“მოდა შეიძლება არ იყოს ქალის მთავარი იარაღი, თუმცა საბრძოლო მასალა ნამდვილად არის”. - ამ სიტყვებს ამბობს ბრიჯიტ ბარდო, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული ქალი, რომლის დიდება და სილამაზე ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგაც კი აქტუალურობასა და მნიშვნელობას არ კარგავს. ფრანგი მსახიობი, რომლის კარიერაც ბალერინობითა და მოდელობით იწყება, საერთაშორისო კინოს დაპყრობასთან ერთად გარეგნული სილამაზისა და სტილის განსაკუთრებული შეგრძნებიდან მოდის. ქერა თმა, ბრიჯიტ ბარდოს სავიზიტო ბარათად ქცეული ვარცხნილობა, შავად შეღებილი თვალები და მინიმალისტური, თუმცა მუდმივად ელეგანტური სამოსი - სილამაზისა და სექსუალურობის სიმბოლოდ ქცეული ქალის სტილის ხატად ქცევის მთავარი მახასიათებლებია. წლების გასვლის, ციფრული მედიის სამყაროში სტილისა და ტრენდების სწრაფად ცვლის მიუხედავად, ბრიჯიტ ბარდოს, როგორც სტილისა და სილამაზის სიმბოლოს, ფენომენი უცვლელი რჩება. Hammock წარმოგიდგენთ ბრიჯიტ ბარდოს სტილისა და ჩაცმულობის საუკეთესო მომენტებს, რომლებიც ფრანგ ლეგენდას ფრანგი ქალის ელეგანტურობის ეპონიმად აქცევენ.
ბრიჯიტ ბარდო სიშიშვლეს არასდროს უშინდებოდა, რის გამოც 50-60-იან წლებში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სექს-სიმბოლო იყო. 1972 წელს მსახიობი საკუთარ სახლში ფოტოგრაფ ტონი კენტის ფოტოობიექტივის წინ პოზირებს, სადაც ყვითელი კრისტალებით გაფორმებული კაბა აცვია. 1968 წელს ფილმ Shalako-ს პრემიერაზე მსახიობი 20-იანი წლების სტილის შთაგონებით შექმნილი სამოსით წარდგა.
აეროპორტი ბრიჯიტ ბარდოსათვის მოდური ჩვენების ადგილიც იყო, სწორედ ამიტომ ხშირად მსახიობს აეროპორტის სტილის დედოფლადაც მოიხსენიებენ. 1968 წელს ლონდონის ჰითროუს აეროპორტში ბარდო ტყავის შარვლით, ჟილეტით და ე.წ. შლაპით გამოჩნდა. 1961 წელს ბარდოს იტალიაში ვიზიტისას გამოქვეყნებულ ფოტოს შემდეგი ოფიციალური წარწერა დაერთო: “ფრანგი კინოვარსკვლავი - ბრიჯიტ ბარდო იტალიაში ვიზიტის დროს. მას კაპრის სტილის მჭიდრო ჯინსი აცვია და როგორც ჩანს, ამ ქალაქში მიმდევრებიც გამოუჩნდნენ. ”.
მსახიობი საყიდლებზე რომში, Via Margutta-ზე დახვეწილი პიჯაკითა და შარვლით გამოჩნდა, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ სამოსის მთავარ დეტალს მამაკაცის დიდი ზომის ჰალსტუხი წარმოადგენს, რაც ბრიჯიტის ლუქს მისთვის დამახასიათებელ ელეგანტურობასთან ერთად მასკულინურ ენერგიასაც მატებდა.
1965 წელს Viva Maria!-ს ჰოლივუდურ პრემიერაზე მსახიობს თეთრი კრისტალებით გაფორმებულ კაბასთან ერთად ბეწვის მოსასხამიც ამშვენებდა. 1956 წელს კანის კინოფესტივალზე ფრანგული კინოს ახალი ვარსკვლავი სანაპიროზე შავი ფერის კაბით პოზირებს. ბრიჯიტ ბარდო 1958 წლის სექტემბერში ვენეციის კინოფესტივალზე საშა დისტელთან ერთად. Მსახიობს შავი ფერის ღილებითა და ქამრით გაწყობილი კაბით წარდგა. 7-წლიანი ქორწინების შემდეგ 1957 წელს როჯერ ვადიმი და ბრიჯიტ ბარდო განქორწინდნენ. 2 წლის შემდეგ კი, 1959 წელს ფრანგ მსახიობ ჟაკ შარიეზე იქორწინა. ვარსკვლავური წყვილის ქორწილი საფრანგეთში, ლუვესიენში მდებარე ბარდოს ოჯახის კუთვნილ ვილაში შედგა. კინოვარსკვლავის კაბა მინიმალისტურთან ერთად, მაქმანებისა და ნაზი კუბოკრული ელემენტების დახმარებით მეტად ელეგანტური და დახვეწილი იყო.
1956 წელს ფრანგული კინოს ამომავალი ვარსკვლავი ლონდონში ელიზაბეტ II-ისა და სამეფო ოჯახის წევრებს შეხვდა. სამეფო ეტიკეტის სრული დაცვით შემოსილ ბრიტიჯს ნაქარგებით გაფორმებული საღამოს კაბა და თეთრი ფერის გრძელი ხელთათმანები ეცვა.
წითელი ხალიჩებისა და გლამულური საღამოების მიღმა ბრიჯიტ ბარდოს არაერთი ფოტო არსებობს, როდესაც იგი ზაფხულის ცხელ დღეებში ფრანგული თუ იტალიური ხმელთაშუა ზღვის კურორტების ქუჩებში ფეხსაცმლის გარეშე დადის. 1974 წელს გადაღებულ ფოტოსურათზე მსახიობი სენ-ტროპეს სტუმრობს. თეთრი გრძელი კაბითა და დაწნული ჩანთით, ბარდო უამრავი ადამიანის ყურადღების ეპიცენტრში ფეხსაცმლის გარეშე სეირნობს. ბრიჯიტ ბარდოს სტილს თითქოს დროის განსაზღვრება არ აქვს. 1963 წელს ლონდონის ქუჩებში მსახიობი იმჟამინდელ მეგობარ მამაკაცთან, სემი ფრაისთან ერთად სეირნობის დროს დიდი ზომის ფრენჩის სტილის ქურთუკს, მოკლე ქვედაკაბასა და მაღალ წინდებს ატარებს, რაც დღესაც, თითქმის 60 წლის გასვლის შემდეგაც კი, საკმაოდ აქტუალური და პოპულარულია.
დაწერე კომენტარი