ზაფხულის ასოციაციასთან ერთად თავისთავად გვახსენდება საცურაო აუზი, საუკეთესო საშუალება სიცხისგან თავის დასაღწევად. ეს ობიექტი განსაკუთრებულად საინტერესო აღმოჩნდა არტისტებისთვისაც, მათ შორის დევიდ ჰოკნისთვის, კატერინ ბერნჰარდტისა და ჯეიმს ტურელისთვის. რვა არტისტმა მსოფლიოს ირგვლივ საცურაო აუზების არაორდინალური დიზაინი შექმნა.
ჯეიმს ტურელი, საცურაო აუზი “ბეიკერი”, 2002-2008
მისი 50-წლიანი კარიერის განმავლობაში ტურელმა სახელი გაითქვა ინსტალაციებში სივრცისა და განათების ოსტატური გამოყენებით. სწორედ მისი დიზაინით შექმნილი Baker Pool-ის გახსნაზე, 2008 წელს, ღონისძიების ერთ-ერთი სტუმარი კიბეზე ჩასვლისას უნებურად პირდაპირ წყალში გადაეშვა. ტურელმა თავად ამოიყვანა ის წყლიდან. საცურაო აუზი გარშემორტყმულია led-განათებით. ტურელის ეს ნამუშევარი ამერიკაში პირველია, რომელიც გრინვიჩის სარდაფში, კონექტიკუტის შტატში გაკეთდა. მანამდე იყო საცურაო აუზი ფრანგული კულტურის ცენტრისთვის, სადაც მოცურავეებს უნდა ჩაეყვინთათ წყალქვეშ, რომ ეხილათ არტისტის მორიგი ინსტალაცია.
დევიდ ჰოკნი, სასტუმრო “რუზველტი”, 1988
დევიდ ჰოკნი ცნობილია ჰაეროვანი, ნათელი ნახატების სერიით – ლოს-ანჯელესის საცურაო აუზები. ხანდახან მხატვარი ტილოს რეალური საგნებითაც ანაცვლებს. ამის ყველაზე კარგი მაგალითია ჰოლივუდში სასტუმრო “რუზველტის” საცურაო აუზი, რომლის ფსკერიც არტისტმა 1988 წლის ერთ დილას ნახევარმთვარის მსგავსი ნიშნებით მოხატა. მოგვიანებით, ამავე წელს, ადგილობრივმა მოხელეებმა სახელმწიფო უსაფრთხოების კანონის საფუძველზე, რომელიც კრძალავდა აუზებში ყოველგვარ დეკორაციებს, მოითხოვეს წყალქვეშ შესრულებული მხატვრობის გადაღებვა. დილერმა მათ აცნობა, რომ ნამუშევრის სავარაუდო ღირებულება მილიონ დოლარს შეადგენდა. მოხელეებმა მომენტალურად შეიცვალეს აზრი და დაწერეს კანონპროექტი, პრივილეგია მინიჭებოდა ჰოკნის აუზს. ნამუშევარი დღემდე ხელუხლებელია.
მაიკ ბუშე, Flat Desert Diet Cola Pool, 2010
მაიკ ბუშეს ნამუშევრის – Flat Desert Diet Cola Pool-ის მთავარი ხიბლი აუზის შიგთავსია. 2010 წელს არტისტმა კალიფორნიის საცურაო აუზი გაავსო “კოლა ლაითით” – სახლში დამზადებული, უშაქრო, გაზიანი სასმლით და არტ-სამყაროს წარმომადგენლები სიროფივით ტკბილ ნივთიერებაში საბანაოდ მიიწვია. მოგვიანებით ბუშემ თავისი ექსპერიმენტი ჩელსის სასტუმრო “ამერიკანოს” სახურავზე გაიმეორა. მან დაიქირავა ორი ქალი-კულტურისტი წყალში დამთვალიერებელთა ყურადღების მისაპყრობად. ორივე ინსტალაციის მთავარი მასალა გაზიანი სასმელი იყო. მის სხვა ნამუშევრებში გამოყენებულია წყლის ყავისფერი ტილოები მოხატული გაზიანი წყლის ეფექტით. თავად არტისტი ამ მეთოდს “კოლაქრომს” (colachrome) უწოდებს.
ხორხე მაკი, პისინა, 2009
90-იანი წლების შუაში არგენტინელმა მხატვარმა ხორხე მაკიმ შექმნა აკვარელის სერია, სადაც რამდენიმე შეუსაბამო ობიექტი ერთ გამოსახულებაში გააერთიანა. ერთ-ერთი ასეთი ნამუშევარია – ცხვარი, რომლის ფეხებიც წარმოდგენილია დამწვარი ასანთის ღერებით. ასევე, ანბანური უბის წიგნაკი გარდაქმნილი გრძელ სკამად, სადაც ადამიანის ფიგურა ზის. ეს ნაშრომი მაკისთვის ერთგვარი შთაგონების წყარო აღმოჩნდა და ამ ინსპირაციით შეიქმნა პისინას პროექტი, რომლის რეალიზებაც ბრაზილიის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის, “ინჰოტიმის” ძალისხმევით მოხდა. საცურაო აუზი გრანდიოზული ქაღალდის ფორმისაა, ზედაპირის ნახევარი თეთრი ცემენტითაა დაფარული და შავი გრანიტის ხაზები დაჰყვება. აუზის მთავარი იდეა ალფაბეტური საფეხურებია, რომელიც კამკამა ცისფერ წყალში ეშვება.
