ტანჟერი მაროკოს ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე მდებარე საპორტო ქალაქია, რომელიც ხმელთაშუა ზღვას და ატლანტის ოკეანეს ესაზღვრება და უკვე მრავალი ასწლეულია მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან იზიდავს ადამიანებს, რადგან საუკუნეების მანძილზე ის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული ქალაქი იყო. მეოცე საუკუნის 20-იანი წლებიდან მოყოლებული კი ის ხშირად  ხელოვანების, ჰიპების და მოგზაური ადამიანების თავშესაფარს წარმოადგენდა. ქალაქში მასშტაბური მოდერნიზაცია ოცდამეერთე საუკუნის გარიჟრაჟზე დაიწყო, როცა ძველ შენობებს, რესტორნებს და სასტუმროებს რესტავრაცია ჩაუტარდათ და საპორტო ქალაქი ისევ სიცოცხლით სავსე კურორტად იქცა. 



ტანჟერი, ისევე როგორც აფრიკის კონტინენტის ერთ-ერთი ყველაზე ძველი სასტუმრო -  Tangier Continental - ჯერ კიდევ 1870 წელს აშენდა. დიდწილად სწორედ აქ არის გადაღებული ბერტოლუჩის “The Sheltering Sky”. სასტუმრო “ძველ ქალაქში”, ანუ მედინაში მდებარეობს და ამიტომ ყველა ისტორიულ-კულტურული ძეგლი Continental-თან ძალიან ახლოა. ამას გარდა, სასტუმროს ძალიან საინტერესო ინტერიერის დიზაინი აქვს, რომელიც აერთიანებს როგორც აღმოსავლურ, ისე დასავლურ კოლონიალისტურ ესთეტიკას. 

ისტორიული ქალაქის უკიდურეს დასავლეთში მდებარეობს სასტუმრო Nord Pinus, რომელიც ტანჟერის ყველაზე მაღალ წერტილზე დგას და მთელ ქალაქს და მის ორივე  ნაპირს გადმოჰყურებს. სასტუმროს არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი დიდწილად ქალაქის მრავალსაუკუნოვანი მულტიკულტურიზმით არის შთაგონებული და სტუმრებს დასვენებისთვის ძალიან კომფორტულ პირობებს და გასაოცარ ხედებს სთავაზობს. 




ტანჟერის თანამედროვე ისტორიაში, მაროკოს დამოუკიდებლობამდე, ქალაქს ფრანგი და ესპანელი კოლონიალისტები მართავდნენ, 60-იანებში კი ტანჟერი ინდოეთისკენ მიმავალი ჰიპების თავშესაფარი იყო. კულტურების და ტრადიციების მრავალწლიანი აღრევის შედეგად, ტანჟერის ქუჩები ბევრ საინტერესო ამბავს ინახავს, როგორიცაა, მაგალითად,  “cafe Baba”, სადაც Rolling Stones-ის წევრები დღეებს ატარებდნენ. ტანჟერის ქუჩებში წააწყდებით 30-იან წლებში დაფუძნებულ ქსოვილების მაღაზიებს, ბიბლიოთეკებს და რესტორნებს, რომლებიც სტუმრებს  მთელი მსოფლიოდან  უკვე ათწლეულებია მასპინძლობენ.



აღსანიშნავია, რომ ტანჟერში მცხოვრები ევროპელები მაროკოს შედარებით ტურბულენტურ წლებში ხშირად ტოვებდნენ, თუმცა იყვნენ გამონაკლისებიც, მაგალითად, დიზაინერი უმბერტო პასტი და მისი პარტნიორი, სტეფან ჯანსონი, რომლებმაც ქალაქის ჩრდილოეთით სახლი ააშენეს და დროთა განმავლობაში ერთგვარ მუზეუმად აქციეს.


სახლის ყველა კუთხეში ისტორიული ნივთი ან მრავალსაუკუნოვანი არტეფაქტი ინახება. აქ ნახავთ შუა საუკუნების თიხის ჭურჭელს, მეთვრამეტე საუკუნის კერამიკის პანელებს და უძველეს აღმოსავლურ ლამპრებს. 


ავტორი: ტატო ანთაძე