ცოტა ხნის წინ თბილისში ახალი რესტორანი - Posta გაიხსნა, Radisson Red-ის ბრენდში გაერთიანებული ახალი გასტრონომიული სივრცე, რომელიც სამ სხვადასხვა კონცეფციას, მათ შორის აზიურ სამზარეულოსაც მოიცავს. ახალი, დახვეწილი, თანამედროვე დიზაინის ადგილი, რომელიც ამავე დროს სრულიად ინარჩუნებს ისტორიული ადგილმდებარეობის იერსახეს, გარდა იმისა, რომ სტუმრებს უგემრიელეს მენიუებს და სასიამოვნო ატმოსფეროს სთავაზობს, ამასთანავე ე.წ. სოციალური ჰაბის ფუნქციასაც შეითავსებს, სადაც ბევრ საინტერესო ადამიანთან ერთად, თანამედროვე ხელოვნების, მუსიკის, მოდის თუ კულტურის მნიშვნელოვან ნიმუშებსაც გაეცნობით. ხელოვნებით, მოგზაურობით და თავგადასავლებით შთაგონებული რესტორნის კონცეფციასა და მენიუზე შეფმზარეულები - თინა ვაშაკიძე და ზუკა შონია მუშაობდნენ, რომლებიც Posta-ს იდეისა და კონცეფციის განვითარების შესახებ თავადვე მოგვიყვებიან.
თინა, მოგვიყევით, როგორ გაჩნდა Posta-ს იდეა, რომელიც სამი ახალი კონცეფციის რესტორანს აერთიანებს?
წლების წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ფოსტის შენობა ოდესმე ისევ დაიბრუნებდა ძველ მშვენიერებას. ბევრი სამშენებლო ქარიშხალი გადავიარეთ და ბოლოს მივიღეთ ფოსტის გრძნეული მტრედებითა და შემოქმედი ადამიანებით სავსე სასტუმრო, თავისი კოხტა რესტორნებით. ჩვენთან სამი სივრცე დაგხვდებათ: კაფე - ფუმფულა სავარძლებით, თბილი სენდვიჩებითა და მარგებელი წვენებით; რესტორანი - ნატურალური ღვინით დახვეწილი სერვისით, გემრიელი კერძებითა და წითელი ეზო, სადაც ჩვენს კულინარიულ ემოციებსაც გაგიზიარებთ.
როგორია თქვენი ამჟამინდელი მენიუ, რა სახის კერძებს სთავაზობთ თქვენთან მოსულ სტუმრებს?
მენიუს შედგენისას ხშირად ვეკითხებოდით ერთმანეთს: შენ როგორი კერძი გესიამოვნებოდა დღეს? ასე შეიქმნა მენიუ, რომელშიც ყველა ჩვენი სტუმარი, რა განწყობაზეც უნდა იყოს, იპოვის მისთვის სასიამოვნო საჭმელსა თუ სასმელს. გირჩევთ მხოლოდ ნატურალურ პროდუქტს, ვთანამშრომლობთ მცირე ფერმებთან, გვაქვს იშვიათი ნატურალური ღვინის მენიუ და თამამი საავტორო კოქტეილები.
Posta-ს მენიუ სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოებს აერთიანებს, მათ შორის - აზიურს. თქვენი დაკვირვებით, რომელი ქვეყნის სამზარეულო უფრო მოსწონთ სტუმრებს და თავად ხომ არ ურჩევდით მათ რომელიმე კერძს თქვენი მენიუდან?
წითელ ეზოში სტუმრებს ქართულ და ევროპულ კერძებთან ერთად აზიურ კერძებსაც ვთავაზობთ. თუმცა ეს აზიური მენიუ ჩვენი შეფმზარეულის საავტორო კერძებია და უმეტესად მისი სიზმრებიდან არის ამოკრეფილი. ამ მენიუდან ჩემი საყვარელი კერძი ღორის ნეკნებია შუშხუნა კიმჩისთან ერთად. აუცილებლად გასინჯეთ!
ზუკა, როგორც შეფმზარეულისთვის რესტორნების მენიუს შექმნისას რა იყო ყველაზე დიდი შთაგონება, რაც მთელ ამ პროცესში დაგეხმარათ?
ზუკა შონია: ამ მენიუს შექმნისას ორი ამოსავალი წერტილი მქონდა: პირველი ის, რომ მაქსიმალურად კომფორტული გემოები ყოფილიყო და ისეთი კერძები, რისი მირთმევაც ყოველდღიურად სასურველი იქნებოდა; მეორე ის, რომ ამ ამ ყველაფერში საკუთარი თავიც გამომეხატა.
ვეგანურ სამზარეულოს დიდი ადგილი აქვს თქვენს მენიუში, გვირჩიეთ ერთი ვეგანური კერძი, რომელიც ყველამ უნდა დააგემოვნოს ამ მენიუდან?
ზუკა შონია: ალბათ აზიური მენიუდან წიწიბურას ატრია არის ჩემთვის ყველაზე საინტერესო ვეგანური კერძი ჯერჯერობით.
როგორც ვიცით, მოგზაურობით შთაგონებული სეზონური მენიუები გექნებათ. რომელი ქვეყნის სამზარეულოა პირადად თქვენთვის ისეთი, რომელიც მოგზაურობის დროს აღმოგიჩენიათ, შეგყვარებიათ და მისი შთაგონებით შექმნილი ან პირდაპირ ის კერძი დღეს POSTA-ს მენიუში შეგვიძლია ვიხილოთ?
