80-იანების მიწურულს, მას შემდეგ რაც ვესტვუდმა თავისი World’s End მაღაზია დახურა, ინგლისელი დიზაინერი იტალიაში, ელიო ფიორუჩისთან სამუშაოდ გაემგზავრა და სწორედ აქ დაიწყო თავის ახალ კოლექციაზე მუშაობა, რომელიც დიდწილად ბრიტანეთის დიდებულთა ოჯახების ტანსაცმლის დიზაინით იყო შთაგონებული. ვესტვუდის ლოგო - სატურნი გვირგვინით - სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა და მალევე იქცა პანკის დედოფლის სიმბოლოდ, რომელიც დღემდე პოპულარულია.
მიუხედავად იმისა, რომ ვესტვუდთან ასოცირებული პანკი “ნორმების ნგრევას” ასახავს, დიზაინერის ნამუშევრების მთავარი ხიბლი სხვადასხვა ესთეტიკის იდეალური ერთობა ან, ვესტვუდის სიტყვებით, “ბურჟუაზიული” ელემენტებისთვის ყოველდღიური იერის მიცემაა. თუ მანამდე კორსეტები, ტვიდის პიჯაკები, გვირგვინები და მსგავსი აქსესუარები მხოლოდ “მაღალი საზოგადოებისთვის” იყო განკუთვნილი, ვესტვუდმა ამ ესთეტიკის ყოველდღიურობაში გადმოტანა მოახერხა.
ვესტვუდის orb ამის ილუსტრაციაა, რადგან ლოგო, რომელიც თითქოს რომელიმე ლორდის ემბლემა უნდა იყოს, ვესტვუდის 87 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციაში თითქმის ყველგან გვხვდება - როგორც ტანსაცმელზე, ისე აქსესუარებში. ამასთანავე, ვესტვუდის ეს ემბლება Tweed-ის ნაჭრის ხარისხის განმსაზღვრელ Harris Tweed Authority-ის ლოგოს ძალიან ჰგავს.
“ტვიდი” ძვირფასი ნაჭერია, რომელიც პოპულარული მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს და მეოცე საუკუნის დასაწყისში გახდა, თუმცა მოდიდან მალევე გადავიდა. ვესტვუდმა ნაჭერს ახალი სიცოცხლე ჩაჰბერა, მას შემდეგ რაც ტვიდისგან შეკერილი ტანსაცმელი მის 1987 წლის კოლექციაში გამოჩნდა. ლოგოების მსგავსების აღმოჩენის შემდეგ, ვესტვუდმა Harris Tweed Authority-ის ნებართვა ითხოვა, რაც მომენტალურად დაუკმაყოფილეს.
The Orb ვესტვუდის არაერთ კოლექციაში ფიგურირებს და თვითონ დიზაინერიც ხშირად იკეთებდა სამკაულებს, რომლებზეც ეს სიმბოლო იყო ასახული. ყველაზე ცნობილი ვარიაცია მარგალიტების სამი ძეწკვისგან შეკრული ყელსაბამია, რომლებსაც ჯვარი აერთიანებს. ეს კონკრეტული ყელსაბამი პირველად 1990 წლის კოლექციაში გამოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ ვესტვუდის ამ სამკაულისადმი განახლებული ინტერესი ნაწილობრივ ანიმე NANA-მ განაპირობა, სადაც ვესტვუდის ლოგო, ისევე როგორც მისი სხვა აქსესუარები ხშირად გვხვდება და დროთა განმავლობაში სატურნის თავზე აღმართული ჯვარი არა მხოლოდ ვესტვუდის, არამედ კონტრკულტურის და ზოგადად, პანკის სიმბოლოდაც იქცა.
დაწერე კომენტარი