menu close search
მუსიკა

ზაფხულის ერთი დღე გიული ჩოხელთან ერთად

01 სექტემბერი, 2023

გვანცა ჩანადირი

ქართული ჯაზის ისტორია არ არსებობს 50-იანი და 60-იანი წლების ვარსკვლავის, პირველი ქართველი ჯაზმომღერალი ქალის, გიული ჩოხელის გარეშე, რომელმაც თავისი სითამამით,  სახასიათო სტილით და შესრულების მანერით არა მხოლოდ იმ პერიოდის საბჭოთა კავშირში, არამედ ევროპისა და ამერიკის მასშტაბითაც უდიდესი მუსიკალური აღიარება მოიპოვა. სანამ 1967 წელს სოპოტის ფესტივალზე გრანპრის მიიღებდა და ევროპის საუკეთესო მომღერლების ხუთეულში შევიდოდა, მანამდე საქართველოში თავის კომპოზიტორ და პიანისტ მეუღლესთან, ბორის რიჩკოვთან ერთად ფილარმონიაში ბიგბენდი „ჩანგი“ შექმნა, რომელშიც მათთან ერთად უცხოელი ჯაზშემსრულებლებიც უკრავდნენ. თუმცა განსაკუთრებული წარმატება გიულიმ ამერიკაში, კარნეგი ჰოლში სტუმრობისას მოიპოვა, სადაც ჯაზფესტივალის საპატიო სტუმრის სტატუსით მიიწვიეს და უილის კანოვერის მიკროფონის გადაცემასთან ერთად, მისი რამდენიმე დისკიც გამოსცეს. სწორედ ამ პერიოდში გადასცა ჟურნალმა „დიდმა ვაშინგტონმა“ სპეციალური ჯილდო მე-20 საუკუნის მსოფლიო ჯაზის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვისაც.

G01-1.jpg 5.9 MB
მიუხედავად იმისა, რომ იმპროვიზაციითა და თავისუფლებით ნასაზრდოებ მის შემოქმედებას ევროპასა და ამერიკაში განსაკუთრებულად აფასებდნენ და უყვარდათ, ზუსტად ამავე მიზეზების გამო გიულისთვის საბჭოთა კავშირის სცენის კარები ფაქტობრივად დაიკეტა, რადგანაც იმდროინდელი ესტრადა და მისი შაბლონური სტილი სრულიად განსხვავდებოდა იმ დინამიკური, რომანტიკული და ტემპერამენტით აღსავსე შემოქმედებისგან, რომელსაც გიული თავის მსმენელს სთავაზობდა.
FA6CDA32-8558-4A46-A4D0-D95F8938B37D_w1200_r1.jpg 75.58 KB
როგორც ჩანს, გიული ჩოხელის შემოქმედების თავისუფალი სული მიუღებელი აღმოჩნდა მათთვის, ვინც ხელოვნებაში ცენზურის დამკვიდრებას ცდილობდა. თუმცა, მიუხედავად ამგვარი წინააღმდეგობისა, ხელოვანმა მაინც მოახერხა და საკუთარი მრავალფეროვანი შემოქმედება გააცნო იმ პერიოდის ქართველ, ევროპელ და ამერიკელ მსმენელს და  მოახერხა ისიც, რომ ახალგაზრდა თაობისთვის მთელი მისი ხელოვნება დღემდე საინტერესო და აქტუალურია. 
Snapinsta.app_133904742_235325917969556_577539185788320177_n_1080.jpg 93.66 KB
გიული ჩოხელის ხელოვნება კი არც მაშინ და არც დღეს მხოლოდ მუსიკით არ შემოიფარგლება, ყოველთვის წერდა ლექსებს, პოლიეთილენის მასალისგან ქმნიდა ნამუშევრებს და იყო რეჟისორიც, თუმცა ის, რაც ალბათ ყველაზე მეტად განსაზღვრავს მის ნიჭს და თავისუფალ სულს, ალბათ მაინც ჯაზის იმპროვიზებულ სცენაზე ვლინდებოდა, სწორედ ამიტომაც თიბისიმ გიული ჩოხელის უნიკალური არქივი თანამედროვე მსმენელისთვის კიდევ ერთხელ გააცოცხლა და მისი 88 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფირფიტა გამოსცა, რომელიც გიულის მიერ შესრულებულ სხვადასხვა კომპოზიტორის შექმნილ ქართულ და უცხოენოვან სიმღერებს მოიცავს.. 
Front-Medium Back-Medium

ფირფიტის გარდა საზოგადოებამ უკვე იხილა თიბისის ახალი კამპანია „ზაფხულის ერთი დღე“, რომლის მთავარი გმირი და სიმღერის შემსრულებელი გიული ჩოხელია. ამ უნიკალური პროექტის ფოტომასალაზე გრეგორი დევეჯიევმა და მერაბ ჭუმბურიძემ იმუშავა, კოსტიუმების დიზაინი აკა ფროდიაშვილს ეკუთვნის, ხოლო ფირფიტის დიზაინი - ანანო კურკუმულს. თავად მუსიკაზე კი ჯაბა შავიშვილმა იმუშავა. 


ჯაბა შავიშვილი : “ქართული ჯაზი არ არსებობს გიული ჩოხელის გარეშე და არც გიული ჩოხელი არსებობს ჯაზ მუსიკის გარეშე. მისი ბოლო ფირფიტა 80-იანი წლების დასაწყისში გამოვიდა. აღსანიშნავია, რომ ამ ფირფიტებზე ძირითადად არა ქართული, არამედ რუსულენოვანი სიმღერები დომინირებდა. ამიტომაც ვფიქრობ, ორმაგად სასიხარულოა 2023 წელს მისი ახალი ფირფიტის გამოსვლა, რომელიც ძირითადად ქართულ და რამდენიმე ინგლისურ სიმღერას მოიცავს. მისმა მტკიცე არტისტულმა ხასიათმა ბევრ ცხოვრების ქარტეხილს გაუძლო და ვფიქრობ ბარიერების გადალახვაში ჯაზიც დაეხმარა, მუსიკა რომელიც ისეთივე თავისუფალია, როგორც გიული და ასე ერთმანეთს ამაგრებდნენ  დეკადების განმავლობაში. გარდა ამისა წელს ქალბატონი გიული 88 წლის იუბილეს აღნიშნავს და მისთვისაც ერთგვარი სიურპრიზი გამოვიდა აღნიშნული ფირფიტის გამოშვება. მიუხედავად ლიმიტირებული ხასიათისა, ყველა მისი მფლობელი ქართული მუსიკის ისტორიას დაატარებს თან და ვიმედოვნოთ, რომ მომავალში უფრო დიდი ტირაჟიც იქნება შესაძლებელი მისი გამოშვება.”


გიული ჩოხელის მიერ შესრულებული “მზე ჩემი კარგი მეგობარია”, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰიტია მისი მუსიკალური შემოქმედებიდან, გარდა იმისა, რომ იდეალურად გამოხატავს ზაფხულის განწყობას, ფაქტობრივად ახალი აღმოჩენის დასაწყისი იქნება მათთვის, ვინც ჯაზის ცოცხალ ლეგენდას თანამედროვე კონტექსტში ხელახლა გაიცნობს.


გამოქვეყნების თარიღი:

01 სექტემბერი, 2023

დაწერე კომენტარი