სამარა სკოტი, Developer, 2016
ბრიტანელი ახალგაზრდა არტისტის ნამუშევრების დიდი ნაწილი წყლის ელემენტებითაა გაჯერებული, თუმცა წინდაუხედავი ნაბიჯი იქნება, თუკი ვინმე სამარა სკოტის დეკორატიულ აუზებში საცურაოდ ჩასვლას დააპირებს. 2015 წელს ხელოვნების ბაზრობა “ფრიზისთვის” სამარა სკოტმა შთამბეჭდავი ინსტალაცია წარმოადგინა – იატაკზე ამოჭრა ხვრელი და ამოავსო სხვადასხვა ინგრედიენტებით: წყალი, სუფრის ზეთი, ცვილი, ქსოვილის დამარბილებელი სითხე და საკვები. 2016 წელს სკოტმა ლონდონის “ბათერსის” პარკში “სიამოვნების ბაღების” ორი ფანტანი სრულებით შეცვალა – ფერადი საღებავებით და გრძელი ქსოვილის ნაჭრებით ზედაპირის ქვეშ ტალღისებური ეფექტი შექმნა და პარკის ინდუსტრიულ წარსულთან გააერთიანა.
კატერინა ბერნჰარდტი, სასტუმრო “ნაუტილიუსი”, 2015
2015 წელს არტ-შოუს – Art Basel-ის ფარგლებში, მაიამი ბიჩზე სასტუმრო “ნაუტილიუსის” ვიზიტორებს შესაძლებლობა მიეცათ კატერინა ბერნჰარდტის დიზაინით შექმნილ საცურაო აუზში ეცურავათ. არტისტმა მრავალფეროვანი თემატიკის აუზი შექმნა – ზვიგენები, წინდები, ბანანები. პროექტის ინიციატორმა “არტი ნაუტილიუსისთვის” ასევე წარმოადგინა ბერნჰარტის დიზაინით შექმნილი პირსახოცები ტუკანისა და “ფრენჩ ფრაისის” პრინტით. ორივე ნამუშევარი ნიუ-იორკში მოღვაწე არტისტის იკონოგრაფიის მნიშვნელოვანი ნიმუშია: ტროპიკული წარმოდგენების მიქსი და ქალაქის მკვიდრთა ძირითადი იდეა – შესრულებული ნათელ ფერებში.
ბერტოლ ლუბეტკინი, საცურაო აუზი “პინგვინი”, 1934
ეს აუზი, პირდაპირი მნიშვნელობით, ფრინველებისთვის შეიქმნა. ლონდონის ზოოპარკში პინგვინების აუზის დიზაინზე 30-იან წლებში ჯორჯიის შტატში დაბადებულმა, პარიზში ნასწავლმა რუსმა არქიტექტორმა ლუბეტკინმა იმუშავა. ნამუშევარი მნიშვნელოვანი ნიმუში იყო ომამდელი მოდერნისტული არქიტექტურის. პროექტმა ლუბეტკინს საერთაშორისო აღიარება მოუტანა და ამ მოძრაობის ფუძემდებლის რეპუტაციაც მოიპოვა. აუზისთვის დამახასიათებელი ურთიერთდაკავშირებული ბილიკები სპეციალურად პინგვინების ბაჯბაჯისთვის გაკეთდა. წლების შემდეგ გაირკვა, რომ დახრილი საცალფეხო გზა ფრინველებს სახსრების პრობლემებს უქმნიდა. ამიტომ, პინგვინებს საცხოვრებელი ადგილი შეუცვალეს. ლუბეტკინის აუზი კი ხელუხლებლად დატოვეს. ის ახლა კლასიფიცირებულია, როგორც წყლის სანიმუშო ნაშრომი.
ედ რუშა, “სტუდიო-ქალაქი”
1991 წლის ფოტოკადრი ჟურნალ PUSH!-ის პირველი (და ერთადერთი) გამოცემისთვის. საცურაო აუზის დიზაინი ლოს-ანჯელესში მოღვაწე არტისტს, ედ რუშას ეკუთვნის. თეთრი ფილებით მოპირკეთებული ფსკერის იდეაა, შეიქმნას წყალქვეშა სარეგისტრაციო ფორმა მოცურავეთათვის, ანუ, ბლანკი სახელისთვის, მისამართისა და საკონტაქტო ნომრისთვის. პროექტის ავტორმა ეს ნამუშევარი თავისი ძმის სტუდიო-ქალაქის სახლისთვის შექმნა. როგორც თავად ყვება, თავდაპირველად მას სურდა, მოცურავეებისთვის ამოცანის გართულება და სიტყვების დამახინჯება. თუმცა შემდეგ გადაიფიქრა, მისი თქმით, “ეს იქნებოდა ძალიან ძვირად ღირებული ექსპერიმენტი”.
დაწერე კომენტარი