Zav Architects-ის გუნდმა ირანის კუნძულ ჰორმუზზე კომუნალური საცხოვრებელი კომპლექსი ააშენა, რომელიც 200 ფერადი იგლუსებრი თაღოვანი საცხოვრებელი სახლისგან შედგება. არქიტექტორების დახასიათებით, საცხოვრებელი კომპლექსი “კულტურული რეზიდენციაა” და ის თითქმის მთლიანად მოწყვეტილია ცივილიზაციისგან. აღნიშნული საცხოვრებელი კომპლექსი ჰორმუზის ვიზიტორებისთვის სტანდარტული ტურისტული რეზიდენციების ალტერნატივაა, რომელიც დამსვენებლებს ბუნებასთან ჰარმონიულად თანაცხოვრების საშუალებას აძლევს. Zav Architects-ის განცხადების მიხედვით, ეს პროექტი კუნძულზე პირველ რიგში ტურისტების მოზიდვას ისახავს მიზნად.საერთო ჯამში საცხოვრებელი კომპლექსი 15 სხვადასხვა ზომის სახლისგან შედგება, ბევრი მათგანი კი ერთმანეთს პირდაპირ უკავშირდება. მსგავსი განლაგების მიზანი კომუნალური აქტივობების და თანაცხოვრების წახალისებაა. “სხვადასხვა ზომის და ტიპის შენობები ისეა მოწყობილი, რომ ერთობლივად ისინი ჰორმუზის რელიეფის ფორმების იმიტაციას ქმნიან”. - წერია Zav Architects-ის განცხადებაში. შენობები ძირითადად ქვიშის ტომრებისგან, ისევე როგორც ადგილობრივი მიწისგან არის აშენებული. დაბალტექნოლოგიური სამშენებლო პროცესის და ბუნებრივი მასალების მაქსიმალურად გამოყენების შედეგად, საცხოვრებელი კომპლექსი ეკოლოგიურად სუფთაა და საჭიროების შემთხვევაში შენობების დამატებას ამარტივებს. Zav Architects თეირანში დაფუძნებული არქიტექტურული სტუდიაა, რომელიც მანამდე ჰორმუზის Rong-ის კულტურულ ცენტრზე მუშაობდა. სტუდიამ 2019 წელს კულტურული პროექტების წახალისებაში შეტანილი წვლილისთვის Dezeen Awards-ის პრესტიჟული ჯილდოც მიიღო.
ფოტო: Tahmineh Monzavi, Soroush Majidi, Payman Barkhordari
დაწერე კომენტარი