ჟაკ ტატის ფილმების უნიკალური ხელწერა დიდწილად 30-40-იანი წლების კომედიებით, ბასტერ კიტონის და ჩარლი ჩაპლინის თავგადასავლებით არის შთაგონებული, რომლებმაც მეოცე საუკუნის კომედია პოლიტიზებული გახადეს. ჩაპლინის მსგავსად, ჟაკ ტატის ყველაზე ცნობილი პერსონაჟი, მ. ჰულოტი, რომლის როლსაც თვითონ რეჟისორი ასრულებს, აბსურდულ გარემოებებში აღმოჩნდება ხოლმე, სადაც თითქოს მთელი მისი გარემოცვა მის წინააღმდეგ არის მიმართული - იქნება ეს გაუცხოებული ოჯახი და მეგობრები, ცივსისხლიანი მონოლითური ბიუროკრატია თუ გულგრილი კონსუმერული საზოგადოება. მიუხედავად იმისა, რომ ტატის ყველაზე ცნობილ ფილმებში - Mon Oncle და Playtime - “მთავარი” პერსონაჟი ჰულოტია, ის მაყურებლისთვის ერთგვარი გიდივით არის, რომელიც ტატის ფრთხილად აწყობილ სამყაროში მიგვიძღვება და 50-60-იანი წლების მზარდად ნიჰილისტურ და კონსუმერულ საზოგადოებას გვათვალიერებინებს. ტატის ვიზუალურ სამყაროში ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს არქიტექტურას და ინტერიერის დიზაინს, რაც გარდა იმისა, რომ ფილმის განწყობას ქმნის, ხშირად მეტს გვეუბნება პერსონაჟის შესახებ, ვიდრე უშუალოდ სცენარი ან გაჟღერებული დიალოგები, რომლებიც ტატის ფილმებში ხშირად უბრალოდ აუდიო და ატმოსფერული ეფექტის ფუნქციას ასრულებს. ამის ყველაზე ნათელი მაგალითია აპარელების გეომეტრიული სახლი Mon Oncle-ში. ამასთანავე, საყურადღებოა ქალბატონი აპარელის საკმაოდ პოსტმოდერნისტული ჩაცმულობა და მისი საყვარელი “იაპონური” ქუდი, რომელიც იდეალურად გადმოსცემს პერსონაჟის იდენტობას.
აღნიშნული ფილმები დიდწილად მეორე მსოფლიოს შემდგომ პერიოდში საფრანგეთში და ზოგადად ევროპაში დამკვიდრებული მოდერნიზმის კრიტიკაა, რომელიც უფრო დიდ აქცენტს აკეთებდა ღია სივრცეებზე, გამჭვირვალეობაზე, მინიმალიზმსა და “ეფექტურობაზე”.
ტატის დამოკიდებულება მოდერნიზმისადმი საკმაოდ გამჭვირვალეა და რეჟისორი თავის ფილმებში, განსაკუთრებით კი Playtime-ში, რომელიც გადაღების დროს ყველაზე ძვირადღირებული ფრანგული ფილმი იყო, აჩვენებს, თუ რამდენად არაეფექტურია სინამდვილეში მოდერნიზმი ფასადს მიღმა და როგორ იდეალურად აღწერს ის თანამედროვე, გაუცხოებულ ადამიანს.
Playtime ფრანგი რეჟისორის ყველაზე მასშტაბური პროექტია. გარდა იმისა, რომ გადაღებები რამდენიმე წელი გრძელდებოდა, ყველაზე რთული უშუალოდ “სეტის” გაკეთება იყო, რადგან ტატის დაკვეთით, პარიზის გარეუბანში მინიატიურული უბანი, მთლიანად ფიქციური ქალაქი აშენდა. მშენებლობა კი 9 წელი გრძელდებოდა.
Playtime რამდენიმე აქტისგან შედგება და ამერიკელი ტურისტების, ისევე როგორც მ. ჰულოტის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც მოდერნისტული ოფისების ლაბირინთში იკარგება.
დაბრკოლებები, რომლებსაც ჰულოტი ხვდება, დიდწილად ვიზუალური კომედიის წყაროა, ხოლო ტატის სამყაროში ყოველი სახლი, ავეჯი და პრაქტიკულად ყველაფერი ერთგვარი დაბრკოლებაა. ამ მიდგომამ დიდი გავლენა იქონია თანამედროვე კომედიის ვიზუალურ ენაზე. მაგალითად, შეგვიძლია პარალელი გავავლოთ Mon Oncle-ისა და Men In Black-ს შორის, სადაც ორივე ფილმის პერსონაჟები, ერთ შემთხვევაში ტატის - მ. ჰულოტი - მეორე მხრივ კი, უილ სმიტის - J, ზედმეტად არაკომფორტულ სკამებში ცდილობენ მოკალათებას. სივრცეების ტატისეულ გამოყენებას ვხვდებით როი ანდერსონის კომედიურ, თუმცა საკმაოდ პირქუშ ტრილოგიაშიც, სადაც ორ ადამიანს შორის შეიძლება ძალიან დიდი სივრცე იყოს და ძალიან პატარა სივრცე შეიძლება ბევრ ადამიანს იტევდეს.
ტატის ვიზუალური კომედიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია ერთგვარი კონტრასტი სივრცეების დანიშნულებას და მათ გამოყენებას შორის. მაგალითად, Playtime-ში კუბური ოფისები დასაქმებულებისთვის პრივატულ სივრცეებად, მინიოფისებად გამოიყენება, თუმცა მათი დანიშნულება, რეალურად მეტი გამჭვირვალეობის შექმნაა კომპანიის უფროსებისთვის, რომლებსაც ძალიან მარტივად შეუძლიათ დააკვირდნენ თითოეულ ქვეშევრდომს. იმავენაირად, შუშის შენობების გამჭვირვალე ფასადი რეალურად გარე სამყაროსთან დაბრკოლებას წარმოქმნის.
ტატის ვიზუალური კომედიის ერთ-ერთი ხიბლი ისაა, რომ მისი ბევრნაირი ინტერპრეტაცია შეიძლება და სწორედ ამიტომ, ფრანგი რეჟისორის ფილმები კინოს მოყვარულთათვის მუდმივი განხილვის საგანი და შთაგონების წყაროა. ტატი იდეალურად აჩვენებს, რომ მსოფლიოს ყველა კუთხეში იმალება კომიკურობა, რომლის ფონზეც ადამიანთა რეალური პრობლემები ხშირად უბრალოდ მცირე ხმაურია დაუნდობელ, კონსუმერულ საზოგადოებაში.
დაწერე კომენტარი