კომიქსები აშშ-ში მეოცე საუკუნის 30-იან წლებში გავრცელდა და მას შემდეგ პოპულარულ კულტურაზე დიდი გავლენა იქონია, მოგვიანებით კი, ადრეული 2000-იანებიდან მოყოლებული გლობალურ ფენომენად იქცა, მას შემდეგ, რაც Marvel-ის ფილმები კინოინდუსტრიის ყველაზე მოგებიანი პროექტები გახდა. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ კომიქსების გავლენა მოდის სამყაროზეც გავრცელდა.  მოდაზე ყველაზე დიდი გავლენა სავარაუდოდ კომიქსების "ბნელმა პერიოდმა" იქონია, მას შემდეგ რაც Watchmen და Dark Knight Returns გამოიცა. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდის კომიქსების ესთეტიკამ დიდწილად განაპირობა კომიქსების პერსონაჟებზე დაფუძნებული ტანსაცმლის დიზაინიც.

80-იანების კომიქსების, მათ შორის Batman Beyond-ის ფუტურისტულმა ესთეტიკის გავლენა ჩანს Prada-ს ტანსაცმლის დიზაინზეც. 2018 წლის კოლექცია დიდწილად მოდის სახლის და კომიქსების მხატვრების თანამშრომლობით შეიქმნა. 

მოდის სამყაროზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია Batman & Robin-ის კოსტიუმის დიზაინმა, რომელიც 1997 წელს გამოვიდა. გავლენა თვალსაჩინოა McQueen-ის 2002 წლის კოლექციის ჩვენებაზე, სადაც რობინის საფირმო ნიღაბს მაკიაჟის სახით ვხედავთ.

80-იანების “ბნელი პერიოდი” ძალიან პოპულარულია დღეს, განსაკუთრებით კი DC Comics-ისთვის. თანამედროვე ბეტმენი დიდწილად სწორედ 80-90-იანების ბეტმენის სინონიმურია, ბევრად პირქუში და “ბნელი”, ვიდრე ეს თავდაპირველ კომიქსებში გვხვდება. The Batman-ში ამას სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულ ბრუის უინზეც ვამჩნევთ.

Batman-ის სამყაროდან, არანაკლებ მნიშვნელოვანია Catwoman, რომელმაც მოდაზე DC Comics-ის პერსონაჟებიდან ყველაზე აშკარა გავლენა იქონია. ეს ნათლად ჩანს Garreth Pugh-ის და Balenciaga-ს 2007 წლის კოლექციებში.

ცალკე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა ტიმ ბარტონის catwoman-ს, ისევე როგორც მის სამოქალაქო ჩაცმულობას, რაც ნათლად აისახება Dior-ის 2001 წლის კოლექციაში.

აღსანიშნავია ჰარლი ქვინის პერსონაჟის თანამედროვე ვესტვუდისეული “პანკ” გარეგნობა, რომელიც მოდის სამყაროში ხშირად გვხვდება. ეს ნათლად ჩანს, თუნდაც Moschino-ს 2003 წლის ჩვენებაში, რომლის makeup-მა დიდწილად მარგო რობის ჰარლი ქვინი შთააგონა.

ხშირად ტანსაცმლის დიზაინში კომიქსებიდან აღებულ ელემენტებს დიდი ქვეტექსტის გარეშეც ვხვდებით. კომიქსის პრინტები, ამოღებული გვერდები თუ ლოგოები პოპულარულ ესთეტიკად იქცა, კომიქსები, როგორც პოპ-კულტურის განუყოფელი ნაწილი, კარგად გამოჩნდა Moschino-ს 2011 წლის კოლექციაში, სადაც ხშირად იყო გამოყენებული Marvel-ის და DC-ის იკონოგრაფია.

თანამედროვე დასავლური პოპულარული კულტურის წარმოდგენა კომიქსების გარეშე რთულია. გასაკვირი არ არის, რომ ამბის თხრობის ეს მარტივი ფორმატი გლობალურად დამკვიდრდა როგორც ევროპაში, ისე ამერიკასა და აღმოსავლეთში, კერძოდ, ჩინეთსა და იაპონიაში, მანგას სახით. სწორედ მანგის გავლენას ვხედავთ Tsumori Chisato-ს 2015 წლის კოლექციაში.

კულტურის კრიტიკოსები ხშირად აღნიშნავენ, რომ თანამედროვე კომიქსები, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც სუპერგმირების ისტორიას მოგვითხრობენ, თანამედროვეობაში მითოლოგიის როლს ითავსებს. მითოლოგიური სიმბოლიკა კი, ანტიკურობის მსგავსად, მოდაში მუდამ პოპულარულია. 

ფოტო: Rex Features, Marcio Madeira, Getty Images