ბევრი ფოტოგრაფისთვის ზაფხული წლის ის პერიოდია, როცა ბუნება და ადამიანური ურთიერთობები სიცოცხლით ივსება, შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ წლების მანძილზე არაერთი ფოტოსერია შეიქმნა, რომლებიც მთლიანად ზაფხულს ეძღვნება. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ რამდენიმე ფოტოსერიას, რომლებიც იდეალურად ასახავს ზაფხულს და მასთან ასოცირებულ ემოციებს. 



Naivy - Coco Capitan


Coco Capitan ესპანელი ფოტოგრაფია, რომელიც მსოფლიოს გარშემო ხშირად მოგზაურობს და ფირზე აღბეჭდავს ადამიანურ ურთიერთობებს და ემოციებს, რომლებიც კულტურულ ბარიერებს არღვევს. თავისი ახალი სერია - Naivy თავდაპირველად 2020 წელს Maximillian William-ის გალერეაში გამოფინა და ფოტოწიგნად წელს გამოიცა. 



Corporeal - სპაიროს რენტ


სპაიროს რენტისთვის ადამიანური ურთიერთობების ფიზიკური მხარის აღბეჭდვა და ქვიარ კულტურა განსაკუთრებულად საინტერესოა. “მიყვარს სექსუალური ფოტოების გადაღება”, - ამბობს ბერლინში მოღვაწე ფოტოგრაფი ახალ ფოტოსერიაზე, Corporeal-ზე, რომელიც რამდენიმე თვის წინ გამოვიდა. აღნიშნულ ფოტოსერიაში აღბეჭდილია რეივები, წვეულებები და ყველაფერი, რაც ზაფხულის ჰედონიზმს უკავშირდება. 



Gnarly - დევიდ ლედუ


დევიდ ლედუს Gnarly საფრანგეთის სამხრეთში, სკეიტერებისა და სერფერებისთვის გადაღებული ფოტოებისგან შემდგარი კოლაჟია, რომელიც სტილისტ ფიბი არნოლდთან კოლაბორაციით შეიქმნა. ფრანგი ფოტოგრაფის თქმით, ფოტოსერია 90-იანების სკეიტერების და სერფერების სუბკულტურის ერთგვარი ომაჟია, რომლის მიზანიც იმ პერიოდის კონტრკულტურის და ქაოსურობის აღბეჭდვაა. 



Another World - შეი დეტარი


შეი დეტარის ახალი ფოტოსერია - Another World ფოტოგრაფის 13 წლის მანძილზე შექმნილი ნამუშევრებისგან შედგება. დეტარის თქმით, ეს ფოტოსერია მისთვის ორთოდოქსული აღზრდის შედეგად დატოვებულ ტრავმებზე რეფლექსიის საშუალება იყო. “წლების მანძილზე ძალიან მიჭირდა თავისუფლების პოვნა, რადგან ქრისტიანულ სექტაში გავიზარდე”, - აღნიშნავს დეტარი. Another World ქალების სხეულებს და მათ თავდაჯერებულობას ეძღვნება.



French Riviera - სლიმ აარონსი


French Riviera სლიმ აარონსის საფრანგეთის საკურორტო ქალაქებში გადაღებული ფოტოების წიგნია, რომელიც Fashion Eye კოლექციის ფარგლებში Louis Vuitton-მა გამოუშვა. ფრანგულ რივიერას აარონსი 60-იან და 80-იან წლებში სტუმრობდა და მან იდეალურად ასახა რივიერას “ოქროს პერიოდი” და ის უდარდელობა, რომელიც საფრანგეთის სანაპიროებზე იყო გავრცელებული ეკონომიკური ბუმის პერიოდში.