8 აგვისტოს ჯეიმი რიდის გარდაცვალებამ ხელოვნების სამყაროს მისი კულტად ქცეული ნამუშევრების მნიშვნელობა და განვლილი გზა მეამბოხეობიდან არტისტობამდე კიდევ ერთხელ შეახსენა. არტისტი, ანარქისტი, აქტივისტი, პანკი, მეამბოხე, ჰიპი, რომანტიკოსი, სოციალისტი - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ყველაფრის, რაც რიდს პიროვნებად აქცევდა და შემოქმედების სრულყოფაში ეხმარებოდა.
თუმცა, მისი როგორც არტისტის პოპულარობა 70-იანი წლების ბოლოს Sex Pistol-ის დე ფაქტო სამხატვრო დირექტორობამ განაპირობა. სწორედ მან შექმნა საკულტო ალბომის: Never Mind the Bollocks, Here’s the Sex Pistols და სინგლების God Save the Queen, Pretty Vacant, and Holidays in the Sun გარეკანის არტ-ნიმუშები. ინგლისური პანკ-როკჯგუფის პოპულარობამ და კულტურულმა გავლენამ მუსიკასა თუ მთლიან საზოგადოებაზე არტისტის ცნობადობასაც შეუწყო ხელი.
სოციალისტების ოჯახში დაბადებული ჯეიმი რიდი ბავშვობის პატარა ასაკიდან მშობლებთან ერთად ბირთვული იარაღის, აპართეიდისა და რასიზმის საწინააღმდეგო მსვლელობებზე გამოდიოდა. აქტივიზმისადმი გატაცებამ კი მოგვიანებით ხელოვნებაშიც მძლავრად იჩინა თავი, სწორედ მას შემდეგ, რაც 1976 წელს ხელოვნების სკოლის ძველი თანამშრომლისაგან, მალკოლმ მაკლარენისაგან, წერილი მიიღო, სადაც წერდა, რომ ახლად შექმნილი როკჯგუფისათვის გრაფიკა შეექმნა. ამ ახალ ჯგუფს, რომელსაც Sex Pistols ერქვა, თავად მაკლარენი ხელმძღვანელობდა. მიუხედავად იმისა, რომ ბენდმა მხოლოდ 2 წლის განმავლობაში იარსება, მუსიკისა და ხელოვნების ისტორიაში წარუშლელი კვალის დატოვება მაინც მოასწრო. და სწორედ მაშინ, როცა რიდისა და Sex Pistols-ის შემოქმედება საზოგადოებაში ფეხის მოკიდებას ცდილობდა, 1977 წლის ივნისში ბრიტანეთი ინგლისის დედოფლის, ელიზაბეტ II-ის ვერცხლის იუბილეს აღნიშნავდა და დღესასწაულის “პატივსაცემად” ჯგუფმა 27 მაისს სინგლი God Save the Queen გამოუშვა. სიმღერის პროვოკაციულ ტექსტთან ერთად არანაკლებ ანარქისტული მისი გრაფიკა გამოდგა. ჯეიმი რიდმა სესილ ბიტონის მიერ გადაღებულ დედოფლის საიუბილეო პორტრეტის მითვისებასთან ერთად მონარქის თვალები და პირი ჯგუფისა და სიმღერის სახელებით ჩაანაცვლა, რამაც რადიოსადგურებისა და გამომცემლების დიდი პროტესტი გამოიწვია. თუმცა, აკრძალვების მიუხედავად სინგლმა ინგლისის ჩარტებში 7 ივნისისათვის მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო რიდმა პორტრეტის განსხვავებული გაშარჟებული ვარიაციები შექმნა, მათ შორის - სვასტიკითა და დამცავი ქინძისთავებით გაფორმებული. დიზაინმა ინგლისის მოსახლეობაშიც დიდი აღშფოთება და განაწყენება გამოიწვია, რის გამოც ჯეიმი რიდს ქუჩაში პორტრეტით გამოსახული მაისურის ტარების გამო თავდამსხმელებმა ფეხი მოტეხეს. პორტრეტით დაწყებული პროტესტის სერია ჯეიმი რიდის ცხოვრებაში აქ ნამდვილად არ სრულდება და 1976 წლის 28 ოქტომბერს ბენდის ალბომის, Never Mind the Bollocks, Here’s the Sex Pistols-ის გამოშვებით გრძელდება. დღეს კულტად ქცეული ალბომის გარეკანი ყვითელ ფონზე შავი ფერის ასოებით მხოლოდ მის სახელწოდებას მოიცავდა, მაგრამ Virgin Records-ის მაღაზიის მფლობელი უხამსობაში დაადანაშაულეს და სასამართლოში ბრალი წაუყენეს. დანაშაულის მთავარი მიზეზი ალბომის დასახელებაში არსებული სიტყვა Bollocks აღმოჩნდა, რაც ინგლისურ ენაში უხამსი ჟარგონის მნიშვნელობას ატარებდა. თუმცა, სასამართლომ Sex Pistols ბრალეულობა მოუხსნა და ჯეიმი რიდის ნამუშევარიც მხოლოდ ბრიტანული პანკის ნიმუშად განისაზღვრა. წლების გასვლასთან ერთად არტისტის ნამუშევრები საზოგადოებამ არა მხოლოდ ამბოხითა და ანარქიით აღსავსე ნამუშევრებად, არამედ ხელოვნების ნიმუშებად აღიქვა. სწორედ ამის გამო 2001 წელს ჟურნალმა Q-მ God Save the Queen-ის გარეკანი ყველა დროის საუკეთესო გარეკანად დაასახელა, ხოლო 1981 წელს მისი არქივი V&A მუზეუმმა შეიძინა. Სწორედ ამიტომ, ჯეიმი რიდი ვერ იტანდა იარლიყებს, რადგან საქციელმა თავად უნდა ისაუბროს. მისმა ქცევამ კი იგი პანკის საკულტო ხელოვანად აქცია.
დაწერე კომენტარი