Dolce & Gabbana-ს ახალი DG Resort პროექტი იტალიის, საფრანგეთისა და ესპანეთის თვალწარმტაც ადგილებში მდიდრულ საზაფხულო თავშესაფარია. იტალიური ბრენდისათვის დამახასიათებელი საკულტო ფერებით გაწყობილი ტაორმინას, კაპრის, მარბელასა და სენ-ტროპეს ზღაპრული ექსკლუზიური პლაჟები სიცილიურ კულტურას აცოცხლებს. ხმელთაშუა ზღვის მარგალიტად წოდებული ტაორმინას პლაჟის კლუბ San Domenico Palace-ს Dolce & Gabbana-ს საფირმო Blu Mediterraneo-ს პრინტის ნიმუშები ამშვენებს. ყოფილი მონასტერი, რომელიც დღეს მდიდრულ სასტუმროდ არის გადაქცეული, ეტნას მთისა და აღმოსავლეთის სანაპიროების ხედებით, ლურჯ და თეთრ ფერებშია ჩაფლული. 



ბრენდის ახალი პროექტის ნარატივში ხმელთაშუა ზღვის გულმა დიდი როლი ითამაშა. კაპრიზე, პიაცა უმბერტოსა და როგორც მას ადგილობრივები უწოდებენ, პიაცეტას სიახლოვეს მდებარე სასტუმრო Grand Hotel Quisisana-ს ინტერიერი სულ მალე San Domenico Palace-ის მსგავსად იტალიური ბრენდის საკულტო პრინტით იქნება დამშვენებული. თეთრი და ლურჯი ფერები, მომაჯადოებელი სანაპიროთი და ხედებით, ზღვისპირას ნამდვილი იტალიური დასვენების იდეალურ ატმოსფეროს შექმნის. 



იტალიური ბრენდი ფრანგულ რივიერაში მოგზაურობას სენ-ტროპეს სანაპიროებზე აგრძელებს. Casa Amor ცნობილი ბოჰემური პლაჟის კლუბია, რომელიც პამპელონის სანაპიროზე მდებარეობს. სიცილიური ტრადიციული ფერადი ფრიზები და მრავალფეროვანი დეკორაციები ჰარმონიულად ერწყმის ხშირად ფუფუნების სინონიმად აღქმულ სენ-ტროპეს და Dolce & Gabbana’s DG Resort  ბრენდის ნიმუშების დახმარებით Côte d’Azur-ის ფრანგულ გარემოში იტალიური ხმელთაშუა ზღვის სულს აღვიძებს.


 

მარბელაში, კოსტა დელ სოლის ზღვისპირა მდიდრულ ქალაქში, Dolce & Gabbana იტალიურ მემკვიდრეობას სასტუმრო La Cabane-შიც ავრცელებს. მოდის სახლმა შეფმზარეულ დანი გარსიასთან თანამშრომლობით ესპანეთის სამხრეთ ნაწილში სიცილიური ტრადიციები გააცოცხლა. 



მაიოლიკას კერამიკით ინსპირირებულმა მიშლენის ვარსკვლავის მფლობელმა შეფმა ახალი გასტრონომიული Dolce & Gabbana-ს სამყარო შექმნა სპეციალურად შერჩეული მენიუს დახმარებით. მდიდრული სასტუმროს თითოეული დეტალი Blu Mediterraneo-ს ნიმუშით არის გაწყობილი. 



ავტორი: დეა კოლოტაური