თითქმის ყველა კერძი სხვადასხვა მოგზაურობის თუ სამუშაო გამოცდილების ინსპირაციით არის შექმნილი. მაგრამ ალბათ ყველაზე მეტად გამოხატული ამ მენიუში ჩემი ნიუ-იორკში ცხოვრების პერიოდია.
რესტორანს ძალიან დახვეწილი და საინტერესო ინტერიერი აქვს, როგორ მოხდა მისი შერჩევა და როგორ მოდის თანხვედრაში კერძებთან თუ ბრენდის კონცეფციასთან?
მიუხედავად იმისა, რომ რადისონი საერთაშორისო ბრენდია, სიამაყით მინდა ვთქვა, რომ პროექტზე, დიზაინსა თუ რესტორნების კონცეფციაზე ქართველებმა იმუშავეს. ქართული სტილი და ხასიათი იგრძნობა ყველა დეტალში.
რამეს ხომ არ გამოარჩევდით, რაც განსაკუთრებულად მოგწონთ ინტერიერში?
ნინი გელაძე, გაყიდვებისა და მარკეტინგის კრეატიული დირექტორი: ჩემთვის განსაკუთრებულად მიმზიდველია ძველის და ახლის სინთეზი, რასაც ფოსტას ინტერიერი იდეალურად გამოხატავს, მეტიც,თითოეული ნაბიჯი აწმყოდან წარსულში მოგზაურობას ჰგავს. სწორედ ეს გახდა საბაბი იმისა, რომ ყოფილი ფოსტის შენობის ყველა კუთხე შემიყვარდა და ეს სიყვარული მოტივაციით მავსებს.
როგორც თქვენი ბრენდის კონცეფციაში ჩანს, ხელოვნებას, მოდას და მუსიკას დიდი ადგილი დაეთმობა რესტორნის პოზიციონირებაში. მოგვიყევით, უფრო კონკრეტულად რას გულისხმობს თქვენი ეს იდეა?
ნინი გელაძე: Radisson RED-ის კონცეფცია სრულად განსხვავდება სხვა სასტუმროს ტრადიციული მიდგომებისგან. შესაბამისად, მისი აუთლეტი ფოსტა ბევრ საინტერესო ღონისძიებას და კოლაბორაციას გვპირდება. აღსანიშნავია ჩვენი პირველი კოლაბორაცია ქართველ წარმატებულ არტისტ ლაშაო გაბუნიასთან. მის მიერ შექმნილი ინსტალაციის ნახვა ფოსტასა და Radisson RED Tbilisi-ის სტუმრებს ჩვენს გარე სივრცეში - REDyard-ში შეეძლებათ. როგორც ადრე, ფოსტა იქნება ადგილი, რომელიც ადამიანებს საერთო თუ განსხვავებული ინტერესებით დააკავშირებს. ჩვენი მესიჯიც ესაა - „გვაკავშირებს“. ფოსტას სივრცე პოზიციონირდება როგორც არამარტო გასტრონომიული დანიშნულების ადგილი, არამედ სოციალური ჰაბი და ამ ჩანაფიქრის განხორციელებაში თითოეული დასაქმებული თანაბრადაა ჩართული.
როგორ ფიქრობთ, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებისთვისაც თქვენი რესტორანი საყვარელი ადგილი გახდება, ანუ დაახასიათეთ როგორია სტუმარი, რომელსაც Posta ელოდება?
ნინი გელაძე: ეკლექტიკური დიზაინის, სიახლის, მოგზაურობის, გასტრონომიისა და სოციალიზაციის მოყვარული ადამიანებისთვის POSTA იდეალური ადგილია და, რაც მთავარია, ყველა დეტალი ჩვენი სამიზნე აუდიტორიის მოთხოვნილებების მიხედვითაა გათვალისწინებული. და შეიძლება ითქვას, რომ არამარტო POSTA-ში, ყველა მიმართულების გემოვნების ადამიანისთვის არის რაღაც საინტერესო, რაღაც განსაკუთრებული, რაც გულწრფელ ემოციურ კავშირს გაუჩენს.
მოგვიყევით სახელის შესახებაც, როგორია ამ სახელის და ადგილის ისტორიული მნიშვნელობა?
ნინი გელაძე: 1911 წელს ალექსანდრე ოზეროვის მიერ დაპროექტდა სამსართულიანი
სახლი, რომელიც თბილისელმა ვაჭარმა დავით იუზბაშიევმა დაუკვეთა. შენობამ მოგვიანებით ფოსტის შენობის სტატუსი შეიძინა და ათწლეულების მანძილზე ფუნქციონირებდა. ამჟამად ამ ადგილს სასტუმრო Radisson RED Tbilisi და POSTA Restaurants & Bar იკავებს. რაც მთავარია, საუკუნოვანი შენობის მხატვრული ღირებულებები შენარჩუნებულია და ავთენტური სახითაა წარმოდგენილი. ასევე სარესტორნო სივრცეების სახით შენარჩუნდა ფოსტის სახელი, რომლის შინაარსი ოდნავი ცვლილებით დაიმკვიდრებს ადგილს.
დაწერე კომენტარი