივები ჩამოსულ სტუმრებს ტრადიციულ საქმიანობას, ჩალის კალათების ქსოვასა და ტყავის ლაგამების დამუშავებას უზიარებდნენ. სწორედ ამიტომ, Dolce & Gabbana - ს ახალი კოლექცია არა მხოლოდ მოდურ ჩვენებას, არამედ იტალიის ერთი პატარა რეგიონის მაგალითზე ქვეყნის კულტურის, ისტორიისა და ტრადიციების მოდასთან შერწყმასა და მისი სამოსის სახით წარმოდგენას ემსახურებოდა. 


ავტორი: დეა კოლოტაური 

ფოტო: Vogue France