Apple+-ის დოკუმენტური სერიალის, The Supermodels-ის, პირველი თიზერი 10 ივლისს გამოქვეყნდა. დოკუმენტური სერიალი 90-იანების მოდის ინდუსტრიის 4 ყველაზე დასამახსოვრებელი ფიგურის - ნაომი ქემპბელის, სინდი კროუფორდის, ლინდა ევანგელისტასა და ქრისტი ტარლინგტონის პოდიუმსა და მის მიღმა კარიერის შესახებ მოგვიყვება. 1980-იანი წლების დასაწყისში 4 გოგონა, განსხვავებული წარმომავლობით, მსოფლიოს 4 სხვადასხვა წერტილიდან ნიუ-იორკში ერთიანდება. ექსკლუზიური ინტერვიუებისა და ამბების საშუალებით სერიალი ლეგენდარული ოთხეულის მოდის ინდუსტრიაზე უზარმაზარ გავლენას წარმოაჩენს. აღსანიშნავია ისიც, რომ პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერები თავად სუპერმოდელები არიან. რეჟისორის სავარძელს კი ოსკარის მფლობელი როჯერ როსს უილიამსი და ლარისა ბილსი დაიკავებენ.
ჯერჯერობით უცნობია, კიდევ ვის გამოჩენას უნდა ველოდოთ დოკუმენტური სერიალის ეპიზოდებში, თუმცა თითქმის 30 წლის გასვლის შემდეგაც კი ვეტერანი სუპერმოდელების აქტუალურობა კულტურის, აქტივიზმის, ქველმოქმედებისა და ბიზნესის ფრონტზე პროექტის წარმატების გარანტია.
სერიალის აღწერაში ვკითხულობთ: როდესაც მოდის ინდუსტრია აგრძელებს საკუთარი თავისა და მასში ქალის როლის ხელახლა განსაზღვრას, ეს არის ძალაუფლების ისტორია, თუ როგორ გაერთიანდა 4 ქალი საკუთარი როლის დასამტკიცებლად და მომავალი თაობისათვის გზის გასაკვალად.
The Supermodels-ის პრემიერა 20 სექტემბერს Apple+-ის პლატფორმაზე შედგება.
ავტორი: დეა კოლოტაური
დაწერე კომენტარი