ქართველი არქიტექტორების, ნინა ავდალიანის და ივანე გვენცაძის პროექტი  Hoax 0.3 Young Architects Competition-ის (YAC) ფინალისტების სიაში მოხვდა და Finalist Mention-ის ნომინაცია მოიპოვა. 

ეს კონკურსი ევროპის კოსმოსური სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა, რომლის იდეაც იყო მთვარის სადგურის დაპროექტება, სადაც ასტრონავტები ცხოვრებას და კვლევითი საქმიანობის წარმოებას შეძლებდნენ. მსგავსი პროექტები ბოლო დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მსოფლიოში მთვარეზე პერმანენტული ბაზების განთავსებისადმი მზარდი ინტერესი არსებობს. მთვარის სადგურის დაპროექტებისას არქიტექტორებს უნდა გადაეჭრათ რეალური პრობლემები, რითაც უზრუნველყოფილი იქნება ასტრონავტების უსაფრთხოება და ცხადია, უნდა მოეძიათ გამოსავალი, რომელიც მთვარის სადგურის პოტენციური რეზიდენტების ცხოვრებას კომფორტულს გახდიდა. 

ქართველი არქიტექტორების პროექტის მიხედვით, მთვარის ბაზაზე მცხოვრებთათვის მიკროგრავიტაცია ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. პრაქტიკული უწონობის პირობები ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზულ პრობლემებს უქმნის, შესაბამისად, არქიტექტორებმა მიზნად “ხელოვნური გრავიტაციის” შექმნა დაისახეს. გვენცაძის და ავდალიანის თანახმად, გამოსავალი ცენტრისკენული აჩქარება აღმოჩნდა: აღნიშნული წრიული სტრუქტურა ცენტრის გარშემო მოძრაობით, ცენტრისკენული ძალის პირობებში “წარმოქმნის” მიზიდულობას. აღსანიშნავია, რომ პროექტი გათვალისწინებულია მთვარეზე არსებული მიწისქვეშა გვირაბების სისტემისთვის, კერძოდ, საკონკურსო დავალების თანახმად, პროექტი შეიქმნა Lacus Mortis Pit-ში განთავსებისთვის. 

ქართველი არქიტექტორების ორკაციანი გუნდის წევრები საქართველოს უნივერსიტეტის არქიტექტურის და ინტერიერის დიზაინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულები არიან და მესამე კურსიდან საერთაშორისო, ისევე როგორც ადგილობრივ კონკურსებში ხშირად მონაწილეობენ. YAC-მდე ახალგაზრდა არქიტექტორებმა მოიპოვეს საპრიზო ადგილები პრესტიჟულ კონკურსში The Cuban Square Competition, რომლის ორგანიზატორიც TerraViva იყო.