იაპონური მულტფილმების მრავალფეროვნების მიუხედავად, დროთა განმავლობაში ანიმეში დამკვიდრდა გარკვეული სტანდარტები, რომლებიც მის ესთეტიკას, ისევე როგორც პოპულარულ ნარატიულ ხაზებს განსაზღვრავს: მაგალითად, ანიმეში პროტაგონისტები მეტწილად სკოლის მოსწავლეები არიან, რადგან ეს ასაკი იაპონიაში ყველაზე მეტ თავისუფალ დროსთან და ცხოვრებაში ჩამოყალიბებულ ადამიანად გარდაქმნის პერიოდთან ასოცირდება. თუმცა, ზოგი დეტალი, იქნება ეს კონკრეტული განვითარება სცენარში თუ კონკრეტული ესთეტიკა, რომლებსაც თითქმის ყველა ანიმეში შეხვდებით, ძალიან სპეციფიკურია, მაგალითად, კადრები, რომლებიც დიალოგის დაწყებაზე მიანიშნებს - ერთი პერსონაჟი ჯერ იჭყიტება მეორის ოთახში, შემდეგ შედის და ეს ორი საუბარს იწყებს.
აღსანიშნავია, რომ ამგვარად დაწყებული დიალოგები თითქმის ყოველთვის რომელიმე პროტაგონისტის ოთახში მიმდინარეობს, რადგან მთავარი პერსონაჟების ოთახები გარდა იმისა, რომ მათი პიროვნულობის გამოხატულებაა, ძალიან ბევრს მეტყველებს მათ ხასიათზე, ქცევებსა და ინტერესებზე.
მაგალითად, რომანტიკულ ანიმეებში ერთი პერსონაჟი ხშირად ძალიან მოწესრიგებულია, მეორე კი ქაოსური. ორივეს ოთახებში კი ვხედავთ მათი გატაცებების კვალს, იქნება ეს რუკები, მათემატიკის წიგნები, სათამაშო თვითმფრინავები თუ რამე სხვა.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ანიმეში ძირითადად ახალგაზრდა პროტაგონისტების ამბავს მივყვებით, საკმაოდ მნიშვნელოვანია მათი, თუნდაც ეპიზოდური ინტერაქციები მშობლებთან და ზოგადად, უფროსების სამყაროსთან, სადაც ვიგებთ როგორ ოჯახში ცხოვრობს პროტაგონისტი. ოჯახის ურთიერთობას კი თითქმის ყოველთვის სამზარეულოში ან სასადილო ოთახში ვხედავთ, სადაც ხშირად მშობლების და სრულწლოვანი ცხოვრების მონოტონურობაზე ინტერიერის დეტალებიდან ვიგებთ. დახვავებული ფაილები, ჩქარ-ჩქარა მომზადებული კერძები, წიგნებში ან კომპიუტერში თავჩარგული მშობლები ხშირად მიანიშნებს იმ გაუცხოებაზე, რომელიც მშობლებს და შვილებს შორის არსებობს. ეს გაუცხოება კარგად იკვეთება ოჯახის პატრიარქთან ურთიერთობისას: ხშირია კადრები, როცა მამა შედის შვილთან, რომელსაც მისთვის ზურგი აქვს მიქცეული და დიალოგი ისე მიმდინარეობს.
ბავშვების და უფროსების სამყაროს შორის ყოველთვის რაღაც წყვეტაა და მშობლებმა ხშირად არ იციან რა ხდება მათი შვილების თავს, მაშინაც კი, როცა ისინი მზრუნველები არიან. ანიმეში, ისევე როგორც გარკვეულწილად რეალობაში, ბავშვები, შეიძლება ითქვას, ერთმანეთს ზრდიან და მათ ურთიერთობაში რამდენიმე გარდამტეხი ადგილია. პირველი დაახლოება ორ პერსონაჟს შორის რომელიმე მათგანის ოთახში ხდება. თუმცა, მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი ხშირად სკოლის ან საჯარო ბიბლიოთეკაა. იშვიათად მოიძებნება ანიმე, რომელშიც სკოლის ასაკის პერსონაჟები დროის მნიშვნელოვან ნაწილს ბიბლიოთეკაში არ ატარებენ.
ბევრ ანიმეში, რომელიც სკოლის მოსწავლეებს ეხება, პერსონაჟები ხშირად იკვლევენ ან ეძებენ რაღაცას. “ევრიკა” მომენტები კი ხშირად სწორედ ბიბლიოთეკაში ხდება, სადაც მოსწავლეებს კეთილი მოხუცებული ბიბლიოთეკარი ეხმარებათ.
ამგვარ ანიმეებში არანაკლებ მნიშვნელოვანია პერსონაჟების დამოუკიდებლად გატარებული დრო, როცა ისინი ფიქრობენ ან მეცადინეობენ. ეს მომენტები ძირითადად ზედხედით ან უბრალოდ შორიდან არის ნაჩვენები - როცა საგონებელში ჩავარდნილ პროტაგონისტს და მის ოთახს ფანჯრიდან ვხედავთ.
ავტორი: ტატო ანთაძე
დაწერე კომენტარი