ჰარი სტაილსის ექსტრავაგანტური ჩაცმის სტილი სიახლე სულაც არ არის. ბრიტანელი მომღერლისა და მსახიობის სამოსის პროგნოზირება თითქმის შეუძლებელია, ამიტომ მისი თითოეული გამოჩენა მოულოდნელობითა და ფერთა მრავალფეროვანი პალიტრით არის დატვირთული. 2 წლის განმავლობაში მიმდინარე Love on Tour-ის მსოფლიო ტურნეს დასრულება მომღერალმა შარშან, მაისში გამოსული Harry’s House-ის ალბომიდან კიდევ ერთი სიმღერის ვიდეოკლიპად ქცევით დააგვირგვინა. უკრაინელი მუსიკალური კლიპების რეჟისორი, ტანუ მიუნუ, As It Was-ის მსოფლიო ჰიტად ქცევის შემდეგ, ახლა Daylight-ის ვიდეოკლიპის ავტორიც გახლავთ. ახალგაზრდა რეჟისორის ოსტატობასა და სასიამოვნო კადრებთან ერთად, კლიპის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ჰარის ჩაცმის ექსტრავაგანტური სტილია, რომლის მიღმაც ცნობილი ბრიტანელი და სტაილსის დიდი ხნის სტილისტი, ჰარი ლამბერტი დგას. ცირკის თემატიკაზე გადაღებულ ვიდეოკლიპში 29 წლის მომღერალი და მსახიობი 3 განსხვავებული, თუმცა მეტად ექსტრავაგანტური სამოსით გვევლინება და კიდევ ერთხელ გვიდასტურებს, რომ ექსტრავაგანტურობა არასდროს არის ზედმეტი, თუ ჰარი სტაილსი ხარ.
აკრობატებს, ძალოსნებს, ილუზიონისტებსა და ჯამბაზებს შორის მოძრავი მომღერალი ნელ-ნელა საკუთარ საცირკო შესაძლებლობებსაც აღმოაჩენს და ქვემეხიდან გასროლის შემდეგ ცაში ფრენასაც კი იწყებს. თავდაპირველად, კლიპში ექსტრემალური შესაძლებლობების აღმოჩენამდე, მომღერლის ჩაცმის სტილიც სიმარტივით გამოირჩევა - შავი აბრეშუმის კომბინეზონი, რომელსაც 3 დიდი ზომის თეთრი ფერის ბაფთა ამშვენებს.
თუმცა, ჰაერში გადანაცვლების შემდეგ სამოსის სიმარტივეს ექსტრავაგანტურობის ზეიმი ანაცვლებს და ჰარი სტაილსი ლონდონელი დიზაინერის, ედ მარლერის ყვითელი ფერის კრისტალებით გაფორმებულ კომბინეზონში გვევლინება. ლუქის მთავარ დეტალს კი შავი და ყვითელბუმბულებიანი ფრთები წარმოადგენს.
ვიდეოკლიპის ბოლო ლუქით მომღერალი თოკზე სიარულის დროს ჩნდება. ღრმა დეკოლტეთი და დეტალებით დატვირთული სამოსისაგან განსხვავებით, ეს ლუქიც გაცილებით უფრო მარტივი და მომღერლისათვის დამახასიათებელი ექსტრავაგანტურობისაგან ძალიან შორს არის. ბრიტანელი დიზაინერის, სტივ ო’სმიტის შავი ფერის კომბინეზონის დეტალები ადამიანის ანატომიას წააგავს.
Ჰარი სტაილსი და ჰარი ლამბერტი - ვარსკვლავისა და სტილისტის იდეალური თანამშრომლობის მაგალითია. გამოცდილი სტილისტი კარგად იცნობს ახალგაზრდა ვარსკვლავის გემოვნებასა და სტილის შეგრძნებას. მათი ხედვის სინთეზი კი დღეს ჰარი სტაილსის ჩაცმის სტილს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულსა და მუდმივად საყურადღებოდ აქცევს.
ავტორი: დეა კოლოტაური
ფოტო: Harry Lambert
დაწერე კომენტარი