ბიძინა გამცემლიძე ქართველი ექსტრემალური სპორტის მოყვარულია, რომელიც რამდენიმე ათეული წელია  სპორტის სხვადასხვა სახეობას მისდევს - თხილამურებით სრიალით დაწყებული და “ფრანით სერფინგით” დამთავრებული. გამცემლიძის თქმით, მისთვის ყველანაირი სპორტი საინტერესოა, რომელიც ფიზიკურ აქტივობას და ადრენალინს აერთიანებს. ბოლო დროს კი განსაკუთრებით იტაცებს ბაიკინგი და ფრანით სერფინგი, ანუ სწორედ  სპორტის ის სახეობები, რომლებიც  ყველაზე მეტად შეეფერება ზაფხულის სეზონს.

074A0273.jpg 381.53 KB
ბიძინა, მოგვიყევით, როგორ მოხვდით ექსტრემალური სპორტის სამყაროში?


არ მახსოვს, როდის გამიჩნდა ექსტრემალური სპორტისადმი ინტერესი, მგონი, ღრმა ბავშვობიდან მიტაცებს. როგორც კი თოვლი მოდიოდა, ბაკურიანში და მოგვიანებით გუდაურში მივდიოდი ხოლმე. სწორედ თხილამურებზე დგომით დაიწყო ჩემი ინტერესი სპორტისადმი. განსაკუთრებით სასიამოვნოა სვანეთში სრიალი, რადგან, ვფიქრობ, აქ ყველაზე ლამაზი ხედები და საინტერესო სასრიალო ადგილებია. მოგვიანებით უკვე სპორტის სხვა  სახეობებმაც გამიტაცა, მაგალითად, ბაიკინგმა. ხშირად ვმართავთ მოტო-ტურებს საქართველოს მიუვალ კუთხეებში, სადაც არაერთი ულამაზესი ადგილი ვიხილე, რომლებიც კონვენციური ტრანსპორტით ხშირად მიუწვდომელია. 

რა მოგწონთ ექსტრემალურ სპორტში ყველაზე მეტად?


ადრენალინი. ძალიან სასიამოვნო გრძნობაა, როცა მეგობრებთან ერთად შეგიძლია გაიზიარო სირთულის გადალახვის მომენტი. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში უფროსები ხშირად წუხდნენ ჩემი სპორტული ინტერესების გამო, ყოველთვის იყვნენ გარშემო ადამიანები, ვისაც იგივე ინტერესები ჰქონდათ. დაზიანებების და მოტეხილობების მიუხედავად, მალევე ვუბრუნდებოდი ჩემს საყვარელ საქმიანობას.


ექსტრემალური სპორტი, რომელიც დღემდე ყველაზე მეტად მოგწონთ და გაინტერესებთ…


მახსოვს, რომ ბავშვობიდან მინდოდა მფრინავობა და როგორც იქნა, ცოტა ხნის წინ პილოტის ლიცენზია ავიღე. ვცდილობ ყველანაირი საფრენი აპარატი მოვსინჯო - გლაიდერებით დაწყებული, შვეულმფრენით დამთავრებული. ძალიან კარგი და უცნაური გრძნობაა, როცა ცაში ხარ და ხომალდის მართვის დროს დედამიწას გადმოჰყურებ.

რომელი სახეობა უხდება ზაფხულს ყველაზე მეტად?


ბოლო პერიოდია ძალიან მიტაცებს ფრანით სერფინგი, რომლისთვისაც საქართველოში უფრო და უფრო მეტი შესაძლებლობა გამოჩნდა. ამ დროისთვის ყველაზე კარგი ადგილები ქაით სერფინგისთვის თბილისის ზღვაზეა, სადაც ზაფხულის ქარი დიდი სიმაღლეების ათვისების საშუალებას იძლევა. როცა დასავლეთის ქარი უბერავს, მას შეუძლია ადამიანი დაახლოებით 50 მეტრის სიმაღლეზე საათში 80 კილომეტრამდე სიჩქარით გადაახტუნოს. თუ აღმოსავლეთის ქარია, მეგობრებთან ერთად პარაპლანით საფრენად ახალი საინტერესო ადგილების და თავგადასავლების საძიებლად მივდივარ. ასევე ბოლო წლებში ხშირად ბაიკინგითაც ვარ გატაცებული და სპორტის სხვა მოყვარულებთან ერთად საქართველოს  საკმაოდ მიუვალ ადგილებში დავდივარ.

გვირჩიეთ სამი გამორჩეული ადგილი საქართველოში მათთვის, ვისაც სურს, რომ ზაფხულის ექსტრემალური სპორტის სახეობები სცადოს


ყველა სპორტს და ყველა ადგილს სეზონის მიხედვით თავისი ხიბლი აქვს. მაგალითად, ზამთარში სათხილამუროდ ჩემი საყვარელი ადგილი სვანეთია, კერძოდ კი ჭალაადის მყინვარი, რომელიც ზაფხულშიც ძალიან ლამაზია და მთასვლელებისთვის ან ჰაიქერებისთვის ყოველთვის საინტერესოა. ფრანით სერფინგისთვის ამ მომენტში ყველაზე კარგი ადგილებია თბილისის ზღვა და ფოთი. გლაიდერით ფრენისთვის კი ძალიან კარგი ადგილია კახეთი, დავით გარეჯის უდაბნო. 


ფოტო: გიორგი ნაკაშიძე