გრეტა გერვიგის ფილმებში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პატრიარქატს, როგორც სოციალურ სტრუქტურას, რომელიც პერსონაჟების ცხოვრებას განსაზღვრავს, თუმცა ეს ნარატივი ხშირად უბრალოდ ერთგვარ ფონად გასდევს ისტორიას, როგორც ამას Lady Bird-ში ვხედავთ, რომელიც გერვიგის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმია. ის ახალგაზრდა გოგოს, კრისტინის შესახებ მოგვითხრობს. კრისტინი გოგოების კათოლიკურ სკოლაში სწავლობს და აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე ცხოვრებაზე ოცნებობს, რომ, როგორც თვითონ ამბობს, “ნამდვილ კულტურას” გაეცნოს.
პარალელურად კი დედამისთან დაპირისპირების ფონზე, კრისტინი მისი ასაკის ადამიანისთვის დამახასიათებელ შეცდომებს უშვებს: ურთიერთობას იწყებს ჯერ აშკარად გეი ბიჭთან, შემდეგ კი bad boy-ისთან, ტიმოთი შალამეს პერსონაჟთან, რომელიც ატყუებს, რომ სექსი არასდროს ჰქონია და მხოლოდ პირველი ღამის შემდეგ აღიარებს, რომ მანამდე “ალბათ 6 ადამიანთან” ჰქონია სექსი.
ტიმოთი შალამეს პერსონაჟი, კაილი, თანამედროვე კინოში დამკვიდრებული არქეტიპის კარგი მაგალითია: რადიკალური პოლიტიკური შეხედულებების მქონე, თითქოს ძალიან მყარი მორალური კომპასით. თუმცა, როცა საქმე სოციალურ საკითხებს ეხება, პირად ურთიერთობებში ამ მორალის კვალი არსადაა. თანამედროვე თინეიჯერულ დრამებში ასეთ პერსონას ან მის ვარიაციებს ხშირად შეხვდებით. შალამეს პერსონაჟის გარდა, საინტერესოა ლედი ბერდის მამა, ლარი, რომელიც რამდენიმე წელია უშედეგოდ ეძებს სამსახურს და მძიმე დეპრესიას ებრძვის, რის შესახებაც კრისტინი საკმაოდ გვიან იგებს. მამის პერსონაჟიც ნაწილობრივ მიანიშნებს პატრიარქატის მანკიერებაზე, ერთი მხრივ, იმიტომ, რომ მთელი ოჯახი, როგორც ჩანს, მის შემოსავალზე იყო დამოკიდებული და, მეორე მხრივ, იმიტომ, რომ ლარიც მასზე, ოჯახის შემნახველზე დაკისრებულმა მძიმე ტვირთმა გატეხა.
პატრიარქატი გერვიგის ფილმებში კარგადაა წარმოჩენილი, რადგან ეს სისტემა მხოლოდ ქალებს არ ვნებს და კაცებისთვისაც სავალალო შედეგები აქვს, რადგან მათაც რაღაც როლის შემსრულებლებად აქცევს, რაც თითქმის მთლიანად განსაზღვრავს მათივე იდენტობას. კაილი უბრალო მექალთანეა, რომელსაც ჰგონია, რომ მისი პიროვნება უნდა საუბრობდეს ომზე და იყოს mansplaining, რაც ფილმში ძალიან კომიკურადაა ნაჩვენები.
გერვიგის Little Women პატრიარქატის ბევრად აშკარა კრიტიკაა, რაც ცალკეულ დიალოგებშიც კარგად იკვეთება, მაგალითად, როცა ჯო მარჩი დედამისს ეუბნება: “ქალებს თავიანთი გონება, სული, გული, ამბიციები და ნიჭი აქვთ, ისევე როგორც სილამაზე და უკვე ყელში მაქვს იმის მოსმენა, რომ თითქოს ქალი მხოლოდ სიყვარულისთვისაა შექმნილი!”.
მსგავს სენტიმენტებს ამჟღავნებენ ჯო და ემი, როცა ამბობენ: “მსოფლიო დაუნდობელია ამბიციური გოგოებისადმი”. მართლაც, ფილმის დასაწყისში ვხედავთ, როგორ მისდევენ გოგოები თავიანთ ინტერესებს და ამბიციებს, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად მათ მიმართ გათხოვებისა და დაოჯახების სოციალური წნეხი იზრდება.
Little Women-ში პერსონაჟების რეალური “სიძლიერე” და ფემინიზმი წარმოჩენილია არა ღია, აგრესიული დაუმორჩილებლობით, არამედ ახალგაზრდა ქალების სოლიდარობით ერთმანეთისადმი და მათი დამოუკიდებელი არჩევნებით, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული არჩევანი შეიძლება ძალიან რთული იყოს.
გერვიგის ფილმებში პერსონაჟი ქალები არ არიან იდეალიზებული ფემინისტური არქეტიპები, არამედ არიან უბრალო ადამიანები, რომლებსაც ბევრი ნაკლი აქვთ და მიუხედავად ამისა, ცდილობენ ცხოვრებაში საკუთარი გზა იპოვონ - ნარატივი, რომელიც ყველაზე აშკარად Barbie-შია ნაჩვენები, როცა მარგო რობის პერსონაჟი პირდაპირ იღებს გადაწყვეტილებას, დარჩეს კომფორტის ზონაში თუ შეაბიჯოს ახალ სამყაროში.
პატრიარქატის კომიკურობა Barbie-ში ფილმის დასაწყისშივე იჩენს თავს, მაშინ როცა კენი და ბარბი პატრიარქატს აღმოაჩენენ, ბარბი შეძრულია, კენი კი გახარებული. თუმცა, ფილმის მსვლელბასთან ერთად გოსლინგის კენი და სხვა კენებიც აცნობიერებენ, რომ პატრარქატის დამსახურებით მიღებული ძალაუფლების მიუხედავად, მსგავსი წყობა მათთვისაც მავნებელია.
გერვიგმა წლების მანძილზე შექმნა ფილმები, სადაც სოციალური კონფლიქტები ძალიან კარგად არის წარმოჩენილი პერსონაჟების ურთიერთობებში, იქნება ეს პატრიარქატი, სექსიზმი თუ კონსუმერიზმი. გერვიგის სოციალური კრიტიკის ხიბლი კი ისაა, რომ ამგვარი სოციალური საკითხები იდეალურად არის ჩაქსოვილი პერსონაჟების ცხოვრებაში, რაც საშუალებას გვაძლევს, ერთი მხრივ, ფილმის ისტორიას მივყვეთ, მეორე მხრივ კი, დავფიქრდეთ ჩვენს ყოველდღიურობაში არსებულ პოლიტიკურ და სოციალურ პრობლემებზე.
ავტორი: ტატო ანთაძე
ფოტო: Sony Pictures, Universal Studios
დაწერე კომენტარი