რამდენიმე დღის წინ პრემიუმ შოპინგის აპლიკაცია Lyst-მა 2023 წლის მეორე კვარტლის 20 ყველაზე მოთხოვნადი ბრენდის სია გამოაქვეყნა. The Lyst Index-ის ფორმულა, რომლის მიხედვითაც ამ მონაცემების დადგენა ხდება, ითვალისწინებს აპლიკაციის მყიდველების ქცევას, პროდუქტის ძიების, ნახვებისა და გაყიდვის სიხშირეს. პლატფორმაზე აქტიურობასთან ერთად ფორმულა ასევე აერთიანებს სოციალურ მედიაში ცნობადობის ხარისხსა და სტატისტიკას. ამ მონაცემების მიხედვით, წლის მეორე მეოთხედში სიის სათავეს ესპანური ბრენდი LOEWE იკავებს. წარმატებისა და 4 ადგილით წინსვლის მთავარ მიზეზად Lyst ბიონსეს Renaissance-ის მსოფლიო ტურისათვის შექმნილ კოსტიუმებს და Paula’s Ibiza 2023-ის კოლექციის წარდგენას ასახელებს. თუმცა, მე-19 საუკუნეში მადრიდში დაფუძნებული მოდის სახლის წარმატების მთავარი გარანტი ახალგაზრდა, ნიჭიერი, ენერგიული კრეატიული დირექტორი, ჯონათან ანდერსონია.10 წლის წინ, 2013 წელს მოდის უდიდესმა კონგლომერატმა, LVMH-მა, ჯონათან ანდერსონის პირადი ბრენდის, JW Anderson-ის, მცირე წილი შეიძინა. ამის შემდეგ LOEWE-ის მფლობელმა, იგივე LVMH-მა, ახალგაზრდა ბრიტანელ დიზაინერს მადრიდული ბრენდის მართვის სადავეები გადასცა. სწორედ აქედან იწყება თანამედროვე ხელოვნებისა და ტყავის დამუშავების უძველეს ხელობაზე დაფუძნებული ტექნოლოგიის შერწყმა, რაც ბრენდისათვის ახალი სიცოცხლისა და წარმატების გასაღები გახდა. თაობის ერთ-ერთმა გამორჩეულმა დიზაინერმა ბრენდის ტრადიციების პატივისცემითა და ხელოვნების თავისებური, ინდივიდუალური გამოხატვის ფორმით შექმნა ახალი ხედვა მოდის ინდუსტრიაში, რომელიც ოსტატობას, ინოვაციებსა და სამემკვიდრეო მოტივებს აერთიანებს.
ბრენდის პოპულარობისა და აქტუალურობის ახალი ტალღა 2023 წლის ქალის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებით დაიწყო. COVID-19-ის პანდემიამ ჩვენებათა განრიგის ონლაინ სივრცეში გადატანა და მეტავერსის ხელოვნური ინტელექტით შექმნილი კოლექციები გაახშირა. სულ ცოტა ხნის შემდეგ, რაც მოდის ინდუსტრიამ 2-წლიანი პაუზის კვლავ რეალურ სივრცეში გადმოინაცვლა, ჯონათან ანდერსონმა ამ ყველაფრის პასუხად უპრეცედენტო, სამგანზომილებიანი, პიქსელირებული სამოსი წარმოადგინა, რომელიც ონლაინ თამაშის, Minecraft-ის ინსპირაციით შეიქმნა. დახვეწილი ოსტატობით შექმნილ სამოსთან ერთად მოდის მოყვარულთა და კრიტიკოსთა ყურადღება კოსტიუმების სილამაზემაც მიიქცია. ამ ყველაფერმა კი ბრენდისადმი ინტერესი და სოციალურ ქსელებში აქტიურობა ერთიორად გაზარდა.
მე-19 საუკუნიდან მოყოლებული ტრადიციებისა და იმ ნიშის მიუხედავად, რაც LOEWE-ს მუშაობის ტექნიკას მუდმივად თან ახლავს, ჯონათან ანდერსონმა იცის, როგორ გამოიგონოს ახალი მე, ისე რომ არ დაკარგოს და გააუფასუროს ძველი. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც დღეს განთქმულ სტილისტთა უმეტესობა ბრიტანელ დიზაინერთან თანამშრომლობაზე უარს არასდროს ამბობს. გამონაკლისი არც თანამედროვე პოპ-მუსიკის გამორჩეული ვარსკვლავის, ბიონსეს სტილისტთა ჯგუფი აღმოჩნდა. ანდერსონმა სცენაზე მსოფლიო ვარსკვლავის კოსტიუმთა გასაოცარი პერფორმანსი შემოგვთავაზა, რომელთა უმეტესობაც ბრენდის 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციიდან იყო წარმოდგენილი. კოსტიუმების დიზაინერ შიონა ტურინთან კოლაბორაციით ბრიტანელმა დიზაინერმა თეატრისა და დისკოს კონცეფციებით ინსპირირებული სამოსი შექმნა.
ჯონათან ანდერსონი LOEWE წარსულის, აწმყოსა და მომავლის ნათელ სინთეზს წარმოადგენს. არაერთ ცნობილ ვარსკვლავთან თანამშრომლობა კი ბრენდის რეპუტაციას კიდევ უფრო ზრდის. ამიტომ, ბრიტანელი დიზაინერი მე-19 საუკუნის ესპანეთში შექმნილ ტყავის დამუშავებით განთქმულ მოდის სახლს თანამედროვე რეალობაში ერთ-ერთ უდიდეს და ყველაზე მოთხოვნად ბრენდად აქცევს, რომელიც ნებისმიერი ასაკისა თუ გემოვნების ადამიანის ინტერესებს აერთიანებს.
ფოტო: InStyle, Vogue, Bussiness of Fashion, CNN
დაწერე კომენტარი