ქალაქის ხმაურისგან შორს, იქ, საიდანაც ერთ მხარეს ულამაზესი ტბის ხედი, მეორე მხარეს კი ალაზნის თვალუწვდენელი მდელოები იშლება, სტუმრობა და დასვენება ზედმეტი ალბათ წელიწადის არც ერთ დროს არ არის.  თუმცა ახლა,  როცა სიტყვა "იზოლაციამ", როგორც არასდროს, ყველაზე საჭირო მნიშვნელობა შეიძინა, ამ კრიტიკული პერიოდის სუფთა ჰაერზე, მშვიდ, კომფორტულ და რაც მთავარია უსაფრთხო ადგილას გატარება შესაძლოა არა მხოლოდ ზაფხულის მორიგი დასვენება, არამედ თქვენი კარანტინის დღეების სასიამოვნო და უსაფრთხო თავგადასავალიც კი გახდეს. მით უმეტეს,  კახეთში მდებარე ყვარლის ტბის კურორტი, თავისი განუმეორებელი გარემოთი და გამორჩეული მინიმალისტური დიზაინის სასტუმროთი ამის შესაძლებლობას უკვე 8 ივნისიდან გვაძლევს.



პირველი კითხვა, რაც დღევანდელ პირობებში ყვარლის ტბის კურორტის სტუმარს შესაძლოა იქ ჩასვლამდე გაუჩნდეს, ალბათ უსაფრთხოების ნორმებს შეეხება. ბუნებრივია, რომ ჩვენს სტანდარტულ კრიტერიუმებს, რის მიხედვითაც დასვენების დღეებისთვის სავიზიტო ადგილს ვარჩევდით, დღევანდელ მოცემულობაში კიდევ ერთი - უსაფრთხოება დაემატა და შეიძლება ითქვას, რომ უკვე პრიორიტეტული და ყველაფრის განმსაზღვრელიც კი გახდა. სწორედ ამიტომაც, ყვარლის ტბის კურორტი 8 ივნისიდან ფუნქციონირებასა და სტუმრების მიღებას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობის რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავებული ახალი სტანდარტებით აგრძელებს. ეს კი იმას ნიშნავს,  რომ უსაფრთხოების ნორმების შესახებ დასმულ  კითხვაზე პასუხი ყველასთვის იმდენად მისაღები და დამაიმედებელია, რომ ნებისმიერ ვიზიტორს  სასტუმროს გახსნისთანავე შეუძლია ამ ულამაზეს ადგილს მშვიდად  ეწვიოს.



ადგილი კი, რომელიც კახეთის შუაგულში, რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ, ისტორიული მემკვიდრეობითა და ტრადიციებით მდიდარ მხარეს წარმოადგენს, განსაკუთრებულია თავისი ბუნებრივი პირობებითაც. ალაზნის ველი, ულამაზესი ყვარლის ტბა, რომელშიც მდინარეები ჩაედინება და კავკასიონის მთები, რომლებიც ამ ტბაში აირეკლება, აქ ჩასულ ნებისმიერ სტუმარზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. ამ შთაბეჭდილებას კი მსგავს ბუნებრივ გარემოში ორგანულად შერწყმული, ადგილობრივი არქიტექტურის ელემენტების შთაგონებით შექმნილი ყვარლის ტბის სასტუმროს შენობა კიდევ უფრო ამძაფრებს, რომლის განახლებული ბუნებრივი ქვითა და ხით შექმნილი  დიზაინი Dmark Architectural Studio-ს, ვესტიბიულის ძალიან საინტერესო და დახვეწილი ინტერიერი კი ქართველ ხელოვან ნინო ჩუბინიშვილს, იგივე ჩუბიკას ეკუთვნის.



ყვარლის ტბის კურორტზე სტუმრობისთვის ამ უკვე საკმარისად მეტ მიზეზს, განსაკუთრებული დიზაინის  41 ნომერი და სასტუმროს მიერ შემოთავაზებული ისეთი მომსახურებებიც ემატება, როგორებიცაა: სპა ცენტრი, წყლის ველოსიპედი, თევზაობა, ასევე სასტუმროს ბარი და ქართულ-ევროპული კულინარიით გამორჩეული რესტორანი, სადაც  ადგილობრივი კერძებისა და  სომელიეს მიერ სპეციალურად თქვენთვის შერჩეული ტრადიციული კახური ღვინის დაგემოვნებას შეძლებთ.  ყოველივე ეს კი ყვარლის ტბის კომპლექსში თქვენს "კარანტინულ" დასვენებას ნამდვილად დასამახსოვრებელს, მშვიდს გახდის და ბოლო დროს მოგვრილი სტრესისგან გაგათავისუფლებთ, მით უმეტეს, რომ  ყველაზე მთავარი - უსაფრთხოება  აქ უკვე ასი პროცენტით დაცულია.