იტალიელმა დიზაინერმა, პიერპაოლო პიჩოლიმ Valentino-ს 2023 წლის შემოდგომის მაღალი მოდის  კოლექცია საფრანგეთში, შანტილიში მდებარე ისტორიული ციხის, შატო დე შანტილის  ეზოში წარადგინა. “სიმარტივე სირთულის გადაწყვეტაა” - ამ სიტყვებით ახსნა კოლექციის არსი პიჩოლიმ, რომელიც მხატვარ კონსტანტინ ბრანკუზის ეკუთვნის. “პარადოქსულია ჩვენების ისეთ ადგილას ჩატარება, რომელიც სტატუსისა და ძალაუფლების მეტაფორაა, სიმბოლიზმის, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დადგეს და ხელახლა კონტექსტუალური იყოს”. 




 

 შატოს ისტორიულ და სამეფო მამულში ჩვენების გამართვა დიზაინერისათვის ამ სიმბოლიკის ერთგვარი გათავისუფლება იყო იმ ჩარჩოებიდან, რომელშიც ის არის მოქცეული. დიდებით გარშემორტმული ციხის შუაგულში პიერპაოლომ მისთვის დამახასიათებელი სიმარტივითა და გრაციოზულობით აღსავსე კოლექცია წარადგინა. იქ, სადაც ფრანგული მოდა და კულტურა ფრანგულ რევოლუციამდე თუ მის შემდეგ მწვერვალს აღწევდა, Valentino-ს მოდის სახლის ატელიემ 76, ზედმეტი ხრიკებისა და სპეცეფექტების გარეშე, ოსტატურად და დახვეწილად შექმნილი უბრალოება გვაჩვენა.





 ჩვენება პირველივე წამიდან საინტერესოდ დაიწყო. ჩვენების გახსნის პატივი და პირველი ლუქის წარდგენის პასუხისმგებლობა კაია გერბერს ხვდა წილად. ერთი შეხედვით კლასიკური, ლეგენდარული Levi’s-ის ჯინსის გაცოცხლებული ვერსია, სინამდვილეში ათასობით პატარ - პატარა ბრწყინავი თვლით იყო ამოქარგული , დიდი ზომის თეთრი პერანგი, ოქროსფერი დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი და გრძელი საყურეები - ასე გამოიყურება ჩვენების პირველი ლუქი. Valentino-სთვის მაღალი მოდა სულაც არ ასოცირდება ზედმეტ სირთულესა და დატვირთვასთან, პირიქით, მათთვის ეს ღრმა სიმარტივეა, რომელშიც სირთულისა და დახვეწილობის დანახვაა შესაძლებელი. თუმცა, ჩვენების ბოლოს მოდის სახლის მთავარ დიზაინერთან ერთად პოდიუმზე სტუმრების წინაშე მადლობის სათქმელად გამოსულმა ვალენტინოს ატელიეს გუნდმა კოლექციისათვის შეუსრულებელი მისიის შესრულებაზეც არ თქვა უარი - წრიული ბუმბულით გაფორმებული კაბები 500 ფუტი თეთრი ორგანზასაგან იყო დამზადებული, იმისათვის, რომ ბუმბულები კიდევ უფრო მეტად უწონო და მსუბუქი ყოფილიყო, მათ სათითაოდ წვავდნენ, რათა მოძრაობის დროს სწორად ეფარფატათ. 





 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე Valentino-მ სიმარტივისა და გრაციოზულობის სინთეზი წარმოადგინა. ისტორიული შატოს  ეზოში, წრიულად გაშლილ პოდიუმზე, რომელსაც ფონად საუკუნეების წინ აგებული ციხესიმაგრე ამშვენებდა, პიერპაოლო პიჩოლიმ და მთელმა მისმა გუნდმა სტუმრები თუ მოდის მოყვარულები მთელი მსოფლიოდან ჯადოსნურ სამყაროში მიიწვია. 


ფოტოები: Vogue Runway